Friday, 14 June 2013

Celebrit-იზმი, იდიოტი ფანები და ხელმისაწვდომი რეჟისორი

საგაზეთო სტატიისთვის ფოტოები ჰოლივუდელ რეჟისორ კრისტოფერ კოპოლას მე გადავუღე, თუმცა მასთან ერთად ფოტოს გადაღება აზრადაც არ მომსვლია. 

საერთოდ, ჟურნალისტობის 15 წლიან პერიოდში არცერთ ცნობილ რესპოდენტთან სურათის გადაღების სურვილი არ გამჩენია. ერთადერთი ედუარდ შევარდნაძესთან ერთად გადაღებული ფოტო მაქვს, ისიც იმიტომ, რომ შევარდნაძე ჩემთვის მთელ ეპოქას წარმოადგენდა. 

როდესაც რედაქციაში ვბრუნდებოდი გზაში ვფიქრობდი უნდა ვინანო თუ არ ვინანო, რომ ცნობილ ადამიანებთან ერთად ფოტოებს არ ვიღებ. სხვები რიგში დგებოდნენ, მე კი სელებრითები ყოველთვის ფეხებზე მეკიდა. 

ცნობილ ადამიანებთან ერთად ფოტოების გადაღება არ მიყვარს და არ მესმის რაში მჭირდება. რატომ უნდა გადავიღო ფოტო ადამიანთან, რომელიც არც ჩემი მეგობარია, არც კოლეგა და არც კლასელი? სადმე რომ დავდო რა იფიქრებენ, რომ ჩემი მეზობელია თუ რა? 

ეს კრისტოფერ კოპოლაა -  და ნაკლებად ცნობილია ვიდრე მისი ძმა ნიკოლას ქეიჯი ან მისი ახლო ნათესავი სოფია კოპოლა, მას მხოლოდ კულისების მიღმა იცნობენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ყოფილიყო აქ მისი ძმა ნიკოლას ქეიჯი ან თუნდაც ბრედ პიტი, მადონა, ჯულია რობერთსი ან სხვა რომელიმე ჰოლივუდელი ვარსკვლავი, მე მაინც არ გადავიღებდი მათთან ერთად ფოტოს.  მართლა არ ვიცი რაში მჭირდება. ან რაში სჭირდებათ ზრდასრულ ადამიანებს სელებრითებთან ერთად ფოტოს გადაღება? 

ალბათ ეს იგივე მომენტია, როდესაც პატარა ბავშვს მულტფილმის გმირთან მიკი-მაუსთან ან სპაიდერმენთან ერთად უნდა სურათის გადაღება. 

ეს "ვარსკვლავები", ათასობით ფანებთან ერთად იღებენ სურათებს. მერე ფანები სელებრითებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოცქსელებზე დებენ და იდიოტივით უხარიათ, ეუფ "მიკი-მაუსთან" გადავიღე ფოტო, რა მაგარი ვარ! 

ალბათ, გულის სიღრმეში ისევ პატარა ბავშვები ხართ, ინფანტილურები. 
ვინმე ცნობად სახესთან ერთად გადაღებული ფოტოთი ტრაბახზე დიდი იდიოტიზმი რა უნდა იყოს? მაგას ჯობია შენს მანქანასთან ერთად გადაიღო ფოტო, როგორც 80-იანებში მამაჩემის თაობა იჭიმებოდა მანქანის წინ სურათებზე :))

კოპოლამ სხვებზე მეტად დამაინტერესა, იმიტომ, რომ საინტერესო რაღაცეები ილაპარაკა. 
პროექტ - "ხელმისაწვდომი ჰოლივუდი"-ს ინიციატორი ამერიკელი რეჟისორი კრისტოფერ კოპოლა ისეთივე ხელმისაწვდომია, როგორიც მისი პროექტის სახელწოდება. ის ადამიანებთან ადვილად შედიოდა კონტაქტში, საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ვარსკვლავების ოჯახიდან არის და აშკარად არ იყო საკუთარი სელებრითობით გათამამებული. ინტერვიუს დროს მითხრა, რომ მისთვის ყველა ადამიანი ვარსკვლავია და რომ "ტელევიზორის ვასკვლავების" გაღმერთება დიდი სისულელეა. 

ეს კაცი ცნობილი რეჟისორის ფრენსის კოპოლას ძმისშვილია, ნიკოლას ქეიჯის ძმა, და სოფია კოპოლას ბიძაშვილი. თავად არ არის ძალიან ცნობილი მსოფლიოში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვარსკვლავების ოჯახის წევრია უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თავში აუვარდეს, მაგრამ კრისტოფერი ასეთი არ არის. 

თქვა, რომ იცის რა არის პოპულარობის პიკზე ყოფნა და იცის რა არის ვარსკვლავების მოჩვენებითი ბედნიერება. 

მისი თქმით, ვარსკვლავი ის არის, ვინც თავის საქმეს სიყვარულით აკეთებს, ვინც სამუშაო პროცესით ტკბება და არ ფიქრობს ამბიციებზე და პოპულარობაზე. 

მას მიაჩნია, რომ თუ პოპულარობა თვითმიზნად აქციე და მუშაობის პროცესი არ განიჭებს სიამოვნებას, წარმატებული ვერ იქნები.

"The best actors and actresses think: I just like to act and if success happens this is good, if not, this is my job!” ამბობს კოპოლა.

მისი თქმით, ნამდვილი ვარსკვლავები უფრო შეგნებულები არიან, თავს ღმერთებად სულაც არ თვლიან და არც ვარსკვლავური დაავადება სჭირთ.

რატომღაც ის გამახსენდა, რომ ბავშვობაში თურქი მომღერალი მუსტაფა სანდალი მომწონდა და ასე 12-13 წლისას ვოცნებობდი, რომ გავიზრდებოდი და შევხვდებოდი მას. გავიდა 15-16 წელი და იმ ვარსკვლავს მართლაც შევხვდი ინტერვიუს ჩასაწერად, მაგრამ ძალიან დიდი იმედგაცრუება მქონდა. რეალში არ იყო ისეთი სიმპატიური, შავი, პატარა ტანის მუდო ტიპი აღმოჩნდა:)) თანაც, ტიპი აშკარად კამერის წინ თამაშობდა და ყალბ როლებში შედიოდა. 

რა თქმა უნდა, არც მასთან ერთად ფოტოს გადაღების სურვილი გამიჩნდა. მაგრამ, მის სიმღერებს დღემდე ვუსმენ, სიმღერებმა რა დააშავეს? :))) უბრალოდ, უკვე ვიცი რომ, ერთი ჩვეულებრივი პატარა შავი კაცუნაა ჩემი მუსტაფა სანდალი.   

No comments:

Post a Comment