Friday, 29 May 2015

სამოთხეში ევასთან..

ხისთავიან და სტანდარტულად მოაზროვნე მორწმუნეს ჩავუცივდი კითხვებით: აი შენ ხომ თვალით არ გინახავს და არც დაგსიზმრებია ღმერთი და წმინდანები, არც რაიმე მისტიკური ხილვები არ გქონია, ერთადერთი რასაც ეყრდნობი, 1000 წლის წინ, ცივილიზაციას მოკლებული ხალხის მიერ შეთხზული სულელური ისტორიებია. ნუთუ მხოლოდ იმ პრიმიტიული წიგნების და ლეგენდების საფუძველზე გჯერა, რომ არსებობს სამოთხე, სადაც ვაშლები უნდა ჭამო?

რა თქმა უნდა, ყველა მორწმუნესთვის დამახასიათებელი სულელური პასუხი გამცა: "ვახ, მილიონობით ადამიანს სჯერა, რა ყველა სულელია და მარტო მე უნდა ვოყოო ჭკვიანიო?". 

- აჰა, ესეგი შენ თვითონ ანალიზის და ფიქრის უნარი არ გაგაჩნია და უტვინო მარიონეტივით ბრბოს ნათქვამს იმეორებ და ჯოგს მიჰყვები? - ვკითხე.

- ვახ, აბა რეინკარნაციის და სხვა სისულელეების ვერსია არ მომწონს! ჩვენი რელიგია რასაც გვიქადაგებს, ის მომწონსო. 

- ანუ შენ გინდა გჯეროდეს, რომ კარგი ბიჭი და კარგი მორწმუნე თუ იქნები, ღმერთს თუ მოეწონები სიკვდილის მერე, აუცილებლად სამოთხეში მოხვდები, მშვენიერ ედემში ტკბილ ვაშლებს შეჭამ და ლამაზ ანგელოზებს ჩაეხუტები?

- ჰო, მინდა და მჯერა კიდევაც - ო.. 

აჰა! აი რაში ყოფილა საქმე. მას სიკვდილის ეშინია, მაგრამ ედემის ვაშლების ზღაპარს თუ დაუჯერებს ცოტა ნაკლებად შეეშინდება! მას სჯერა. მას უნდა, რომ ასე მარტივად იყოს ყველაფერი! მას უნდა რომ ედემი არსებობდეს. 

მას სჯერა, რომ ედემში, ვაშლებთან და ევასთან მოსახვედრად, საკმარისია მხოლოდ ეკლესიაში ან მეჩეთში იაროს, ილოცოს, სასულიერო პირების ქადაგების დროს არ ჩაეძინოს, ხანდახან მარხვაც დაიცვას 

(ნუ, მარხვა რა, დროებით, მხოლოდ შემწვარი კარტოფილი უნდა ჭამოს, თუმცა, მუსულმანური მარხვა ჯოჯოხეთია - დილიდან საღამომდე წყალიც კი არ უნდა დალიო, და 8-ის მერე თუნდაც ხინკალი ჩაცეცხლე! თან ამ "კუჭისკვლას" "განწმენდა" ჰქვია რატომღაც! )

ასეთი ტიპები ამქვეყნად უაზროდ არსებობენ და მთელი ცხოვრება ედემს ელოდებიან თურმე.

თუმცა, ედემის მოლოდინში დაბერებულების გარდა, კიდევ მეორე ტიპის მორწმუნეებიც არსებობენ, რომლებიც არანაირ ედემს არ ელოდებიან, იმიტომ, რომ ''აქაურ ედემებშიც" კარგად ახერხებენ თავის გატანას აფერისტობით და სხვა სისაძაგლეებით, მაგრამ  თავს იგიჟებენ ვითომ სწამთ, რადგან ფიქრობენ, ვაი თუ მართლა არსებობს ეს ჯოჯოხეთი და მდუღარე ქვაბები.. 

ასეთები წმინდან-მორწმუნეების როლში, ისე, на всякий случай შედიან! რა იცი, რა ხდება საიქიოშიო! ან საკუთარ თავს ატყუებენ, ან სხვებს. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? მაინც ყველა მორწმუნეს ორი მომენტი აერთიანებთ: ჯოჯოხეთის შიში და მარადიული კომფორტის - ედემის მოლოდინი. ერთნი "კარგად იქცევიან" და ედემს ელოდებიან, მეორენი კი, უფრო მეტი სისაძაგლეების ჩადენისგან თავს იკავებენ, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება, ღმერთი მართლა "ყველაფერს ხედავს" და მერე საიქიოში დედა ეტირებათ!

P.S. ღმერთი - ჩვენი სინდისია. სიკეთეს თუ მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ ღმერთს მოაწონო თავი, ეს უკვე სიკეთე კი არა, ბიზნესია! ღმერთთან გარიგება! აბა, თუ კაცი ხარ, დაივიწყე ედემი და ჯოჯოხეთის ქვაბები და ისე იყავი კარგი და კეთილსინდისიერი!  

კიდევ ერთმა მორწმუნემ მითხრა, ფულს მოვიპარავდიო, მაგრამ ღმერთის მეშინია და თავს ვიკავებო! :))

No comments:

Post a Comment