Monday, 11 August 2014

ლამაზი ქალი ხარ თუ არა?



თქვენი აზრით, რამდენ ქალს შეუძლია რეალობას არ აცდეს და სარკეში საკუთარი ანარეკლი ობიექტურად შეაფასოს?

ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ უნაკლო გარეგნობაც რომ ჰქონდეს, ნებისმიერ ქალს მაინც პერიოდულად თავდაჯერებულობის შესუსტების მომენტები აქვს. ერთ დღეს, თუ კარგად გამოიძინე, შეიძლება საკუთარი თავი ძალიან ლამაზი მოგეჩვენოს, მეორე დღეს თუ დაღლილი ხარ ან სხვა ნახე, რომელიც შენზე ლამაზი გგონია, თავდაჯერებულობა ერთ წამში გიქარწყლდება. ყველა ასეა. ანჯელინაც და მონიკაც. 

ყველაზე ლამაზი და ყველაზე უნაკლო არ არსებობს. ნებისმიერ დროს შეგხვდება შენზე უფრო ლამაზი და იმ შენზე ლამაზზეც კიდევ უფრო ლამაზი. ვინ უფრო ლამაზია: ანჯელინა ჯოლი, მონიკა ბელუჩი თუ ბრიჯით ბარდო? მირანდა კერი, ადრიანა ლიმა თუ დაუცენ კრეზი? მე ვთვლი, რომ ბრიჯით ბარდო და ორნელლა მუტი ქალღმერთები არიან, შენ იტყვი, რომ მონიკაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ლამაზი ლამაზია.

იდეალური გარეგნობის კრიტერიუმებიც ხშირად გვეცვლება: დღეს შეიძლება სამხრეთული ტიპის შავგვრემანი გოგო მოგეჩვენოს იდეალურად, ხვალ კი ცისფერთვალებიანი ქერა. რაც კარგია, კარგია: დიდი, პატარა, დაბალი, მაღალი, ფუმფულა თუ გამხდარი, ქერა თუ შავგვრემანი არ აქვს მნიშვნელობა. 

მაგრამ როგორ უნდა გაიგო ლამაზი ხარ თუ არა? 
სარკეს, დაქალებს თუ დედას უნდა დაუჯერო?

1. სარკეს დაუჯერე. დედას არა! დადექი სარკესთან და კარგად შეისწავლე რა გამოაჩინო და რა დამალო.

2. დააბალანსე შინაგანი, სულიერი მდგომარეობა: თუ ბოღმიანი, დაღლილი, შურიანი, ბრიყვი და მოსაწყენი ხარ - ეს ყველაფერი სიფათზეც გეტყობა. 

200%-იანი ფაქტია, რომ სილამაზე - შინაგანი სამყაროს ანარეკლია. 
ცხვირი, პირი, სახის ნაკვთები, მზერა, გამომეტყველება და კბილების ფორმაც კი, ზუსტად ისეთი გაქვს, როგორიც ხარ ქვეცნობიერად. 

დაკომპლექსებული, ცხოვრებაზე და ადამიანებზე განაწყენებული, უთავმოყვარე ან საცოდავი თუ ხარ - ეს ყველაფერი სახის ნაკვთებზე "ჯდება". რაც წლები გადის, მით უფრო კარგად ჩანს.

რაც წლები გადის შენი გარეგნობა (სახეც და სხეულიც) ერთი-ერთზე შინაგანი სამყაროს შესაბამისად ფორმირდება. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა იმუშავო და შენი პიროვნება უფრო საინტერესო გახადო.


3. არასოდეს არ ჰკითხო აზრი შენს გარეგნობაზე სხვა ქალს/დაქალუშკებს. 
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლობელია ის შენთვის. ქალის გენებშია ქვეცნობიერი კონკურენცია. ამას რომც მალავდეს, ქვეცნობიერს მაინც ვერ შეეწინააღმდეგება და უნებლიეთ გამოამჟღავნებს. ქალი ქალს კომპლიმენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეუბნება, თუ საკუთარი თავი მასზე ლამაზი ჰგონია. არცერთი ქალი მართლა ლამაზ და თავდაჯერებულ ქალს ზედმეტი კომპლიმენტით არ გაანებივრებს, აქაოდა, თავში არ აუვარდესო!

ქალის კომპლიმენტებს ხშირად უცნაური მიზანი აქვს. მაგალითად, თაკო სხვების გასაგონად, ხმამაღლა ამბობს, რომ მაკა ყველაზე ლამაზია და ამით იქ მყოფ მესამე გოგოს, თათიას უგზავნის „ნამიოკს“: "ჰეი, თავში არ აგივარდეს, აგერ მაკა შენზე ლამაზია". აი, ასეთი უცნაური ლოგიკა აქვთ ქათმუშკებს. 


როცა საქმე სხვა ქალის სილამაზეს ეხება, ქალის ქვეცნობიერი ინსტინქტი მასზე უფრო ძლიერი ხდება. 
აქ კამათს აზრი არ აქვს. თუ შენ გგონია, რომ ისეთი ერთგული მეგობრები გყავს, რომლებიც გულწრფელად გეუბნებიან კომპლიმენტებს, ესეგი მიამიტი/იდიოტი ხარ. შენი მეგობარი უბრალოდ „მეგობრის მოვალეობას ასრულებს" და ტყუილად გეპირფერება, სინამდვილეში კი ფიქრობს: "არ უხდება ეს კაბა ამ საწყალს". 

ძალიან თუ გაინტერესებს რას ფიქრობს შენს გარეგნობაზე სხვა ქალი, მის თვალებში ოდნავ შესამჩნევი შური უნდა დაიჭირო. ქალი მეორე ქალს კონკურენტად თუ თვლის, მას კომპლიმენტს არ ეტყვის, მხოლოდ ცივად შეათვალიერებს. ე.წ. კონკურენტ ქალს არასოდეს არ აგრძნობინებს თავს დედოფლად. განა სპეციალურად აკეთებს ამას, ეს ყველაფერი ქვეცნობიერია. მოკლედ, ქალებისგან კომპლიმენტების სიუხვე კი არა, მათი ნაკლებობა უნდა გიხაროდეს! 

რაც შეეხება ახლობელ ქალებს: დედას უნდა რომ უფრო ლამაზი იყო და ობიექტურად ვერ შეაფასებს შენს გარეგნობას, აუცილებლად რაღაცა ნაკლს აღმოაჩენს. ან პირიქით, „შენს სასიკეთოდ“ არ გეტყვის რომ ლამაზი ხარ, "თავში რომ არ აგივარდეს" და "არ გათამამდე".
დაახლოებით ასეთივე აზრი ექნება შენს დასაც და თუ მასზე უფრო ლამაზი ხარ, აქაც ჩვეულებრივ ქალურ შურს ექნება ადგილი.

ანუ, ქალების აზრზე ორიენტირებით საკუთარ გარეგნობაზე სწორ დასკვნას ვერ გააკეთებ. უფრო მეტიც, მთელი ცხოვრება სწორედ დაქალები და დედები გვაკომპლექსებენ: "ეს ფერი არ გიხდება, ის გასუქებს, ცხვირის ან შუბლის ფორმა არ გივარგა" და ასე შემდეგ. არ დაუჯეროთ!!!!

ყველაზე საინტერესო კი, ის არის, რომ ქალები ლამაზი სამოსებით მამაკაცების კი არა, ერთმანეთის გაკვირვებას ცდილობენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან: ვინ უფრო მაგარი გოგოა და ვის უფრო მაგარი სტილი აქვს. 
ჰეტეროსექსუალ კაცს შენი ექსტრავაგანტული სტილი და კოკო შანელი ცალ ფეხზე ჰკიდია. მას შეიძლება ახსოვდეს რა ლამაზი იყავი გუშინ, მაგრამ წესიერად ვერც გაიხსენოს რა ფერის მაისური, ან საერთოდ რა გეცვა. 
ქალი კი, აუცილებლად შეგათვალიერებს, "დაასკანერებს" და დაიმახსოვრებს შენი ჩაცმულობის ყველა დეტალს.

4. ქალისთვის მისი სილამაზის ზუსტი ინდიკატორი  ნორმალური მამაკაცების აღფრთოვანებული მზერაა. 

ყველას აზრი ფეხებზე დაიკიდე და შენთვის საინტერესო მამაკაცის(ების) რეაქციას დააკვირდი. ყველა მხრიდან მამაკაცების აღფრთოვანებულ ან დაინტერესებულ მზერას თუ ხედავ, ესეგი ყველაფერი რიგზეა. 

დაქალმა ან სხვა ქალმა თავისი უადგილო შენიშვნებით განწყობას ვერ უნდა გიფუჭებდეს! ლამაზი თუ არ დაიბადე, არც ეგ არის პრობლემა. დღეს იმდენი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ყველა ქალი ლამაზი გახდე. მთავარია, სწორად შეაფასო შენი მონაცემები, რომ რეალობას არ აცდე.