Wednesday, 1 March 2017

მზე კი ისევ ამოდის - ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ..


პირველმა რამაც ყველაზე მეტად გამაღიზიანა ჩემი ტრაგედიის მეორე დღეს, მზის ამოსვლა იყო. ისეთი უსუსური და ეგოისტი ხდები ადამიანი, რომ მზეც გაღიზიანებს. მზე მეზიზღებოდა და ვლანძღავდი. "უნამუსო" მზე, როგორ გაბედა და მაინც ამოვიდა როცა მე თავზე დამენგრა ცხოვრება.

მზის სითბოც, გაზაფხულის სურნელიც - ყველაფერი თითქოს ჩემს ჯინაზე, ყველაზე მეტად ზუსტად იმ წელს იგრძნობოდა და ნერვებს მიშლიდა. 

ტრაგედიის შემდეგ ყველაფერი თავის ჩვეულ რიტმში გრძელდება და შენ მარტო რჩები შენს უბედურებასთან ერთად. წარმოუდგენელია ამ მომენტში ბოღმა არ გახრჩობდეს, ბოღმა და ბრაზი იმაზე, რომ ეს დედააფეთქებული ცხოვრება გრძელდება და მას ფეხებზე ჰკიდია შენი ნაკუწებად ჩამსკდარი გული..

ისე, ტრაგედიის „მასშტაბს“ და ადამიანის ემოციურ პსიქოტიპს გააჩნია. ზოგი 85 წლის დედის გარდაცვალებას აზვიადებს და საშინლად განიცდის, ზოგი კი, 25 წლის ძმის გარდაცვალებას უფრო მალე და უფრო ადვილად ეგუება. შვილმკვდარი დედებიც მინახავს, რომლებიც, ერთი შეხედვით თითქოს და „ვითომც არაფერი“ ისე აგრძელებდენ ცხოვრებას, თუმცა, რას გაიგებ ვისი გული რა ნაღველს იტევს, ამიტომ სხვისი განკიცხვა ყველაზე დიდი უნამუსობაა.

ერთი რამ კი, ზუსტად ვიცი, რომ ის საკრალური „სამი წელი“ სიმართლეა. 

როცა ფიქრობ, ღმერთო როდის გამიშვებს ყელში ჩარჩენილი ტკივილი და უცნაური დაძაბულობა, უნდა იცოდე, რომ ახლობლის დაკარგვიდან ზუსტად მესამე წელს რაღაცნაირად მოდიხარ აზრზე. 

არ ვიცი ეს „სამი წელი“ როგორ მოქმედებს შვილმკვდარ დედებზე, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში, შველის. ტკივილი რჩება, მაგრამ ყოველ წამს აღარ გაწუხებს და ყოველ ღამე არ ტირი.

ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ყველას თავის ახლობელზე ჰგონია, ვაიმე ამას რამე რომ მოუვიდეს იმ წამსვე მოვკვდებიიცით რა? შეუძლებელია საკუთარი რეაქციის წინასწარ განსაზღვრა.. უკვე მერე, როდესაც ოდესღაც ცოცხალი საყვარელი ადამიანის მკვდარ, ცივ სხეულს უყურებ და თან ფიქრობ, რომ შენ უნამუსოდ, უსინდისოდ ცოცხალი ხარ, უკვე იმ მომენტშივე ხვდები, გააგრძელებ ცხოვრებას თუ არა. და სხვათაშორის ასეთ მომენტებში ადამიანს რაღაც უცნაური იმუნინეტიც უჩნდება, რომელიც მის გადარჩენას ცდილობს, რაღაც შინაგანი ხმა გიკრძალავს სიკვდილს. 

ხო, საკუთარი თავი გძულს იმის გამო, რომ ცოცხალი ხარ, რომ ცხოვრობ, მაგრამ, თუ არც ინფარქტმა დაგარტყა და არც ინსულტმა და ცოცხალი ხარ და ცხოვრობ, ესეგი ასეა საჭირო! ესეგი ჯერ არაა შენი ამ ქვეყნიდან წასვლის დრო. ესეგი ცხოვრებას სჭირდები და ჯერ არაა შენი მისია დასრულებული.

გადის წლები და ადამიანი ხვდება, რომ მართლაც ასე იყო საჭირო, მართლაც ჯერ გასაკეთებელი საქმეები აქვს. 

არასოდეს არ თქვა, ვაიმე ამას რამე რომ მოუვიდეს მოვკვდები. არ მოკვდები. ათასში მხოლოდ ერთი ალბათობაა, რომ მოკვდე. და კიდევ, არავისი განკიცხვა არ გაბედო. შენ არ იცი, როდის რა დაგემართება და რას იგრძნობ მაშინ..

No comments:

Post a Comment