დეილ კარნეგის წიგნები ჭკვიანებმა 17 წლის ასაკში წაიკითხეს, დანარჩენებმა კი, მისი კითხვა (ნიცშეს "ვოლუნტარიზმთან" ერთად) 40-45 წლის ასაკში დაიწყეს.. :)
ვისაც თავის დროზე წაკითხული გვაქვს, ალბათ გვახსოვს მისი სიტყვები: "ნუ ელოდებით ადამიანებისგან უფრო მეტ მადლიერებას, ვიდრე ქრისტემ მიიღო მათგან.." ბევრმა ეს სიტყვები ვერ გაიაზრა და თავისი გაკეთებული მილიგრამიანი სიკეთის სანაცვლოდ უსასრულო მადლიერებას ელოდება. ნუ, ალბათ ადამიანური მომენტია: "სიკეთე ხომ მხოლოდ მადლობების მისაღებად კეთდება". განა ბევრი ადამიანი იღებს უანგარო მადლის ქმნისგან ნამდვილ სიამოვნებას?
თქვენს მეგობრებსაც კი, მხოლოდ იმიტომ ეხმარებით, რომ მთელი დანარჩენი ცხოვრება თქვენი მადლიერები და მოვალეები იყვნენ. აბა გაბედოს მეგობარმა ან ახლობელმა და დაივიწყოს შენი გაკეთებული სიკეთე! სანამ ცოცხალი ხარ მის უმადურობაზე სულ ქორწილებში და ქელეხებში ილაპარაკებ.
ის კი არა, ქუჩაში მათხოვარსაც იმიტომ უგდებ 20 თეთრს, რომ ეს "სიკეთე" "ღმერთმა დაგიფასოს" და "უკან დაგიბრუნოს". ანუ, ღმერთი რომ არ არსებობდეს ის 20 თეთრიც დაგენანება მათხოვრისთვის. მოკლედ, არ ხარ გულწრფელი და შენც იცი ეს.
ანგარებიანი და ეგოისტი არსებაა ადამიანი. სიკეთეს მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ თავის ე.წ."ბენეფიციარს" მთელი ცხოვრება დააყვედროს და დაავალდებულოს: "აგერ, მე ეს გაგიკეთე, ის გაგიკეთე, შენ კი უმადური ხარ".
არადა, როგორც ზემოდ ვახსენე, უმადურობაც ისეთივე "ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია", როგორიც, ვთქვათ, მლიქვნელობა, ქვემძრომობა, ორპირობა, აფერისტობა და ასე შემდეგ და წესით ეს არ უნდა გვიკვირდეს და არც უნდა გვწყინდეს.
იდეაში, სიკეთე ადამიანებით მანიპულირების საშუალება არ უნდა იყოს. ანუ, ვინმესგან მადლიერებას თუ ელოდები, ესეგი შენი გაკეთებული სიკეთე, სიკეთე კი არა, "ბარტერული ბიზნესია". ასეთ სიკეთეს არც ღმერთი, არც ადამიანი არ დაგიფასებს რა ტქმა უნდა. ადამიანები მადლიერების გრძნობას ძალიან მალე იკიდებენ ფეხზე და არავინ არავისი მადლიერი არ რჩება სიცოცხლის ბოლომდე.
ზედმეტად კეთილსინდისიერი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც სიკეთით მანიპულატორების მსხვერპლნი ხდებიან. არა, მე კი არ ვამბობ უმადური იყავითქო, უბრალოდ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთე ჩვეულებრივი, ნორმალური აქტია (თუ ქმედება), რომელსაც ყველა ადამიანი უნდა აკეთებდეს. ოღონდ, თუ ამას ანგარებით ან ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით აკეთებ, ამას უკვე აღარ ჰქვია სიკეთე.
მაგალითად, ტოკსიკური და ეგოისტი მშობლები მთელი ცხოვრება თავიანთი შვილებით სწორედ მადლიერების გრძნობით მანიპულირებენ: "მე გაგაჩინე, გაგზარდე, ამდენი ამაგი მაქვს ჩადებული შენში, შენ კი, უმადური შვილი ხარ, იმიტომ, რომ ისეთი არ ხარ როგორიც მე მინდა, ისე არ ცხოვრობ, როგორც მე მაწყობს" და ასე შემდეგ. საწყალი ბავშვი კი, იტანჯება, მას თავისი ცხოვრებით უნდა რომ იცხოვროს, ბედნიერი იყოს, მაგრამ მშობლებიც ეცოდება, გული სწყდება, "იმედები გავუცრუეო", ნერვიულობს. მერე, აი მერე, უკვე 60 წლის ასაკში ხვდება, რომ არავის წინაშე ვალდებული არ იყო და დედამ ის იმიტომ გააჩინა, რომ ჯერ გათხოვება უნდოდა, მერე კი, დედამთილი ახრჩობდა შვილიშვილს როდის მაღირსებო. ანუ სულაც არ ხარ ვალდებული, რომ დედიკოს ან მამიკოს დაკრულზე იცეკვო!!!
კაცს ცოლი მოჰყავს, მერე მისგან ოთხი ანგელოზივით შვილი უჩნდება, მერე გადის წლები, ადამიანები იცვლებიან და იმ ქმარს შვილების დედა ძველებურად აღარ უყვარს, მასთან ბედნიერი აღარ არის და მხოლოდ ვალდებულების ან მადლიერების გამო ვერ შორდება. მასთან ერთად მონოტონურ არსებობას აგრძელებს ცხოვრების ბოლომდე. აქაოდა, რას ამბობ, "ოთხი შვილი "მაჩუქა", ტრაკზე ცელულიტი ჩემთან თანაცხოვრების დროს გაუჩნდა და როგორ მივატოვოო ახლა"? ქალიც ხვდება ამას და სწორედ მადლიერების გრძნობას აწვება, "ნამუსზე აგდებს" ქმარს: "თუ წახვალ შვილებს არ გაჩვენებ" და ა.შ. ან თავს იმსხვერპლებს: "შენ უნამუსო, ცოდვილო, ღმერთი არ გაპატიებს, ჩემი საუკეთესო წლები შენთან გავატარე, ოთხი შვილი გაჩუქე, ჯანმრთელობა დამიზიანდა, გავსუქდი, ფსიქიკა გამიფუჭდა და ახლა აღარ მოგწონვარ ხო?"
მოკლედ, კლასიკა უკვდავია! ადამიანები მანიპულატორები არიან.
ის, რომ ერთად გატარებულ წლებში ბევრი ბედნიერი წუთებიც იყო და ოთხი ან ხუთი მშვენიერი შვილი ორივე მშობლის არის, მანიპულატორს არ ჰყოფნის, იმიტომ, რომ ქმარი სამარემდე მისი საკუთრება ჰგონია და სინდისზე აწვება, ბოჭავს კოჭებამდე, "მადლიერ" ქმარს კი, ჰგონია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვალდებულია მის დამჭნარ ტრაკს ჩაეხუტოს, თუ დაშორდება "არაკაცია" და ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება. უთავმოყვარეო ქალი კი, მთელი დარჩენილი ცხოვრება წასულ ქმარს ლანძღავს და წყევლის. ერთი ასეთი ქალი ყოფილ ქმარზე ამბობდა: "ის უმადური ნაბიჭვარი ჩემი გაზრდილია, ჩემი! იმდენი ფული დავხარჯე მის ბიზნესებზე, გართობებზე და კომფორტებზე, ის საცოდავი პირადად ჩემი წყალობითაა დღეს ადამიანი". ნუ, რაღაც მომენტში ის ქალიც მართალია, მაგრამ რა ვიცი რა.. საყვარელ ადამიანში "ჩადებულ ინვესტიციებზე" და მის უმადურობაზე ლაპარაკი ცოტა რთული მომენტია. ეს დაახლოებით იგივეა მომაკვდავი ჩიტი გადაარჩინო და რომ გამოკეთდება აღარ გაუშვა, გალიაში ჩასვა და "საით მიფრინავ, შენზე ამდენი ამაგი მაქვს დახარჯულიო" იძახო.
საერთოდ, ვინმეს თავი უმადურობის მსხვერპლად თუ გამოყავს, ან უბრალოდ მოსწონს მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა, ესეგი მანიპულატორი და ეგოისტია. სიკეთის დაყვედრება, თავის შეცოდება და მსხვერპლად წარმოჩენა - არის პასიური აგრესია და ბოროტება. ერიდეთ ასეთებს და დაიკიდეთ მადლიერება.