დეილ კარნეგის წიგნები ჭკვიანებმა 17 წლის ასაკში წაიკითხეს, დანარჩენებმა კი, მისი კითხვა, ნიცშეს "ვოლუნტარიზმთან" ერთად 40-45 წლის ასაკში დაიწყეს..
ვისაც თავის დროზე წაკითხული გვაქვს, ალბათ გვახსოვს მისი სიტყვები: "ნუ ელოდებით ადამიანებისგან უფრო მეტ მადლიერებას, ვიდრე ქრისტემ მიიღო მათგან."
ბევრმა ეს სიტყვები ვერ გაიაზრა და თავისი გაკეთებული მილიგრამიანი სიკეთის სანაცვლოდ უსასრულო მადლიერებას ელოდება. ალბათ ადამიანური მომენტია: "სიკეთე ხომ მხოლოდ მადლობებისთვის კეთდება". განა ბევრი ადამიანი იღებს უანგარო მადლის ქმნისგან ნამდვილ სიამოვნებას?
ხშირად თქვენს მეგობრებსაც კი, მხოლოდ იმიტომ ეხმარებით, რომ მთელი დანარჩენი ცხოვრება თქვენი მადლიერები და მოვალეები იყვნენ. აბა გაბედოს მეგობარმა ან ახლობელმა და დაივიწყოს შენი გაკეთებული სიკეთე, სანამ ცოცხალი ხარ მის უმადურობაზე ყველა ქორწილში და ქელეხზე ილაპარაკებ.
ის კი არა, ქუჩაში მათხოვარსაც იმიტომ უგდებ 20 თეთრს, რომ ეს "სიკეთე" "ღმერთმა დაგიფასოს" და "უკან დაგიბრუნოს". ანუ, ღმერთი რომ არ არსებობდეს ის 20 თეთრიც დაგენანება მათხოვრისთვის. მოკლედ, არ ხარ გულწრფელი და შენც იცი ეს. ანგარებიანი და ეგოისტი არსებაა ადამიანი. სიკეთეს მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ თავის "ბენეფიციარს" მთელი ცხოვრება დააყვედროს და დაავალდებულოს: "აგერ, მე ეს გაგიკეთე, ის გაგიკეთე, შენ კი უმადური ხარ".
არადა, უმადურობაც ისეთივე "ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია", როგორიც, ვთქვათ, მლიქვნელობა, ქვემძრომობა, ორპირობა, აფერისტობა და ასე შემდეგ და წესით ეს არ უნდა გვიკვირდეს და არც უნდა გვწყინდეს.
სიკეთე ადამიანებით მანიპულირების საშუალება არ უნდა იყოს. ანუ, ვინმესგან მადლიერებას თუ ელოდები, ესეგი შენი გაკეთებული სიკეთე, სიკეთე კი არა, "ბარტერული ბიზნესია". ასეთ სიკეთეს არც ღმერთი, არც ადამიანი არ დაგიფასებს.
ადამიანები მადლიერების გრძნობას ძალიან მალე იკიდებენ ფეხზე და არავინ არავისი მადლიერი არ რჩება სიცოცხლის ბოლომდე.
ზედმეტად კეთილსინდისიერი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც სიკეთით მანიპულატორების მსხვერპლნი ხდებიან. არა, მე კი არ ვამბობ უმადური იყავითქო, უბრალოდ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთე ჩვეულებრივი ქმედებაა, რომელსაც ყველა ადამიანი უნდა აკეთებდეს. ოღონდ, თუ ამას ანგარებით ან ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით აკეთებ, ამას უკვე აღარ ჰქვია სიკეთე.
მაგალითად, ტოკსიკური და ეგოისტი მშობლები მთელი ცხოვრება თავიანთი შვილებით სწორედ მადლიერების გრძნობით მანიპულირებენ: "მე გაგაჩინე, გაგზარდე, ამდენი ამაგი მაქვს ჩადებული შენში, შენ კი, უმადური შვილი ხარ, იმიტომ, რომ ისეთი არ ხარ როგორიც მე მინდა, ისე არ ცხოვრობ, როგორც მე მაწყობს" და ასე შემდეგ.
საწყალი ბავშვი იტანჯება, მას თავისი ცხოვრებით უნდა რომ იცხოვროს, ბედნიერი იყოს, მაგრამ მშობლებიც ეცოდება, გული სწყდება, "იმედები გავუცრუვეო მშობლებსო" - ნერვიულობს.
მერე, უკვე 60 წლის ასაკში ხვდება, რომ არავის წინაშე ვალდებული არ იყო და დედამ იმიტომ გააჩინა, რომ ჯერ გათხოვება უნდოდა, მერე კი, დედამთილი ახრჩობდა შვილიშვილს როდის მაღირსებო.
სულაც არ ხარ ვალდებული, რომ ტოქსიკური და ეგოსტი დედიკოს ან მამიკოს დაკრულზე იცეკვო და ცხოვრება გაიფუჭო.
ან ისეც ხდება, როცა ადამიანები ოჯახს ქმნიან, ანგელოზივით შვილები ჰყავთ, მერე გადის წლები, ადამიანები იცვლებიან და იმ ქმარს შვილების დედა ძველებურად აღარ უყვარს, მასთან ბედნიერი აღარ არის და მხოლოდ ვალდებულების ან მადლიერების გამო ვერ შორდება.
მასთან ერთად მონოტონურ არსებობას აგრძელებს ცხოვრების ბოლომდე. აქაოდა, რას ამბობ, "ოთხი შვილი "მაჩუქა", ტრაკზე ცელულიტი ჩემთან თანაცხოვრების დროს გაუჩნდა და როგორ მივატოვო ახლა"? ქალიც ხვდება ამას და სწორედ მადლიერების გრძნობას აწვება: "თუ წახვალ შვილებს არ გაჩვენებ" და ა.შ. ან თავს იმსხვერპლებს: "შენ უნამუსო, ცოდვილო, ღმერთი არ გაპატიებს, ჩემი საუკეთესო წლები შენთან გავატარე, ოთხი შვილი გაჩუქე, ჯანმრთელობა დამიზიანდა, გავსუქდი, ფსიქიკა გამიფუჭდა და ახლა აღარ მოგწონვარ ხო?"
"მადლიერ" ქმარს კი, ჰგონია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვალდებულია მის დამჭნარ ტრაკს ჩაეხუტოს, თუ დაშორდება "არაკაცია" და ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება.
მოკლედ, ადამიანები მანიპულატორები არიან.
საერთოდ, ვინმეს თავი უმადურობის მსხვერპლად თუ გამოყავს, ან უბრალოდ მოსწონს მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა, ესეგი მანიპულატორი და შიზოიდია.
თავის შეცოდება და მსხვერპლად წარმოჩენა - არის პასიური აგრესია და ბოროტება. ერიდეთ ასეთებს და დაიკიდეთ მადლიერება.
