Tuesday, 8 December 2015

როგორ შევინარჩუნოთ ოჯახი


პრინციპში, ნებისმიერი გასათხოვარი ქათმუშკა ცდილობს ცოლიანი მამაკაცისგან თავი შორს დაიჭიროს, იმიტომ, რომ იცის, რომ ასეთი ურთიერთობისგან არაფერი გამოვა. იმიტომ, რომ ის ცოლიანი ღიპუცა ბანკის ვალებზე და იპოთეკაზე უფრო მეტს ფიქრობს ვიდრე სიყვარყლზე და სექსზე.

მაგრამ თუ ცოლი ხარ და შეამჩნიე, რომ რომელიღაცა, სასოწარკვეთილი ქალი ქმრის წართმევას გიპირებს ეს პოსტი მოიშველიე. 

ჩვენს რეალობაში სოციალური ქსელები ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანების შესახებ სოციალური ქსელებიდან გაცილებით უფრო მეტს გაიგებ ვიდრე ადრე გაიგებდი მეზობლების ჭორებიდან. ამიტომ, სოც.ქსელების "გაფორმებას" მიაქციე ყურადღება! 

აუცილებელია, რომ ოჯახურ ფოტოებზე ქმარიც მონიშნო. ანუ, ისე უნდა "დათაგო", რომ შენი სიფათი მის კედელზეც ტივტოვებდეს მინიმუმ სამ დღეში ერთხელ. ამით სხვა "მონადირე" ქათმუშკებს აფრთხილებ, რომ შენს ღიპიან ალენ დელონს უკვე შენისთანა "განძი" ჰყავს! 

აუცილებლად ბავშთან ერთად გადაღებულ ფოტოზე დათაგე. ბავშვი თუ არ გყავს, მეზობლის ბავში გაასაღე შენად :)) უნდა ნახონ, რომ შენს ინდაურს ორი (შენ და ბავშვები), სამი ან ხუთი განძი ჰყავს. 

ამგვარად, ოფისში ჯდომისგან ოდნავ დეფორმირებულ "ბრედ პიტზე" პრეტენზიების მქონე ქათმუშკა ოჯახურ ფოტოებს ნახავს და უკან დაიხევს.

გიშველის თუ არა ეს მეთოდი ქმრის ოჯახის შენარჩუნებაში? უეჭველი გიშველის.

ის შენი კუანა ინდაური რომელიმე მულტი-მილიონერი ან ბრედ პიტი თუ არაა, მონადირე ქათმუშკა ჩათვლის, რომ ნერვების მოსაშლელად არ ღირს.  

"ოჯახის სიწმინდე" მოიშველიე ხშირად. 
                                   
ბედნიერ ოჯახურ ფოტოებზე "დათაგვით" შენ ქმარს და მასში უცებ გამოღვიძებულ "დონ-ჟუან-კაზანოვასაც" კოჭებამდე შებოჭავ. 

წარმოიდგინე, ტიპი ზის, ინსტაგრამზე ვიღაც ნაშას "კერავს" და თან ცდილობს სახეზე იდიოტური ღიმილი მოიშოროს, რომ შენმა აფთრის თვალებმა ვერ შეამჩნიონ "ნადირობის მომენტი" და ზუსტად в самый интересный момент, როდესაც ნაშა უკვე თითქმის თანახმაა, იმ წამს შენი პოტენციურად მოღალატე "არწივის" ვოლზე საყვარელი ოჯახური ფოტო ამოტივტივდება! 

გაბრაზებული ნაშა დროებით დაბლოკავს შენს ქმარს. მოკლედ, როგორც კი, ღიპიანი ალენ დელონის სიფათზე იმ ნაცნობ იდიოტურ ღიმილს შეამჩნევ, ეგრევე შენი არსენალიდან ოჯახური ფოტო ამოიღე. ამით შენს ქმარზე პრეტენზიების მქონე მორიგ ქათმუშკას ნოკ-აუთში ჩააგდებ! 

რაც შეიძლება მეტი ოჯახური ფოტო გადაიღე, აუცილებლად ქმარიც დათაგე, აუცილებლად ბავშვთან ერთად! და ოჯახური ბედნიერებაც გარანტირებული გექნება!  

Tuesday, 1 December 2015

ყველაზე მაგარი გოგოები

შემოდგომის სუსხიან, წვიმიან დილას, 09.15 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე ჩემს წინ ლამაზი გოგო მიდის. საშუალოზე ცოტა მაღალი, ღია ფერის თმებით და თვალებით, კუკლა ბარბია. კუკლას მოკლე კაბა აცვია და მგონი სცივა. 

უკან ორი ტიპი მიჰყვება და ეტყობათ, რომ კუკლას დანახზაზე კარგ ხასიათზე დადგნენ. გოგო ამაყად მიდის - ზუსტად ის კადრია იმ ფილმიდან, სადაც  სქელტრაკიანი ქალების კუმირი კაცებს აგიჟებს. მილენა თუ რაღაც ჯანდაბა.

სანამ ვფიქრობდი რა ტიპის მოტივაციაა საჭირო იმისთვის, რომ ამ სიცივეში დილა უთენია თხელ კოლგოთკიანი ფეხების დემონსტრირების სურვილი გაგიჩნდეს, ერთმა ბიჭმა წაიღრიჭა: "არ სცივა ნეტა?". 

ფუ, იდიოტები, იმის ნაცვლად, რომ კუკლას დანახვაზე უგონოდ დაეცნენ ან ჯენტლმენურად "სანთებელა გაუწოდონ", როგორც იმ ფილმშია, ბანალურად სცივა თუ არა იმით ინტერესდებიან. განა იმ კუკლასთვის იმ იდიოტების კარგ ხასიათზე მოყვანა გმირობის ტოლფასი არ იყო? ცივ ზამთარში დილით ლოგინიდან ადგომა და ტუალეტამდე მისვლა უკვე გმირობაა და ეს გოგო დგება კიდევაც და თხელი კაპრონის კოლგოტებიანი ფეხებით გარეთ გადის და მამრების თვალსაც ახარებს.

ვფიქრობ, ნეტავ რა უნდა მინდოდეს, რომ ამ სიცივეში გარეთ კაპრონის კოლგოთკებით და მინი კაბით გავიდე და ვიღაც გამოსირებული იდიოტები გავახარო? 

ასეთი გოგოები თვალს ახარებენ! ესენი რომ არა, კაცები მოწყენილობისგან მოკვდებიან, გადაშენდებიან. 

წარმოვიდგინე: ყველა გოგო ეგოისტი რომ იყოს, თბილად რომ ჩაიცვას, ჯინსებში და კედებში სწრაფი ნაბიჯებით რომ ჩაგიაროს ტროტუარზე, რა ინტერესი ექნებოდა ამ ცხოვრებას? 

ან ფიტნეს კლუბში ტუჩებგამოპრუწული ნაშა თუ არ გამოჩნდა და ტრაკის დემონსტრირებით, შტანგით ჩაჯდომები თუ არ გააკეთა, ნულის ფასი აქვს ამ ცხოვრებას! 

ასეთი ხალისიანი გოგოები ჰაერვით სჭირდება კაცობრიობას! მათი არსებობის ფაქტი უკვე ერთგვარი ქველმოქმედებაა. მადლობა მინიკაბიან ნაშებს, რომლებიც ყინვაშიც კი, ამხნევებენ ცხოვრებისეული რუტინისგან გაბრუებულ კაცებს. 

მერე რა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის კაცებს მახინჯი ქალები ურჩევნიათ. გვერდით მახინჯი უნდა გყავდეს, რომ არხეინად იყო, შენ გარდა სხვას არავის სჭირდება. ირგვლივ, კი იმდენი ტუჩებგაპრუწული, მოკლე კაბიანი მალენა-ბელუჩი დადის. 

ინსტაგრამ-ფეისბუკზე ადვილია ფეხების დემონსტრირება, ეგ არ ითვლება. 
აბა თუ ქალი ხარ, ყინვაში გადი გარეთ მინი კაბით და საკვერცხეების ანთებას თუ გადაურჩი მერე იტრაბახე.

ყინვაში მინი-კაბით გარეთ გასული გოგოს ფეხის ფრჩხილიც ვერ იქნები. ის ქალი სულ სხვა ფენომენია <3

Thursday, 20 August 2015

"კეთილი ტყუილი" კიბომდე მიგიყვანს!

ტყუილი ცუდია და მხოლოდ იშვიათ სიტუაციებშია საჭირო, მაგრამ ჩვენ "საჭირო" დროს კი არა, გამუდმებით უტიფრად ვიტყუებით. მთელი ცხოვრება "კეთილი ტყუილებით" ვცდილობთ თავი სასიამოვნო და თავაზიან ადამიანად წარმოვაჩინოთ და მე-15 ნერვული შეტევის დროსაც კი, ვერ ვხვდებით, რომ არცერთი "კეთილი" ტყუილი, სულაც არ არის კეთილი და ასეთი ტყუილებით სხვებსაც და საკუთარ თავსაც დათვურ სამსახურს ვუწევთ.

Trust and remember:

1. თუ დაქალი/ან ვინმე სხვა გეკითხება, მსუქანია თუ არა, სიმართლე უთხარი და მის სქელ საჯდომზე და ცელულიტებზე მიანიშნე! ისიც დაამატე, რომ თუ ქალი გულისამრევად გამოიყურება, ესეგი ზარმაცი საქონელია! 

2. თუ შენს ახლობელ კაცს იმხელა ღიპი აქვს, რომ საკუთარ სასქესო ორგანოს მხოლოდ სარკეში ხედავს, მიანიშნე, რომ მეტეორიზმიანი ღორია და ღამე თოხლაობას მოეშვას!

3. თუ ვინმეზე ფიქრობ, რომ იდიოტია, ჯობია თავიდანვე აგრძნობინო, რასაც ფიქრობ მასზე, თორე ერთ მშვენიერ დღეს, შენი კეთილგანწყობა თავში აუვარდება და აუცილებლად, აქეთ დაგიძახებს იდიოტს. 


4. თუ შენი დაქალი შტერია და ვერ ხვდება, რომ მის გარშემო უაზრო, გაუგებარი "თაყვანისმცემლების" ხროვა მის სილამაზეზე კი არა, სიქათმეზე მიანიშნებს, უთხარი, რომ მამრებს ის ადვილად გამოსაყენებელი საქონელი ჰგონიათ. უთხარი, რომ იმ გამოპრუწული ტუჩებით ანჯელინა ჯოლის კი არა, ბოზანდარას ჰგავს. უთხარი ყველაფერი, რასაც ფიქრობ. ჯობია, ეწყინოს და იჩხუბოთ, ვიდრე "ტკბილ ტყუილებში" აცხოვრო და მერე საბრალოს უფრო აუვარდეს თავში და უფრო მეტად გამასხარავდეს.

5. თუ შენი ახლობლის, ნაცნობის ან რა ვიცი, სხვა ვინმეს ლაპარაკის მანერა, აზროვნება და ქცევა ნერვებს გიშლის, არაფრის დიდებით არ მოუსმინო და არ აიტანო თავაზიანობის ან ხათრის გამო და საერთოდ მასზე ერთი წუთიც არ დახარჯო. სასწრაფოდ მოიშორე თავიდან, თანაც მიზეზის ახსნით (დრო არ მაქვს), თორე აქეთ დაგამადლებს, რომ თურმე ის გითმობდა ძვირფას დროს.

6. არასოდეს არც სიბრალულის და არც ხათრის გამო არ გაატარო დრო ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არ მოგწონს (ან გრძნობ, რომ შენ არ მოსწონხარ).  

7. არასოდეს არ უთხრა კომპლიმენტი მოუვლელ, დაუბანელ ქალს ან კაცს. ასეთებს მოტივაცია კი არა, მათრახი სჭირდებათ.

8. არასოდეს არ გააკეთო ის, რაც არ მოგწონს ან არ გინდა. თუ რამე გეზარება, ესეგი არც გჭირდება! მოეშვი და აკეთე ის, რაც გინდა და გჭირდება. თუ იმას აკეთებ, რაც გეზიზღება, ესეგი დაღლილი ვირი ხარ, რომელიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვედრის იმედით ცხოვრობს. მოკლედ, სხვა უფრო საინტერესო საქმით დაკავდი.

9. ნუ დაიწყებ ურთიერთობას ადამიანთან, რომელზეც ძალიან შეყვარებული არ ხარ. საკუთარ თავს მაინც ვერ მოატყუებ და იმ ურთიერთობიდან ნახმარი წინდასავით გამოხვალ.

10. ნუ ცდილობ ვინმეს მოეწონო, ეს მხოლოდ უკურეაქციას გამოიწვევს. ჯობია, აქეთ მოგეწონონ!

11. ნუ ატყუებ საკუთარ თავს (ნუ ატყუებ სხვებსაც)! კეთილი ტყუილები არ არსებობს! 

რა თქმა უნდა, ყოველთვის სიმართლეს თუ ილაპარაკებ, ჩემსავით უხეში და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებ. სამაგიეროდ ნევროზი, დეპრესია, ფსიქოზი და ნერვული აშლილობები აღარ შეგაწუხებს! 

"კარგი გოგოს ან ბიჭის" როლის თამაშს და ვითომ "კეთილი" ტყუილების თქმას თუ გააგრძელებ, ჩახშობილი ემოციების მსხვერპლად იქცევი და კიბოც არ აგცდება! 

ერთ დღეს, როცა ნერვები გიმტყუნებენ და შენს ახლობელს ან ოჯახის წევრს,  დედას, ან შვილს უყვირებ ცოფიანივით, მაშინვე გაიხსენე, რომ ეს ნერვული აშლილობა სწორედ იმ "კეთილი" ტყუილების და ჩახშობილი ემოციების ბრალია! 

Thursday, 4 June 2015

საიდან ჩნდებიან ცუდი ადამიანები?

საბავშვო ბაღის ზეიმზე პატარა ანგელოზების სახეებს ყურადღებით ვაკვირდები და ვფიქრობ, საიდან ჩნდებიან ცუდი ადამიანები? ეს პატარა ანგელოზები როგორ უნდა გაიზარდონ ცუდ ადამიანებად?

ვცდილობ "გამოვთვალო" მათგან რომელი იქნება ცუდი ადამიანი, ან რომელი გოგო გახდება მომავალში უთავმოყვარე და ბოროტი ქალი, მაგრამ ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

განა შესაძლებელია პატარა ანგელოზების საყვარელ სახეებში მომავალი პარაზიტების ამოცნობა?  დღეს მათ ისეთი სუფთა, საყვარელი თვალები აქვთ, წარმოუდგენელია გაიგო რა ნაირად, როგორ ამახინჯებს ცხოვრება ადამიანების ფსიქიკას. 

მე მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვები თეთრი ქაღალდივით სუფთა იბადებიან და შემდგომში მათ ხასიათს ოჯახი და გარემო "ქმნის". 

ოდესღაც ხომ ცუდი ადამიანებიც დადიოდნენ ბაღში და ზეიმებზე მღეროდნენ  და ცეკვავდნენ და მერე? მერე რა მოხდა? ვინ არის ადამიანების გაბოროტებაში დამნაშავე? 

ალბათ, ოჯახის და გარემოს პასუხისმგებლობის ვერსია უფრო მისაღებია, რადგან არ მინდა იმის დაჯერება, რომ ადამიანი თანდაყოლილი სულიერი სიმახინჯით იბადება. ჯობია გვჯეროდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია პატარა ადამიანი კარგ ადამიანად აღვზარდოთ. 

მჯერა, რომ თავდაპირველად  ბავშვი ქაღალდის ფურცელივით სუფთა იბადება, მის გარშემო მყოფი ადამიანები კი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ თეთრ ქაღალდზე მომავალი ადამიანის ხასიათს „წერენ“. 

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, მშობლებს ავიწყდებათ, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული თუ როგორი გაიზრდება მათი შვილი. არ მჯერა, რომ კარგი მშობლები ცუდ ბავშვებს ზრდიან. მთავარია, შეცდომები არ დაუშვა და სწორი მაგალითი იყო ბავშვისთვის.

Friday, 29 May 2015

სამოთხეში ევასთან..

ერთ ხისთავიან მორწმუნეს ჩავუცივდი კითხვებით: შენ ხომ თვალით არ გინახავს და არც დაგსიზმრებია ღმერთი და წმინდანები, არც რაიმე მისტიკური ხილვები არ გქონია, ერთადერთი რასაც ეყრდნობი, ათასი წლის წინ, ცივილიზაციას მოკლებული ხალხის მიერ შეთხზული სულელური ისტორიებია. ნუთუ მხოლოდ იმ პრიმიტიული წიგნების და ლეგენდების საფუძველზე გჯერა, რომ არსებობს სამოთხე, სადაც ვაშლები უნდა ჭამო და ლამაზ ჩანჩქერთან იჯდე?

იმანაც რა თქმა უნდა, ყველა მორწმუნესთვის დამახასიათებელი სულელური პასუხი გამცა: "ვახ, მილიონობით ადამიანს სჯერა, რა ყველა სულელია და მარტო მე უნდა ვოყო ჭკვიანიო?". 

- აჰა, ესეგი შენ თვითონ ანალიზის და ფიქრის უნარი არ გაგაჩნია და უტვინო მარიონეტივით ბრბოს ნათქვამს იმეორებ? - ვკითხე.

- აბა რეინკარნაციის და სხვა სისულელეების ვერსია არ მომწონს! ჩვენი რელიგია რასაც გვიქადაგებს, ის მომწონს - ო. 

- ანუ შენ გინდა გჯეროდეს, რომ კარგი ბიჭი და კარგი მორწმუნე თუ იქნები, ღმერთს თუ მოეწონები სიკვდილის მერე, აუცილებლად სამოთხეში მოხვდები, მშვენიერ ედემში ტკბილ ვაშლებს შეჭამ და ლამაზ ანგელოზებს ჩაეხუტები?

- ჰო, მინდა და მჯერა კიდევაც - ო.. 

აჰა! აი თურმე რაში ყოფილა საქმე. მას სიკვდილის ეშინია, მაგრამ ედემის ვაშლების ზღაპარს თუ დაუჯერებს ცოტა ნაკლებად შეეშინდება! 

მას სჯერა. მას უნდა, რომ ასე მარტივად იყოს ყველაფერი! მას უნდა რომ ედემი არსებობდეს. მას სჯერა, რომ ედემში, ვაშლებთან და ევასთან მოსახვედრად საკმარისია მხოლოდ ეკლესიაში ან მეჩეთში იაროს, ილოცოს, სასულიერო პირების ქადაგების დროს არ ჩაეძინოს, ხანდახან მარხვაც დაიცვას. (ნუ, მარხვა რა, დროებით, მხოლოდ შემწვარი კარტოფილი უნდა ჭამოს, თუმცა, მუსულმანური მარხვა ჯოჯოხეთია - დილიდან საღამომდე წყალიც კი არ უნდა დალიო, და 8-ის მერე თუნდაც ხინკალი ჩაცეცხლე! თან ამ "კუჭისკვლას" "განწმენდა" ჰქვია რატომღაც! )

ასეთი ტიპები ამქვეყნად უაზროდ არსებობენ და მთელი ცხოვრება ედემს ელოდებიან.

თუმცა, ედემის მოლოდინში დაბერებულების გარდა, კიდევ მეორე ტიპის მორწმუნეებიც არსებობენ, რომლებიც არანაირ ედემს არ ელოდებიან, იმიტომ, რომ ''აქაურ ედემებშიც" კარგად ახერხებენ თავის გატანას აფერისტობით და სხვა სისაძაგლეებით, თავს იგიჟებენ ვითომ სწამთ, ხალხს ატყუებენ. 

ასეთები წმინდან-მორწმუნეების როლში, ისე, на всякий случай შედიან! რა იცი, რა ხდება საიქიოშიო. 

ან საკუთარ თავს ატყუებენ, ან სხვებს. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? მაინც ყველა მორწმუნეს ორი მომენტი აერთიანებთ: ჯოჯოხეთის შიში და მარადიული კომფორტის - ედემის მოლოდინი. ერთნი "კარგად იქცევიან" და ედემს ელოდებიან, მეორენი კი, უფრო მეტი სისაძაგლეების ჩადენისგან თავს იკავებენ, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება, ღმერთი მართლა "ყველაფერს ხედავს" და მერე საიქიოში დედა ეტირებათ. 

კიდევ ერთმა მორწმუნემ მითხრა, ფულს მოვიპარავდიო, მაგრამ ღმერთის მეშინია და თავს ვიკავებო :))

P.S. ღმერთი - ჩვენი სინდისია. სიკეთეს თუ მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ ღმერთს მოაწონო თავი, ეს უკვე სიკეთე კი არა, ბიზნესია. ღმერთთან გარიგება. აბა, თუ კაცი ხარ, დაივიწყე ედემი და ჯოჯოხეთის ქვაბები და ისე იყავი კარგი და კეთილსინდისიერი!