Saturday, 12 November 2016

პირველი ღალატის ნერვიულობა და ფორიაქი



რატომ მოსწონთ ქალებს ანნა კარენინას ან მადამ ბოვარის ტიპაჟები? 
ანუ ის ფილმები და რომანები, სადაც მთავარი ქალი-გმირი ისეთი პატიოსანი და ღირსეულია, რომ უკვე დიდი ხნის მობეზრებულ ქმარსაც კი, უდიდესი სულიერი წამების შემდეგ ღალატობს? 

ბევრ ქალს, ქმართან გაშორებას სიკვდილი ურჩევნია. იმიტომ კი არა, რომ უაღრესად პატიოსანია ან ქმარზე გიჟდება, უბრალოდ ი
მდენად მიეჩვია ოჯახურ ცხოვრებას, რომ წარმოდგენა არ აქვს განქორწინების შემდეგ როგორ იცხოვროს ან რა უნდა აკეთოს. 

ასეთი იძულებით "ერთგული" ქალი ადიულტერზე წასვლამდე ძალიან დიდხანს ფიქრობს, შესაძლო შედეგებს აანალიზებს და შემდეგ ღალატზე ისეთი ნაწვალები ნერვებით მიდის, რომ "აკრძალული სიყვარულისგან" სიამოვნების მიღების ნაცვლად, ჯოჯოხეთის ქვაბში იხარშება. ონორე ბალზაკის „მამა გორიოსავით“, ჯერ გმირულად ეწინააღმდეგება ბუნებას, მაგრამ ბოლოს მაინც მარცხდება „ძლიერ გრძნობასთან“ - უფრო სწორად ინსტინქტთან. 

ყურში სულ დედის, ბებიის, მამის ან კიდევ ვიღაცის ხმები ჩაესმის, რომ მრუშობა უდიდესი ცოდვაა. რომ ცხოვრების ბოლომდე უნდა იყოს ერთგული იმ სიყვარულის, რომელიც მე-10 კლასში დაიწყო, მაგრამ ახლა უკვე თმა-გაცვენილ, ღიპიან მუთაქად იქცა და მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერთან თამაშობს, გაზებს უშვებს და გულის რევის გარდა ვერცერთ ემოციას ვეღარ იწვევს.

"ღირსება-წესიერების" დოგმებზე აღზრდილი ქალი საკუთარ თავში "სულიერი სიწმინდის" გაცოცხლებას ცდილობს და ასე მსჯელობს: მერე რა რომ ჩემი პირველი სიყვარული და შვილების მამა დღეს კასტრირებულ ბეჰემოტს ჰგავს, სხეულის ფორმას რა მნიშვნელობა აქვს კაცო, სამაგიეროდ, კარგი ადამიანია  და ა.შ.  

მე ხომ ადამიანი ვარ, ადამიანური გრძნობებია მთავარი და არა ფიზიკური ლტოლვა! ცხოველი არ ვარ, შვილები მყავს, მამა მყავს.. მე წესიერი ქალი ვარ... არ შეიძლება.., ეს ცუდია.. - ფიქრობს. 

ასეთი სულიერი ჭიდილის დროს ის ხან „მადამ ბოვარია“, ხან ანა კარენინაა, ბოლოს კი, ადამიანური ბუნება მაინც თავისას შვრება, იმიტომ, რომ შეუძლებელია მთელი ცხოვრება ქმრის ან ცოლის დეფორმირებული სხეული გინდოდეს. 

მერე ზუსტად ის ქათმუშკა, რომელიც სამი წლის წინ პირქაფიანად გიმტკიცებდა, რომ "მოღალატე ცოლებს უკანალში ცხელი თმის ფენი უნდა გაურჭოო", (მე ვიცნობ ასეთ შტერს) დღეს თავადაც ღალატობს ქმარს სხვის ქმართან და ადიულტერის პირველ პაემანზე მისული, შეშინებული თვალებით „დანაშაულის“ ტერიტორიას ათვალიერებს, ემანდ ვინმემ არ შემამჩნიოსო.

იქნებ შენი ქმარი სკოლაში ყველა გოგოს მოსწონდა, მაგრამ მან შენ აგირჩია. მანიაკი და ლოთი არაა. შენთან თანაცხოვრებისას გამელოტდა, გასუქდა ან სხვანაირი დეფორმაცია მიიღო. დღეს ის აღარ გიყვარს და აღარ გინდა, აღარ მოგწონს. მარტო შენ კი არა, სხვა ქალებსაც არ მოეწონება ასეთი და ეს აბსოლუტურად ნორმალურია: იმიტომ, რომ გიყვარს და გინდა ის, რაც კარგია და რაც ყველას მოსწონს.

თუ მოღალატე კაცი თავის საქციელს პოლიგამიას და "მამაკაცის ფიზიოლოგიას" აბრალებს, ქალს ამით თავის გამართლების ფუფუნებაც არ აქვს. არადა, ბარემ ქალიც პოლიგამიურია. მთელი ცხოვრება გვერდზე მხვრინავი ხინკლის მცეცხლავი კომბაინი როგორ აიტანოს? თვალები დახუჭოს და მარიო ჩიმარო წარმოიდგინოს? :))) თუმცა, დეფორმირებულ სხეულებს გარკვეული პერიოდის მერე სექსიც აღარ აქვთ და ნათესავებივით ცხოვრობენ.. ბავშვების ხათრით.

სიყვარული? 

სიყვარული არის იქ, სადაც სილამაზეა და არა საცოდავობა. სიყვარული მთავრდება იქ, სადაც სილამაზე იკარგება და ლტოლვაც ქრება. სხვა დანარჩენი კი, - ნათესავური თანაცხოვრება და ფსიქო-ფიზიკური სადო-მაზოხიზმია!

ისე კი, ჯოჯოხეთური განცდები ქალს მხოლოდ პირველი ღალატის დროს აქვს. შემდეგი ეტაპები უფრო ადვილია და სანამ შაურმის შრედერი სახლში კომპიუტერთან თამაშობს და გაზებს უშვებს, მისი ცოლი შედარებით უფრო მშვიდი სინდისით უღრმავდება ადიულტერის პროცესს.

სელავი, დიარ, სელავი!..