Wednesday, 25 October 2017

ლაქუცებად დაბადებულები


რით განსხავდება დიპლომატია ლაქუცობისგან?

დიპლომატიაა - როცა ძალიან გინდა ადამიანს შეაგინო, მაგრამ ემოციების მოთოკვას ახერხებ და ძალიან თავაზიანად თუ არა, წყნარად მაინც განაგრძობ საუბარს.

ლაქუცობა კი, ძაღლის ქცევაა, პატრონთან კუდის ქნევით რომ თამაშობს. 

თუ დიპლომატია ადამიანებს შორის "კონსტრუქციული დიალოგის" შენარჩუნების ფორმაა, ლაქუცობა ადამიანების თვითგადარჩენის საშუალებაა.

საშუალება, რომელიც ჭრის კიდევაც. იმიტომ, რომ ადამიანების უმრავლესობას თავდაჯერებულობა აკლია და სუსტი ეგო აქვს, რომელიც კიდევ უფრო სუსტი ხდება, როცა ის ხელმძღვანელ პოზიციაზე გადადის.

სწორედ ასეთ დროს უნდა ადამიანს სხვებს დაუმტკიცოს, რომ არავისზე ნაკლები ხელმძღვანელი არ არის და სწორედ მაშინ სჭირდება მას ლაქუცები, მლიქვნელები და ლაბილური ფსიქიკის არსებები, რომლებიც ყოველთვის, ყველა კალიბრში ჯდებიან.

პირადი ლაქუცი, არასოდეს არ ეკამათება პატრონს, ყველაფერზე თავს უქნევს. 
ლაქუცთან ვერ იჩხუბებ, ძალიანაც რომ გინდოდეს, ეს ტიპაჟი მაინც თავს აარიდებს კონფლიქტს. ღია კონფლიქტი არაა მისი სტილი. მისი სტილი პატრონის ნდობის მოპოვებაა.

მერე კი, როცა საქმეს დასჭირდება და ლაქუცის აზრით, ჰორიზონტზე "უფრო მაგარი" პატრონი გამოჩნდება, ის თხასავით გაყიდის ძველს. 

აქ ყველაზე სევდიანი მომენტი ის არის, ლაქუცის გარეშე არსებობა ბევრისთვის წარმოუდგენელია. ხუთჯერ ლაქუცების ღალატის მსხვერპლიც, რომ იყოს ადამიანი მაინც იგივე შეცდომას უშვებს და ახალ ლაქუცს პოულობს.

რას იზამ ტკბილი ტყუილები, მლიქვნელობა და თვალებში ციცინი ალბათ ისეთი სიამოვნებაა, რომელსაც ვერ ელევა დასუსტებული ეგო. 
ლაქუცობა თანდაყოლილი ნიჭია, თუ მერე შეძენილი არ ვიცი, მაგრამ სხვა ყველაფერს უნდა დაანებო თავი და ეფექტური "პოდხალიმობა" უნდა ისწავლო, ქვემძრომობის ოსტატი გახდე. იმიტომ, რომ პირადი ლაქუცი ყველას წამალივით სჭირდება..


No comments:

Post a Comment