Wednesday, 1 March 2017

მზე კი ისევ ამოდის - ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ..


პირველი რამაც ყველაზე მეტად გამაღიზიანა ჩემი ტრაგედიის მეორე დღეს, მზის ამოსვლა იყო. ისეთი უსუსური და ეგოისტი ხდები ადამიანი, რომ მზეც გაღიზიანებს. მზე მეზიზღებოდა და ვლანძღავდი. "უნამუსო" მზე, მაინც ამოვიდა მაშინ როდესაც მე თავზე დამენგრა ცხოვრება. მზის სითბოც, გაზაფხულის სურნელიც - ყველაფერი თითქოს ჩემს ჯინაზე, ყველაზე მძაფრად ზუსტად იმ წელს იგრძნობოდა და ნერვებს მიშლიდა. შენი 
ტრაგედიის შემდეგ ყველაფერი თავის ჩვეულ რიტმში გრძელდება და შენ მარტო რჩები შენს უბედურებასთან. ალბათ წარმოუდგენელია ამ მომენტში ბოღმა არ გახრჩობდეს, ბოღმა და ბრაზი იმაზე, რომ ეს დედააფეთქებული ცხოვრება გრძელდება და მას ფეხებზე ჰკიდია შენი ჩამსკდარი გული.

ტრაგედიის მასშტაბს და ადამიანის ემოციურ პსიქოტიპს გააჩნია. ზოგი 85 წლის დედის გარდაცვალებას აზვიადებს და საშინლად განიცდის, ზოგი კი 25 წლის ძმის გარდაცვალებას უფრო მალე და უფრო ადვილად ეგუება. შვილმკვდარი დედებიც მინახავს, რომლებიც, ერთი შეხედვით თითქოს „ვითომც არაფერი“ ისე აგრძელებდენ ცხოვრებას, თუმცა, რას გაიგებ ვისი გული რა ნაღველს იტევს, ამიტომ სხვისი განკიცხვა ყველაზე დიდი უნამუსობაა.

ერთი რამე კი, ზუსტად ვიცი - ის საკრალური „სამი წელი“ სიმართლეა. ანუ, როცა ფიქრობ, ღმერთო როდის გამიშვებს ყელში ჩარჩენილი ტკივილი და უცნაური დაძაბულობა მთელ სხეულში უნდა იცოდე, რომ ახლობლის დაკარგვიდან ზუსტად მესამე წელს რაღაცნაირად ცოტა მოდიხარ აზრზე. არ ვიცი ეს „სამი წელი“ როგორ მოქმედებს შვილმკვდარი დედების შემთხვევაში, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში, შველის. ყრუ ტკივილი რჩება, მაგრამ ყოველ წამს აღარ გაწუხებს და ყოველ ღამე არ ტირი.

ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ყველას თავის ახლობელზე ჰგონია, ვაიმე ამას რამე რომ მოუვიდეს იმ წამსვე მოვკვდებიიცით რა? შეუძლებელია საკუთარი რეაქციის წინასწარ განსაზღვრა. როდესაც ოდესღაც ცოცხალი საყვარელი ადამიანის მკვდარ, ცივ სხეულს უყურებ და თან ფიქრობ, რომ შენ უნამუსოდ, უსინდისოდ ცოცხალი ხარ, უკვე იმ მომენტშივე ხვდები, გააგრძელებ ცხოვრებას თუ არა, და სხვათაშორის ასეთ მომენტებში ადამიანს რაღაც უცნაური იმუნინეტიც უჩნდება, რომელიც მის გადარჩენას ცდილობს, რაღაც შინაგანი ხმა გიკრძალავს სიკვდილს. ხო, საკუთარი თავი გძულს იმის გამო, რომ ცოცხალი ხარ, რომ ცხოვრობ, მაგრამ, თუ არც ინფარქტმა დაგარტყა და არც ინსულტმა და ცოცხალი ხარ და ცხოვრობ, ესეგი ასეა საჭირო! ესეგი ჯერ არაა შენი ამ ქვეყნიდან წასვლის დრო. ესეგი ცხოვრებას სჭირდები და ჯერ არაა შენი მისია დასრულებული.

არასოდეს არ თქვა, ვაიმე ამას რამე რომ მოუვიდეს მოვკვდები. არ მოკვდები! ათასში მხოლოდ ერთი ალბათობაა, რომ მოკვდე. 

და კიდევ, არავისი განკიცხვა არ გაბედო. შენ არ იცი, როდის რა მოგივა, რას იგრძნობ და როგორ იგლოვებ მაგ დროს.