Thursday, 9 March 2017

დაბერდი ადამიანურად..



ავტობუსების გაჩერებაზე, საშინელი მოხუცი ქალი ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს არ ეშვებოდა "გზის მეორე მხარეს გადამიყვანე ბებოო, არც მიწისქვეშა გადასასვლელი არ შემიძლიაო და არც მიტუმეტეს ხიდზე ასვლაო". 

იქ ავტომობილების მოძრაობის დროს გადასვლაზე ჯარიმაა, მაგრამ ბებია, ფიცხი მოხუცებისთვის დამახასიათებელი სიჯიუტით ავალდებულებდა ბიჭს: "დამეხმარე კაცო, რანაირი ახალგაზრდა ხარ!". 

ბიჭი აქეთ-იქეთ იყურებოდა და დაკომპლექსებული ხმით: არ შეიძლება ბებო, ვერ გადაგიყვანო - უარს ეუბნებოდა. 


ჩემი დაკომპლექსებული სტუდენტობა გამახსენდა და რაღაცნაირად შემეცოდა ის ბიჭი :)) 

ინტელიგენტურად გამოწყობილი ვინ იცის სად მიდიოდა და თან როგორ არ უნდოდა ძონძებიანი ბებოს ჩახუტება. თანაც მართლა არ შეიძლებოდა იმ გზაზე გადასვლა.
ბიჭს ეგონა, რომ განკიცხვით ვუყურებდი და ჩუმად გაეცალა იქაურობას.

ის ბიჭი რო წავიდა, მე გადამეკიდა საშინელი ბებო, მაგრამ, მე არც მორცხვი მოზარდი ვარ და არც ძალიან კეთილი ადამიანი და ფეხებზე მეკიდა ვინ რას იფიქრებდა. არანაირი სურვილი არ მქონდა, აგრესიული ბებერისთვის ხელი მომეკიდა და ორმხრივი მოძრაობის ტრასაზე გავსულვიყავი. 

მგონი იმ ქალს არც ექიმთან და არც ვინმე გარდაცვლილი ნათესავის დაკრძალვაზე არ ეჩქარებოდა. რა ვიცი ვინ იყო აბა? ერთადერთი აზრი მაწუხებდა: ისეთი რა უნდა დაუშავო ღმერთს, რომ 80 წლის ასაკში ქუჩაში მოხეტიალე საცოდაობა იყო?


მეორე ასეთი მოხუცი ქალი სამარშრუტო ტაქსში ვნახე. ბუზღუნებდა და სპეციალურად აღიზიანებდა გარშემომყოფებს, თითქოს თავისი მწარე ხვედრის ჯავრს მათზე იყრიდა.

კიდევ ერთი აგრესიული ბებია აფთიაქში იყო, სადაც ხალხი ვითომ მოთმინებით და „პატივისცემით“, მის უკან, რიგში ზუსტად 25 წუთი იდგა. ბებია კი, აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტს, ყველა მედიკამენტის ფასს და ინსტრუქციებს ეკითხებოდა და ფეხებზე ეკიდა ყველა.

ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცი“ მახსენდებოდა და ვფიქრობდი: "ღმერთო, თუ დავბერდები ქუჩაში არ გამიშვა რა"! სახლში დავჯდები, რაღაცეებს შევკერავ-მოვქსოვ, პეჩენიებს გამოვაცხობ, შვილიშვილებს ზღაპრებს წავუკითხავ. ოღონდ ქუჩაში არ ვიხეტიალო.

კარგი მშობელი უნდა იყო და არ უნდა გაზარდო ისეთი ურჩხულები, რომლებიც ქუჩაში გამათხოვრებენ ან ქუჩაში უაზროდ ხეტიალის და გარშემოყოფების ნერვების მოშლის ნებას მოგცემენ. 
ვინც გინდა იყავი, მაგრამ მომავალზე იფიქრე და საკუთარი თავი ადამიანური სიბერით უზრუნველყავი. 

სანამ მე ცოცხალი ვარ, ჩემი მოხუცებული მშობელი ვერასოდეს ვერ იხეტიალებს ქუჩებში. არც მე გავზრდი ისეთ ურჩხულებს, რომ სიბერეში გარეთ მახეტიალონ.