Saturday, 25 August 2018

პარიზი - მისია შესრულებულია


Побывать в Париже и умереть.. 


ერთი კვირის წინ ჩემი ნათესავი პარიზში მიდიოდა. 

- "რომ ჩახვალ, პირველივე დღეს, აუცილებლად ეიფელთან სურათი გადაიღე და ფბ-ზე დაპოსტე მეთქი" - (ვიხუმრე ჩემი ჭკუით).

- "აუცილებლად რატომ?"-ო 

- "იმიტომ, რომ პარიზში მოხვედრის და ეიფელთან სურათის გადაღების შემდეგ, ყველა ადამიანის ცხოვრების მისია შესრულებულია და იმ უდიდესი "მიღწევის" მერე თამამად და არხეინად შეუძლია მოკვდეს" - ძაააააააან დებილურად ვიხუმრე :)) 

- "იცი რა, დიახაც. მე მთელი ცხოვრება მინდოდა ეიფელთან სურათის გადაღება, ყველას აქვს იქ სურათი და მე რატომ არ უნდა მქონდეს? ახლა ამის შანსი მომეცა და გადავიღებ კიდევაც! და საერთოდ, შენს უაზრო ნარცისისტულ სელფებს ნამდვილად ჯობია ეიფელთან ფოტო" - ტიპს სერიოზულად ეწყინა. 

(რაში მჭირდებოდა საუბრის გაგრძელება არ ვიცი)

- "მოიცა, სერიოზულად ამბობ? მართლა ოცნებობდი ეიფელთან ფოტოზე?

- "თუ მინდა რომში შადრევანთან გადავიღებ სურათს, თუ მინდა მაღაზიის ვიტრინასთანო, არავისი საქმე არაა" - ისტერიკა დაემართა ტიპს.

ეიფელთან სელფი გადაიღო თუ არა, არ ვიცი იმიტომ, რომ მეგობრობიდან წამშალა. არადა, ძალიან მაინტერესებს, "შეასრულა ცხოვრების მისია" თუ არა? :)




Saturday, 4 August 2018

იდიოტი თუ ჭკვიანი ხარ?


რა არის "ჭკვიანობის" ინდიკატორი? 

მაგალითად, ტიპი მათემატიკოსია, ფიზიკოსია, ან გენიალურ ლექსებს წერს, შესანიშნავი თარჯიმანია, კარგი პოლიტოლოგია, მწერალია და ა.შ, მაგრამ რაღაცა პოსტს დაწერს, ან ისეთ რამეს წამოაყრანტალებს, გინდა თუ არა გაიფიქრებ: "შიგ აქვს ამ საწყალს". თუმცა, ეს შენ ფიქრობ, "რომ შიგ აქვს". შენი კოლეგის თვალში მაგალითად, ის ტიპი უჭკვიანესი, უნიჭიერესია.

ისე, დოსტოევსკისთან, აინშტაინთან და სტივ ჯობსთან გამოლაპარაკების შანსი რომ გქონოდა, მათზეც იტყოდი, რომ იდიოტები არიან. იმიტომ, რომ ჩვენი მოსაწონი არ არსებობს. ლიტერატურის ლექტორი მახსოვს, რომელიც სტუდენტებს გვიმტკიცებდა, გალაქტიონი დეგენარატი იყოო.  ანუ, რაც გინდა იყავი, კრიტიკას მაინც ვერ გადაურჩები. ვიღაცას მაინც არ მოეწონები.

სოციალურ ქსელებში ეს ძალიან ნათლად ჩანს. ანუ ჩანს ვინ იდიოტია. ვინ ჭკვიანი.

ყველას უნდა, რომ ყველაზე ჭკვიანი იყოს. მაგალითად, ტიპი ორ კილომეტრიან გაუგებარ ტექსტებს პოსტავს და პრეტენზია აქვს, რომ მისი სიტყვიერი ფაღარათი ყველამ უნდა გაიგოს და ყველას მოეწონოს. მისიდებილური ტექსტის მიმართ რამე კითხვა რომ გაგიჩნდეს, დაღლილი ვირის სიფათით "მიგახვედრებს", რომ შენშია პრობლემა თუ ვერ გაიგე მისი "ზეჭკვიანური" აზრები. 

ინტერნეტი ყველა ერთუჯრედიანს მისი მავნებლური "აზრის გამოთქმის" საშუალებას აძლევს, მაგრამ, არაუშავს, მაინც ძალიან კარგ ეპოქაში ვცხოვრობთ, რადგან იგივე სოციალური ქსელების მეშვეობით, ადამიანის უკეთ დანახვის საშუალება გვაქვს. 
ანუ, ადრე მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ დეგენერატი ხარ ახლა კი, ყველამ იცის ეს. 

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ნუ ირჯები, ყველაზე ჭკვიანად მაინც არავინ არ ჩაგთვლის. იმიტომ, რომ ყველას საკუთარი თავი სხვებზე ჭკვიანი ჰგონია. და საერთოდ, რაც გინდა ჭკვიანი და ნიჭიერი იყავი, კიმ კარდაშიანის ტრაკი მაინც ყველაზე პოპულარული და "მოთხოვნადია"! ჰო და, დაიკიდე.. ან შენც გაიხადე, რავი..

Thursday, 26 July 2018

რატომ არ მოგწონს შენი თავი


საკუთარი თავის მიმართ ანტიპატიით არავინ არ იბადება. 
ეს გრძნობა  "კეთილი" გარშემომყოფების "დახმარებით" ყალიბდება: 
ჯერ მეექვსე კლასში, უზრდელი კლასელი გეუბნება რომ ყურშა ხარ, რას ჰგავხარ, დიდი ცხვირი/პირი ან თავი გაქვს და საერთოდ მუდო ხარ. მერე მშობელი გეუბნება, რომ "აგერ მეზობელ ნანიკოს შვილი" პიანინოზე უკრავს და იტალიურად ლაპარაკობს, შენ კი უნიჭო ხარ. რამდენიმე წლის შემდეგ, მშობელი ისევ გემდურის: ნანიკო დეიდას შვილი "კარგ ბიჭზე" გათხოვდა, შენ კი, წესიერს არავის უნდიხარ. "აგერ, მეზობლის ვაჟმა სამედიცინოზე ჩააბარა, ცნობილი ქირურგი გახდება", "შენ კი, არაფრის მაქნისი და უნიჭო ხარ"! მერე უნივერსიტეტში "კეთილი" მეგობრები გამცნობენ, რომ გოგო, რომელიც მოგწონს, თურმე ვიღაცის დაბადების დღეზე შენზე ძალიან ცუდად ღადაობდა. 

მერე, (თუ გოგო ხარ) შენი შეყვარებული სოციალურ ქსელში მეგან ფოქსის ან ემილი რატაკოვსკის ბიკინიან ფოტოს პოსტავს და ირიბი, თუ პირდაპირი ტექსტით "გაცნობებს" რომ შენ კი არა, ის არის მისი ოცნების ქალი! შენ კი, დიეტებზე ზიხარ, საკუთარი თავი გეზიზღება და ცხვირის ოპერაციაზე ოცნებობ. 

გარშემომყოფები ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, დეგენერატობის ან ბოღმის/შურის გამო პერიოდულად შენს გაბანძებას ცდილობენ და კარგს არაფერს გეუბნებიან. შენც სხვა რა გზა გრჩება, ბოლოს იჯერებ, რომ უნიჭო არარაობა ხარ. 

საერთოდ, ძალიან უნდა გაგიმართლოს ახლობლებში და მეგობრებში, რომ ნორმალური თვითშეფასების მქონე ადამიანად ჩამოყალიბდე. განსაკუთრებით კი, მეგობრებში უნდა გაგიმართლოს, რადგან სწორედ მათ ვითომ მეგობრულ "შეფასებებს" და რჩევებს შეუძლიათ სერიოზული კომპლექსები გაგიჩინოს. ძალიან ბევრ მშვენიერ მოზარდ გოგოს ჰგონია, რომ შეუხედავია, იმიტომ, რომ გარშემომყოფები ასე აგრძნობინებენ და პირიქით, ძალიან ხშირად, არც ისე ლამაზი გოგო, საკმაოდ თავდაჯერებულია და სულაც არ იხრჩობა კომპლექსებში, იმიტომ, რომ დედიკო და დაქალები სულ ეფერებიან. 

ასე იწყება თვითშეფასების ჩახშობის ამბავი და თუ ჭკვიანი ხარ, ადრე თუ გვიან გაუმკლავდები ამ ზეწოლას, საკუთარ თავზე იმუშავებ და კომპლექსები იმდენად აღარ შეგაწუხებს. თუ არ ხარ ჭკვიანი ან დროზე ვერ გიშველეს, მაშინ საკუთარი თავით და ყველაფრით უკმაყოფილო დეპრესიულ არსებად ჩამოყალიბდები.

"აუუუ, მე ვერცერთ ჩემ ვიდეოს ვერ ვუყურებ, იმიტომ, რომ არ მომწონს", - მითხრა 20 წლის გოგომ. ლამაზი იყო და ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე ამ ასაკში ნორმალურია, როცა საკუთარი თავი არ მოგწონს და გინდა, რომ სარკეში "ვიქტორია სიკრეტის" ქენდის სვეინდოპულსს ხედავდე. 

მაგრამ მეორე, საშუალო ასაკის ქალის აღსარებამ ძალიან შემაღონა: "მე საკუთარი ხმაც და საერთოდ ჩემი ყველაფერი მეზიზღება. თავიდან ბოლომდე საკუთარი თავი მეზიზღებაო" . 

შევხედე იმ ქალს. ნორმალური ქალია, ცოტა მოსუქებული, შესაძლოა თავის დროზე ლამაზიც იყო. 
- "არასწორად ფიქრობთ" - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე პასუხად. 

ეჰ, "ნეტავ რომელმა არაკაცმა ჩაგაფურთხა სულში" მინდოდა მეკითხა, მაგრამ თავი შევიკავე. ფაქტია, რომ ქალის ასეთი სულიერი მდგომარეობა ისევ ადამიანის არაადამიანურობის შედეგია. მერე გავიგე, რომ იმ ქალს აბიუზერი და მოძალადე ქმარი ჰყავდა. 

საერთოდ, ქალიან-კაციანად, ადამიანების უმრავლესობას დაახლოებით ასეთი დაბალი თვითშეფასება აქვს. რა თქმა უნდა, ამას მალავენ და სელფებიდან ვითომ უდარდელად იკრიჭებიან, მაგრამ  მაინც ძალიან ეტყობათ, რომ სინამდვილეში ძალიან, ძალიან არ მოსწონთ საკუთარი თავები. რომ ჰკითხო, ვითომ თავმოყვარეობაც და თვითშეფასებაც არ აკლაით. 

ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ სინამდვილეში გეზიზღება საკუთარი თავი, გარეგნობა და ცხოვრება. მომენტ, მართლებიც არიან, რა აქვთ მოსაწონი? ცხოვრებამ (თუ გარემომ) ეს ადამიანები ისეთ კონდიციამდე მიიყვანა, რომ საკუთარი თავები ეზიზღებათ. თავს არ უვლიან. ჯანსაღად არ იკვებებიან. არ ვარჯიშობენ. მთელი ცხოვრება მოუქნელი ინდაურებივით უაზროდ დაბაჯბაჯებენ, 24 საათი საჭმელზე ფიქრობენ და ერთადერთი ოცნება აქვთ, რომ როგორმე ძუნძგლიანი ხელფასები დაზოგონ და შვებულების იმ პერიოდში, "როცა ყველა სადღაც მიდის", მალდივებში წავიდნენ, ქმართან ერთად იქაურ საოცარ თეთრ ქვიშაზე მოფსან და მერე ფეისბუკი ააჭრელონ. მთელი სიამოვნება კი, მალდივებში გატარებულ დროში კი არა, იმის წარმოდგენაშია, რომ ოფისებში ყავის სმისგან გაყვითლებული კოლეგები იმ ფოტოებს ნახავენ და "შურით გასკდებიან".

ადამიანების გაბოროტების მიზეზიც, სწორად საკუთარი თავის მიმართ ზიზღია, რომელსაც ისინი ვითომ მალავენ და უფრო ნევროტიკულები ხდებიან. არადა, ხომ შეგიძლია, დაიკიდო ყველა და ისეთი იყო, როგორიც გინდა, რომ იყო? ეს ყველას შეუძლია. უნიათო, უნებისყოფო, უაზრო ხარ, საკუთარ თავზე მუშაობა გეზარება, იმიტომ, რომ სტიმული და მოტივაცია არ გაქვს. მოტივაცია კი, იმიტომ არ გაქვს, რომ მოტივაცია თავისით არ მოდის. მოტივაცია შენ უნდა შეუქმნა საკუთარ თავს. 

კი ბატონო, ძნელია კარგი განწყობის, ლამაზი ფიქრების და მოვლილი, ლამაზი გარეგნობის შენარჩუნება. კიდევ უფრო ძნელია საკუთარ თავზე მუშაობა. კარგი წიგნების კითხვა დამღლელია ალბათ. 
გაცილებით უფრო ადვილია ჭამა და ჭორაობა. უფრო სასიამოვნოა გემრიელად ჭამა, დივანზე წამოწოლა და რეალობას აცდენილი იდიოტური ფილმების ან "ჩემი ცოლის დაქალების ყურება. ასეთი "დაღლილი ვირების" ლოგიკაა: მაინც მოკვდები კაცო, ჭამე, სვი და დივანზე დაეგდე.

რა ნაირად უნდა მიიყვანო თავი ისეთ კონდიციამდე, რომ სარკეში საკუთარი ანარეკლი გეზიზღებოდეს? და თუ მიიყვანე იმ კონდიციამდე ესეგი ხარ კიდევაც საზიზღარი, იმიტომ, რომ სასიამოვნო ადამიანი გულისამრევად არ გამოიყურება. დიახ, გარეგნობა და იმიჯი შენი სავიზიტო ბარათია. დიახაც, მოწესრიგებული გარეგნობაა ადამიანის სავიზიტო ბარათი. სწორედ გარეგნობაა მისი აზროვნების და ცხოვრების წესის ინდიკატორი. აქ ცხვირის ფორმა ან მკერდის ზომა არ იგულისხმება. სილამაზე გაკეთებული ცხვირი და გამობერილი ტუჩები არ არის. სილამაზე - თავის მოვლას და ჯანმრთელობას გულისხმობს. საკუთარი ტრაკის ზომას თუ ვერ აკონტროლებ, სხვა რისი გამკონტროლებელი ხარ შენ?

იშვიათი გამონაკლისების გარდა, საზიზღარი და მახინჯი არავინ არ იბადება. 
ეს მერე, არასწორად ჩამოყალიბებული აზროვნება და არასწორი ცხოვრების წესი ამახინჯებს ადამიანს. აზროვნების სტილი და ცხოვრების წესი თანდათანობით ადამიანის სახეზეც აისახება. შენი სილამაზე და სიმახინჯე, შენი ბიოგრაფიის და შინაგანი სამყაროს ანარეკლია. 


Monday, 16 July 2018

როგორ არ გახდე დეპრესიული ბოღმა


ორი ადამიანის საუბარს მოვკარი ყური: "აუუუ, რა დროს შენი დიეტა და დეტოქსია, როცა მსოფლიოში ასეთი ამბები და უბედურებები ხდება რა!". 

უბედურებები სამწუხაროდ, ყველგან და ყოველთვის ხდება და კონკრეტულად რომელს გულისხმობდა არ ვიცი. ალბათ ტყის ხანძრებს, სახლებში გაზის გაჟონვებს, აფეთქებებს, ვირუსულ ეპიდემიას ან ომებს: სირიას, მიანმარს, აფრიკაში შიმშილისგან მომაკვდავ ბავშვებს, ტერორიზმს და კიდევ რამდენი უბედურებაა ვინ ჩამოთვლის.

ერთის მხრივ კარგია პლანეტის ასეთი გულისხმიერი, მგრძნობიარე მოქალაქე რომ ხარ და ყველაფერი გულთან ახლოს რომ მიგაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველა ამ უსამართლობის და უბედურების მისატირებლად მთელი ცხოვრება არ გეყოფა და რა გინდა რომ ქნა? 

მაშინ სიხარულის და ბედნიერებისთვის ერთი წამიც არ დაგრჩება და იტირე მთელი ცხოვრება. ცხოვრებას ოფიციალურად ჯოჯოხეთი დავარქვათ და იეღოველების ბროშურების ფერად სურათებზე ასახულ ჯადოსნურ დროს დაველოდოთ, "როცა ტანჯვა აღარ იქნება". ან რეინკარნაციას "და შემდეგ დაბადებას" დაველოდოთ, სადაც უფრო მდიდრები და ბედნიერები ვიქნებით სხვა სამყაროში, სადაც კიმ კარდაშიანი ან პერის ჰილტონი თავის პოპულარულ დებთან ერთად დანგრეულ სირიაში იცხოვრებენ, უბედური სირიელი ლტოლვილი გოგო კი, დედოფალი რანია იქნება. 

რას იზამ, ჩვენთვის გაუგებარი კანონზომიერება აქვს ამ პლანეტას: ზოგი ადამიანი ცივილიზებულ ქვეყანაში იბადება და ცხოვრებით ტკბება, ზოგი კი, ისეთ ქვეყანაში იბადება, სადაც სულ ომი და ხალხებს შორის კონფლიქტებია, იქ სადაც აქლემებს და ვირებს ქალებად, ქალებს კი, ცხოველებად თვლიან. 

ზოგი აფრიკაში შიმშილისგან იხოცება, ზოგი ევროპაში მილიარდერია, ზოგი აზიაში ოქროს უნიტაზზე ჯდება და უსაქმურობისგან პიკასოს აჯღა-ბუჯღებს ყიდულობს. 
ზოგი 100 წელი ცხოვრობს, ზოგი ახალგაზრდა კვდება. ზოგი სახლში, თავის საწოლში კვდება, ზოგი ავია-კატასტროფაში. ზოგი კონდიციონერიან ოფისში მუშაობს და 10 ათასს იღებს, ზოგი კი თაკარა მზის ქვეშ ცემენტს ეზიდება და კაპიკებს იღებს. ზოგი ჭკვიანია, ზოგი დებილი. ზოგი ლამაზი, ზოგი მახინჯი. 

მაგრამ აბსოლუტურად ყველას აქვს ცხოვრების შეცვლის შანსი. 

ზოგს ნაკლები შანსი აქვს, ზოგს მეტი, მაგრამ ყველას შეუძლია თავი დააღწიოს თავის უბედურ მდგომარეობას და  უკეთეს პირობებში გადავიდეს.

შენ შენი ქვეყანა არ მოგწონს, მაგრამ უფრო უარესიც ხომ არსებობს, მაგალითად, ინდოეთის პროვინციაში, ავღანეთში ან პაკისტანში დაბადებას, მირჩევნია საერთოდ არ დავიბადო. ნორმალურ პირობებში, ადამიანურად თუ ვერ იცხოვრე, სიკვდილი რითია უარესი?

საკუთარ "უბედურ" არსებობას თუ ვერ ეგუები, მაშინ  შეუძლებელი შეძელი და შეცვალე ცხოვრება. აბა საჯაროდ ვაი-ვიშს და საყვედურს რა ხეირი აქვს?

უსამართლობები, უბედურებები, ტორნადოები, ომები და ვირუსები სულ იყო და სამწუხაროდ, იქნება კიდევაც. დეპრესიით, ბოღმით და თმის წეწვა-გლეჯვით ვერ უშველი ამ ყველაფერს. ან თუ უშველი, მხოლოდ საკუთარი წვლილი სიკეთით, კარგი მაგალითებით უშველი და არა დეპრესიით ან ბოღმის ფრქვევით.

ისე კი, ადამიანი ერთხელ თუ ჩამოყალიბდა უჟმურ, დეპრესიულ, დაღლილ ვირად, ის ასეთ არსებობას სულ გააგრძელებს და ყველაფერს მოიმიზეზებს თავის და სხვების ხასიათის გასაფუჭებლად. დეპრესიული ბოღმა ტიპი უსუპერეს პირობებშიც რომ გადაიყვანო, მაინც არ მოიშორებს "დაღლილი ვირის" სიფათს და ისევ გააგრძელებს წუწუნს, იმიტომ რომ "უბედურება" და დეპრესია მისი კომფორტის ზონაა. 

ბედნიერება თავშია, უფრო სწორად ტვინშია, სწორად აზროვნებაში და არა სხვა ქვეყანაში ან სხვასთან.

დეპრესიული ადამიანები სერიოზული მიზეზის ან პრობლემის გარეშეც მთელი ცხოვრება ტირიან, იწყევლებიან თავს იცოდებენ და მათი შემხედვარე ბედნიერი ხალხიც კომპლექსდება, მათ ყმუილს უერთდება და ასეთ დროს სხვისი უდარდელობა გამაღიზიანებელი ხდება.

ვიღაცა თუ ბედნიერია და მისთვის დიეტა, დეტოქსი, მასაჟი ან აუზის არჩევა ყველაზე მთავარი პრობლემაა, ეს მისი საქმეა, მისი ნებაა და მისი ცხოვრებაა. მსოფლიოში ან  თუნდაც გვერდით სოფელში მომხდარი უბედურება მისი ბრალი არაა და ვერც მოსთხოვ, რომ იტიროს, იგლოვოს და თავი მოიკლას.

საკუთარ პრიორიტეტებსაც - რაზე იდადროს, რა უხაროდეს ყველა ადამიანი თავად განსაზღვრავს. დაე, ყველა ბედნიერი იყოს და ღმერთმა სადარდებელი არ მისცეს. 
რაც უფრო მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება, მით უფრო უკეთესი იქნება სამყარო. 

რა იცი, იქნებ ის ბედნიერი ადამიანი, რომელსაც შენი აზრით "ცხოვრებაში გაუმართლა", არც ისეთი ბედნიერია, როგორც შენ გგონია? ან იქნებ შემდეგ დაბადებაში ბანგლადეშის რომელიმე სოფელში დაიბადება? 
ჰო და, აცადე ნორმალურად იცხოვროს და ზედმეტი ბღავილის გარეშე მისტირე უსამართლო სამყაროს. 

მესმის რომ ცხოვრებისგან დაღლილ, განაწყენებულ ადამიანებს ესიმპათიურებათ უბედური ხალხი, სხვისი ბედნიერება კი აღიზიანებთ, მაგრამ
 მაინც თავი ხელში აიყვანონ რა. 
კი ბატონო, ყველაფრის მიმართ გულგრილი რობოტი ვერ იქნები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ცხოვრების კანონზომიერება, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგები.

Sunday, 20 May 2018

"ელიტური" ჭორიკანები

კოლეგებზე ან მეზობლის რძალზე ჭორაობისას ტიპიურ ჭორიკანას ოდნავ შესამჩნევი, პატარა სიმწრის გრძნობა აქვს, რადგან მაყვალაზე ჭორაობით ის მაყვალას ხდის აქტუალურ თემად, ეს იმას ნიშნავს, რომ მაყვალას ცხოვრება საინტერესოა და საერთოდ, მასზე ჭორაობა ზედმეტი პატივია მაყვალასთვის.  

ჭორაობა ცუდია, მაგრამ სხვა თუ არ გაჭორე თავს არარაობად იგრძნობ, იმიტომ, რომ სხვისი გაშავების ხარჯზე შენს უბედურ თვითშეფასებას იმაღლებ. 
ამიტომ, ახლობელ-მეზობელზე ჭორაობა თუ გერიდება "ტელევოზორის" ხალხი გაჭორე - ნანუკა ჟორჟოლიანის ჩაცმულობაზე იღადავე, შორენა ბეგაშვილის საყვარლების სია შეადგინე, "ჩემი ცოლის დაქალების" ჩიკაზე და კიკაზე იჭორავე. 

გაინტერსებეს რას აკეთებს უფრო "მაღალხარისხიანი", "ელიტური" ჭორიკანა?  ის ბუკინგემის სასახლეს ბინადრებს ჭორავს. ეს ძალიან პრესტიჟულია :)) ამ დროს სინდისიც არ აწუხებს, პირიქით განათებული სახით ამაყად ყვება, რომ "მეგანისნაირი" დიადემა მისი მაზლის ცოლის ნათლიის შვილსაც ეკეთა ქორწილში და ძალიან ამაყობს, რომ ვიღაცა მაყვალაზე და ჩიკაზე კი არა, თავად დედოფალ ელისაბედზე და მის ოჯახზე ლაპარაკობს. 

ანუ, დაბალი დონის ჭორიკანა თავის ნაცნობებზე ჭორაობს, "მაღალი დონის" ჭორიკანა კი, "მსოფლიო ელიტაზე" :)

როცა შენი ჭორაობის ობიექტი, მაგალითად, მეზობელი ან კოლეგა მდიდარ კაცს გაჰყვა ცოლად და ახლა სეიშელის კუნძულებზე თაფლობის თვეზეა, მასზე ჭორაობა სიამოვნებას აღარც განიჭებს, იმიტომ, რომ გშურს მისი. ამიტომ ჯობია მაღალი დონის ჭორიკანა იყო და ისევ პრინც ჰარიზე, მეგანზე, ელისაბედზე და ვიქტორია ბექხემზე იჭორავო, იმიტომ, რომ ეს უფრო დაგამშვიდებს.

ელიტურ პერსონებზე ლაპარაკით, შენც "გაელიტდები" და სეიშელზე მყოფ ნაცნობ მაყვალასაც აგრძნობინებ, რომ "გკიდია" მისი ბედნიერება და აგერ მეგანი ვაბშე მაგარი გოგოა და ვაბშე პრინცს გაჰყვა ცოლად)

"- გოგო, იცოდი, რომ  დევიდ ბექჰემმა ვიქტორია სასამართლოში გაიცნო?
- არა გოგო რას ამბობ, ვივიენ ვესტვუდის ძმისშვილის დაბადების დღეზე გაიცნო, მე ეგრე ვიცი.
- აუ კარგი რა, მე მასწავლი ახლა? მაგათი საგვარეულო და მთელი ისტორია ვიცი ზეპირად" - ამაყად აცხადებს ქათმუშკა და თან უხარია, რომ ამ ქვეყანას ზუსტად იმ მისიით მოევლინა, რომ ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ცხოვრების არაოფიციალური მემატიანე იყოს. ისე, "ცუდ ჭორიკნობას", "ელიტური ჭორიკნობა" ჯობია არა? 

ვიღაცის რეპუტაციის გაფუჭებით საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას და საერთოდ ასეთ ცოდვის ჩადენას არ ჯობია ისევ ჩიკას ქმარზე და ვიკას ფეხსაცმელზე ილაპარაკო? ცნობილი ბრენდები "განიხილო", ან ის - მონიკა ბელუჩი უფრო ლამაზია თუ სოფია ლორენი.

ნორმალურ ადამიანს არ უნდა აინტერესებდეს უცხო ადამიანების ცხოვრების დეტალები და არ უნდა განიხილავდეს ამას, როგორც დღის მთავარ მოვლენას, მაგრამ საკუთარი ცხოვრება როცა უფერული გაქვს, სხვა რა გზა დაგრჩენია?

- ვაიმე გოგო, გუშინ ნანუკას ისეთი ლამაზი ზედა ეცვა... 
- მე კიდე, მაია ასათიანის ლიფი მომეწონა
- ლიფი სადღა შეამჩნიე გოგო?
- ოხ, ხომ იცი, მე ვერაფერს ვერ გამომაპარეეეებ... 



Monday, 23 April 2018

ნაცემი ქალები


აბა თუ ქალი ხარ, ნებისმიერ ქალს: ლამაზს, მახინჯს, მაღალს, დაბალს, მსუქანს, გამხდარს, ბებერს, ახალგაზრდას, ჭკვიანს, შტერს, ერთი გაუბედე და რამე დაუწუნე, შენიშვნა მიეცი ან გააკრიტიკე, ის მაშინვე ძუ ლომად იქცევა: "აბა რას ამბობ შენ ტუტუცო ქალო, მე სუპერ-ქალი ვარ, არავისზე ნაკლები ვარ", ყველაზე მაგარი ქალი ვარ-ო-  ჩხუბს დაგიწყებს და ყველაფერს გაიპუტავს. 

ქალი ქალს არ დააჩაგვრინებს" თავს, მაგრამ მამრთან კუდამოძუებული ძუკნასავით არის. ვერ ვიტან ასეთ ქალებს. 

ქმარი, საყვარელი, შეყვარებული, "იობარი", რა ჯანდაბაც გინდა დაარქვი, იმ სირისგან, ხშირად დაუმსახურებლად ყველაფერს ჭამს და ყლაპავს ეს "ამაყი" ქალი. მერე რა რომ, მამრი მას სულ ლანძღავს და არც მალავს, რომ ფეხებზე ჰკიდია, აკრიტიკებს, შეურაცხმყოფას აყენებს, თავს არარაობად აგრძნობინებს, სხვა ქალების მიმართ ინტერესაც არ მალავს, ღალატობს, ან  სცემს. ყველაფერს ითმენს ქათამი ქალი. "ზატო" კაცი ჰყავს, ესეგი "შემდგარი ქალია". 

კაცი თუ ჰყავს, ეს ნაცემი, ნაფურთხი ქათამი ქალი, "არავისზე ნაკლები ქალი არაა" და ესეც ჰყოფნის ბედნიერებისთვის. ბედნიერების მაჩვენებელი მისთვის მამრის ყოლაა. რა ჰქნას, სხვა ქათმუშკების საჩვენებლად ცხოვრობს და.

არავის არ უყვება იმას, რასაც სახლში იტანს. იხტიბარს არ იტეხავს. "ბედნიერი ოჯახის" პატრონია!! და მერე რა, რომ ერთი საათის წინ კუდამოძუებული იდგა და მამრის ლანძღვა-კრიტიკა-გინებას უსნმენდა, ახლა გარეთ არის და სხვებთან კუდის აწევას ცდილობს, ვითომ არაფერი მომხდარა. არავისზე ნაკლები ქალია! მთავარია ნახირში ვირი ჰყავს.

კუდამოძუებულებს ჰგონიათ, რომ ლანძღვა, გინება, შეურაცხმყოფა და ღალატი მამრთან ურთიერთობის განუყოფელი კომპონენტებია, რომ ეს ნორმაა და უნდა აპატიო. "სიყვარული და პატივისცემა კინოშია"- ფიქრობენ ქათმუშკებირეალში კი, კუდამოძუებული, ნაცემი ქალები არსებობენ მხოლოდ.

ნაცემი, შეურაცხყოფილი გარეთ გადის და კუდის აწევას ცდილობს მაგრამ, ამოძუებული კუდი იაპონური წებო წასმულივით მაინც ეკვრება ტრაკზე და ძალიან, ძალიან ეტყობა, რომ ნაცემი, ნაფურთხი და დაჩაგრულია.

30 წლის ზრდასრულმა ქალმა თავის დაქალზე მითხრა: რა ვქნა, ვეღარ ვურეკავ, ჩემი ქმარი მიკრძალავს მასთან ურთიერთობასო! აი ამას მეუბნემა უმაღლესი განათლების მქონე თანამედროვე ქალი. რა სირცხვილი და სილაჩრეა ღმერთო. მე 10 წლის ძმისშვილს ვერ ვუკრძალავ ვერაფერს, ბავშვი ისეთი გააფრთრებით იცავს თავის უფლებებს და ეს 30 წლის ვირი: "ქმარი მიკრძალავსო"! კი ღირსია, ქმარმა რომ სცემოს, მაგრამ მაინც მეცოდება.

დღეს ქალები პარლამენტში კვოტებს ითხოვენ, მაგრამ სახლში ისევ კუდამოძუებულები დგანან ქმრების წინ და საკუთარ დედასაც მოკლავენ, ოღონდ მამრი ჰყავდეთ. 

ნუ იქნები ასეთი უთავმოყვარეო წაკლა რა.

Monday, 19 March 2018

ღმერთები და მავნებლები


ალექსნადრე გრეჰემ ბელი, გულიელმო მარკონი, ალექსანდრ პოპოვი, ბორის როზინგი, მაქსველი - რადიოს და ტელევიზორის შემქმნელები ცოცხლები აღარ არიან. ინტერნეტის, სოციალური ქსელების, აიფონების, სმართფონების და საერთოდ, თანამედროვე ადამიანების სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო ტექნოლოგიების შემქნელებიც არ იცხოვრებენ 200 წელი და კაცობრიობამ შეიძლება მალევე დაივიწყოს ის სიკეთე, რაც ამ ადამიანებმა დაუტოვეს მსოფლიოს, მაგრამ ისინი მაინც ღმერთები არიან და იქნენიან, იმიტომ, რომ მათი ცხოვრება, სხვა მოკვდავებისგან განსხვავებით, უაზრო ტარაკნის ან ცხოველის არსებობა არ იყო, რომელიც მხოლოდ ჭამს, კუჭზე გადის, კომედი შოუს უყურებს, მასტრუბირებს, ფეისბუკზე იგინება, სძინავს და მერე  ყველაფერს ისევ თავიდან იწყებს.

მხოლოდ ტექნოლოგიების შემქმნელები არა, სხვა ადამიანებიც, რომლებმაც კაცობრიობას სიკეთე მოუტანეს, რამე გვასწავლეს და ისტორიაში ღირსეული კვალი დატოვეს, ღმერთები არიან.

აუცილებელი არ არის, რომ შენც დიდი გამომგონებელი, მწერალი, ხელოვანი, ექიმი ან რევოლუციონერი იყო და მსოფლიო შეცვალო, მაგრამ ხომ შეგიძლია არ იყო ბრბო, არ იყო ერთი უაზრო მიკრობი, მავნებელი მწერი?

მიკრობული აზროვნება იმ მომენტიდან იწყება, როცა ყოველგვარი ანალიზის უნარს მოკლებული ერთუჯრედიანივით სხვების მიერ თავს მოხვეული „სიმართლეების“ და იდეების „მიმდევარი“ ხდები.

მიკრობული აზროვნება არის ის, როცა, "ბრბო საითაც იქაჩება, შენც იქითკენ იქაჩები" და ჯოგში სხვებთან ერთად ყროყინებ და სხვებს ბაძავ.

ერთია, როცა საკუთარი იდეალები გაგაჩნია და თანამოაზრეებს ეძებ და სულ სხვაა, როცა სხვის „იდეალებს“ ემსახურები და უაზრო ჭანჭიკად, მარიონეტად არსებობას აგრძელებ.  

ადამიანები ცხოველებისგან რით განსხვავდებით? იმით, რომ ადამიანს ფიქრის და აზროვნების უნარი გააჩნია. და თუ ის არ აზროვნებს და არაფერს მნიშვნელოვანს არ ქმნის, მის ნაცვლად კი, სხვები ფიქრობენ, - ის  ადამიანი არა, ცხვარია.

ზოგჯერ ასეთ ცხვარს ჯოგში უფრო აქტიური ცხვრობა უნდა და ხმამაღლა ყროყინს იწყებს. არა, განა მნიშვნელოვან ან სასარგებლოს რამეს ქმნის, ის, აკეთებს იმას, რაც ყველაზე ადვილია: მავნებლობს, სხვებს აგინებს, აგრესილული ხდება და ნორმალურ ადამიანებს უქმნის პრობლემებს. 

მაგალითად, მიდის და რელიგიური ფანატიკოსების შეურაცხად ბრბოს უერთდება, მაგრამ, არ იცის, რომ 
ღმერთს უსაქმურების აგრესიული ყროყინი არაფერში სჭირდება, ღმერთს უნდა, რომ კარგი ადამიანი იყო, რამე კარგის შემქმნელი და კაცობრიობისთვის ხეირის მომტანი იყო. იყო პიროვნება და არა მავნებელი ბრბო.

ისეთ სულით ავადმყოფებს ვიცნობ, რომლებიც ამაყად აცხადებენ, რომ ღმერთი საკუთარ მშობელზე და შვილებზე მეტად უყვართ. ასეთმა არაადეკვატურმა არსებამ ცოლის ან შვილის ღირსების დასაცავად შეიძლება თითიც ვერ გაანძრიოს, მაგრამ, მისი სარწმუნოების შეურაცმყოფისთვის ადამიანს მოკლავს. 

იმიტომ, რომ მისი ლოგიკა ტრაკიდან მოდის.

აბა მითხარი, რაში სჭირდება ღმერთს ასეთი მიკრობის მავნებლური და უაზრო თაყვანისცემა და სიყვარული? 


Monday, 5 February 2018

მე სოციოპატი


თურმე ადამიანების გადამტერება ყოველგვარი კონფლიქტის, ცუდი მზერის, ან აუგი სიტყვის გარეშეც შეიძლება. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებისთვის იგნორი ყველაზე შეურაცხმყოფელი და მტკივნეულია. ეს ჩემთვისაა ალოგიკური და გაუგებარი ის, თუ რატომ უნდა მეწყინოს ადამიანის, რომელსაც არ ვაინტერესებ, მაგრამ ბევრი ასე არ თვლის. 

თურმე უნდა გაინტერესებდეს. ფეხებზეც რომ გეკიდოს, მაინც ვალდებული ხარ, გამოელაპარაკო და მოიკითხო. ამას ადამიანები "ზრდილობას" ეძახიან. როცა გეტყობა, რომ გარკვეული ინდივიდი მაგრად გკიდია, ესეგი "უზრდელი" ხარ. 

ყოველდღე ერთსა და იგივე დროს, მაღაზიაში, ტრანსპორტში, სამსახურში ან სხვა ადგილას, სადაც რეგულარულად დადიხარ, ათასი ჯურის ხალხს ხვდები და ყველას მოკითხვის და ყველასთან "ზრდილობიანად" გამოლაპარაკების ენერგია საიდან უნდა გქონდეს მოცლილი თუ არ ხარ? 

ადამიანებთან, რომლებიც ჩემში მცირე ინტერესსაც არ იწვევენ, გამოლაპარეკებაც მეზარება და ძალიან მღლის. რატომ უნდა დავხარჯო დრო ისეთ ნათესავებზე ან კოლეგებზე, რომლებთანაც საერთო არაფერი მაქვს? 
თურმე "კოლეგიალურობის" ან "ზრდილობის" გამო თავი უნდა მოიკატუნო, ვითომ  დიდ პატივს სცემ. თუ არადა ცუდი ადამიანი ხარ. გულგრილობის გამო უკვე ცუდი ადამიანი ხარ. 

ადამიანებს შეუძლიათ მთელი დღე ერთმანეთზე სისაძაგლეები ილაპარაკონ, ერთმანეთს საქმე გაუფუჭონ, მერე კი "კოლეგიალურობის მაგალითის" ან "ზრდილობიანი" გოგო/ბიჭების როლი ითამაშონ. მაგრამ, საერთოდ არაფერი რომ არ ილაპარაკო, არაფერი რომ არ თქვა და უბრალოდ თავი შორს დაიჭირო, შენი "ცოდვა", ყველა ინტრიგანის და ჭორიკანას "ცოდვაზე" ხუთასჯერ უფრო მძიმე ხდება თურმე. 

სოციოპათიის მშვენიერი მხარე ის არის, რომ შეგიძლია დაიკიდო ყველა ინდივიდი, ვისაც მუტანტად თვლი და ახლოს არ მიუშვა. მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც "სხვებს ისეთად იღებს, როგორებიც არიან". არ ვაწუხებ, არ შემაწუხოს. 

ამ გიჟ-გადარეულ სამყაროში, შენთვის მისაღები ახლობლების წრე თუ არ შექმენი და სელექციური გადარჩევა თუ არ ჩაატარე, შეუძლებელია შენც არ გაგიჟდე. 


Thursday, 11 January 2018

"ლეკვური სიხარული"


ბევრ კაცს იცნობთ, რომელიც ყველა სოციალურ ქსელში ისტერიულად აქვეყნებს ფოტოებს ან ვიდეოებს წარწერებით: "ვაიმე, ხალხო, გოგომ/ქალმა ქმრობა მთხოვა" - "ვაიმე, სიხარულისგან მეშვიდე ცაზე ვარ" და მსგავსი ყლეობები? 

არა, ხო? იმიტომ, რომ არცერთი ნორმალური კაცი არ იტყვის, რომ რომელიმე ქალზე, ქეთინოზე, აიშაზე ან ტატიანაზე დაქორწინებაზე ოცნებობს. შეიძლება მართლაც ოცნებობს, მაგრამ ამას ხმამაღლა არ იტყვის, იმიტომ, რომ "ტეხავს". მართლაც ტეხავს. ქალისთვის კიდევ უფრო სამარცხვინოა, იმიტომ, რომ ასეთი უაზრო სიხარულით ქალი აღიარებს, რომ მთელი ცხოვრება იჯდა და ოცნებობდა, რომ რომელიმე სირი მას ცოლობას სთხოვდა. ანუ ისეთი საცოდავი ჩლუნგია, რომ ვიღაცა სირის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 

ეს ძალიან სამწუხაროა. ცოტა მეტი თავმოყვარეობა არ აწყენდა გოგოებს რა.

ამას წინათ, ასეთი დებილური დიალოგის მომსწრე გავხდი და ძალიან დამწყდა გული:

- "აუუუ მე უნდა ვიტიროოო, კი ვიცი, რომ სისულელეა, მაგრამ გიო ხელს რომ მთხოვს, ვიცი, რომ აუცილებლად ვიტირეეებ? - სენტიმენტებს ყრიდა ერთი გოგონა. 

- "მე კიდე არ მესმის რა, სამი წელი ხვდებით ერთმანეთს და ხომ იცი, რომ ადრე თუ გვიან დაქორწინდებით და რატომ უნდა იტირო, ვითომ დიდი სიურპრიზი იყოს შენთვის? - უპასუხა მეორემ (ცოტა უფრო დალაგებულმა).

ყველა უთავმოყვარეო ქალზე ნერვები მეშლება. მასეთი უტვინო წაკლების ბრალია, დღეს ქალები საცოდავ პოზიციაში, რომ არიან და რომ მათი ცხოვრების ერთადერთი მიზანი გათხოვება, მერე კი, ერთ ერთ ბავშვთან ერთად განქორწინებაა. 

ისე რა გასაკვირია მასეთების სიხარული? აი რა, იქნება ახლა სამი წლის მერე, სულაც რომ არ სთხოვოს იმ გიომ ხელი და უსინდისოდ მიატოვოს? დარდისგან მოკვდება საწყალი გოგო ალბათ. ცხოვრების ერთადერთი აზრი დაეკარგება. თუმცა, ასე იშვიათად ხდება და დიდი ალბათობით, ის ბიჭი "წაიყვანს ცოლად", იმიტომ, რომ "შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჯობიაო" იფიქრებს  თან, ახლების ძებნაც დაეზარება :)

აბა წარმოიდგინე მამრი, რომელიც ქალის ნაჩუქარ ბეჭედს უყურებს და  სიხარულისგან 
ძაღლუკასავით ხტუნაობს: "ვაიმე, ვაიმე სიხარულისგან უნდა ჩავიფსაო". 
როგორი სანახავი იქნება ეს? 
მაგრამ ასე არ ხდება. 
რა სამწუხაროა, რომ მხოლოდ ქალს შეუძლია საქორწინო ბეჭედის დანახვაზე სიხარულისგან ჩაიფსას.

ამ შემთხვევაში კაცი უფრო თავშეკავებულად იქცევა: რამე უფრო მასშტაბური ოცნებები თუ არ გააჩნია, ჩუმად მაინც დაეგდება და სამარცხვინო სიხარულების გამოხატვებით თავს არ შეირცხვენს.

ქალების ზედმეტმა აქტიურობამ მამაკაცები იმდენად გაათავხედა, რომ ის საოცნებო ბეჭედიც შენ უნდა უყიდო, მერე ლეკვივით სიხარულისგან იხტუნავო და იმ წამსვე ინსტაგრამში დაპოსტო ფოტო ჰეშ-თეგით: #ოცნება ამისრულდა! 

სიყვარული არ არსებობსო. აბა, როგორ უნდა გიყვარდეს უაზრო ქალი, რომელმაც გათხოვება ცხოვრების მთავარ ოცნებად და მიზნად აქცია? 
ქალი, რომელიც 24 საათი ფინია ძაღლივით კუდში დასდევს კაცებს.

ნორმალურ კაცს და ნორმალურ ქალს ბევრად უფრო სერიოზული მიზნები, გეგმები და ოცნებები უნდა ჰქონდეთ ვიდრე შეჯვარება და იაფფასიანი "რომანწიკა". 

საქორწინო ბეჭედის დანახვაზე სიხარულისგან ჩაფსმა და ამ ცირკის "ოცნებად" დარქმევა ერთუჯრედიანების ხვედრია. 
მთელი ცხოვრება იჯდე იოცნებო იმაზე, რომ ვიღაც სირიკო ბოლოს და ბოლოს ბეჭედს გაჩვენებს, იმ სიტუაციას ჰგავს, როცა მშიერი ძაღლი პატრონისგან ნანატრ ძეხვს ელოდება.