Thursday 4 June 2015

საიდან ჩნდებიან ცუდი ადამიანები?


საბავშვო ბაღის ზეიმზე პატარა ანგელოზების სახეებს ყურადღებით ვაკვირდები და ვფიქრობ, საიდან ჩნდებიან ცუდი ადამიანები? ეს პატარა ანგელოზები როგორ უნდა გაიზარდონ ცუდ პიროვნებებად? ვცდილობ "გამოვთვალო" მათგან რომელი გახდება ცუდი ადამიანი, ან რომელი გოგო გახდება მომავალში უთავმოყვარე და ბოროტი ქალი, მაგრამ ამის "პროგნოზირება" შეუძლებელია.

განა შესაძლებელია პატარა ანგელოზების საყვარელ სახეებში მომავალი პარაზიტების ამოცნობა?  დღეს მათ ისეთი სუფთა, საყვარელი თვალები აქვთ, წარმოუდგენელია გაიგო რა ნაირად, როგორ ამახინჯებს ცხოვრება ადამიანების ფსიქიკას.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვები თეთრი ქაღალდივით სუფთა იბადებიან და შემდგომში მათ ხასიათს ოჯახი და გარემო "ძერწავს". 

ოდესღაც ხომ ცუდი ადამიანებიც დადიოდნენ ბაღში და ზეიმებზე მღეროდნენ  და ცეკვავდნენ და მერე? მერე რა მოხდა? ვინ არის ადამიანების გაბოროტებაში დამნაშავე? 
ალბათ, ოჯახის და გარემოს პასუხისმგებლობის ვერსია უფრო მისაღებია, რადგან არ მინდა იმის დაჯერება, რომ ადამიანი თანდაყოლილი სულიერი სიმახინჯით იბადება. ჯობია გვჯეროდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია პატარა ადამიანი კარგ ადამიანად აღვზარდოთ.. 

მჯერა, რომ თავდაპირველად  ბავშვი ქაღალდის ფურცელივით სუფთა იბადება, მის გარშემო მყოფი ადამიანები კი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ თეთრ ქაღალდზე მომავალი ადამიანის ხასიათს „წერენ“. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, მშობლებს ავიწყდებათ, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული თუ როგორი გაიზრდება მათი შვილი. არ მჯერა, რომ კარგი მშობლები ცუდ ბავშვებს ზრდიან. მთავარია, დასაწყისშივე შეცდონები არ დაუშვა და სწორი მაგალითები მისცე ბავშვს.