Tuesday 16 August 2016

ტანი - ქალღმერთი, სახე - ბებერი თხა

სხეულს თუ ტანს ფიტნესებით და დიეტებით უშველი, მაგრამ სახე ისეთი ოხერია, რაც გინდა გააკეთე, მთელი შენი ბიოგრაფია და განვლილი ცხოვრება მაინც სიფათზე გეწერება. ანუ, შინაგანად თუ იხრწნი და იტანჯები ეს აუცილებლად თვალებზე, გამომეტყველებაზე დაგეტყობა.
***
ცხელი ზაფხულია. ჩემს წინ ქალი დგას ზურგით. მოხდენილი, გარუჯული, გრძელი შავი თმებით. ლამაზი თეთრი კაბა აცვია. მის ლამაზ სილუეტს ეტყობა, რომ სადღაც 40-45 წლისაა. მონიკა ბელუჩის, მაკა ასათიანის და მეგან ფოქსის mix-სი წარმოვიდგინე და მოუთმენლად ველოდები, როდის მოტრიალდება, რომ ამ ქალღმერთის ლამაზი სახეც დავინახო. 

მერე, მის ალბათ ოდესღაც ლამაზი თვალების ქვეშ უსიამოვნო შეშუპებებს ვხედავ, პირის გარშემო ნაოჭებს, გამომჭკნარ კანს, ნატანჯ გამომეტყველებას, დაღლილ მზერას, რომელშიც იმედგაცრუება, სასოწარკვეთა და რაღაცნაირი გულგრილობა ერთად იკითხებოდა. 

აღფრთოვანების ნაცვლად უცებ სიბრალული ვიგრძენი. ეს არ იყო ქალღმერთი. ეს იყო ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც მზერაზე ეტყობოდა, რომ დამჭკნარ სილამაზეს მისტიროდა და ეგონა, რომ მოხდენილი სხეულით, რუჯით და მოკლე კაბით ისევ იმ ახალგაზრდა გოგოშკას დაემსგავსებოდა, როგორიც ადრე იყო. ისიც ჩანდა, რომ ფიტნესი მისი სხეულისთვის უცხო არ იყო. ეტყობოდა, რომ კარგა ხანს შრომობდა ფიტნეს-დარბაზში და ახლა „პლიაჟზე“ შედეგების დემონსტრირების დრო იყო. ხომ უნდა აჩვენოს პატარა შაურმისტ-ფასტფუდა გოგოებს რა არის მაგარი ქალი

ფასტფუდებს დიდი ხანია აღარ ჭამს, მაგრამ დილას ისევ ყავით და სიგარეტით იწყებს. იმიტომ, რომ ეს იმიჯია, - "საბედისწერო ქალი" ყავის, სიგარეტის და ალკოჰოლის გარეშე წარმოუდგენელი ჰგონია. 
ფიტნესი კარგია, მაგრამ "ბავშვი კი არ ვარ დილა რძით და ვაშლის წვენით დავიწყოო"და საერთოდ, "ყავა და სიგარეტი ძალიან სექსუალურია". ოღონდ


40 წელს რომ გადაცდება "სვეტსკი" გოგოს შეშუპებული სახე შარშანდელ კარტოფილს დაემსგავსება. ფიტნესი აღარ შველის. 
ტანი მოხდენილია, მაგრამ სახე მაინც ბებერი. იმიტომ, რომ სპორტ-დარბაზში ძალიან გვიან მივიდა. უკვე შეშუპებული სიფათით მივიდა. იმიტომ, რომ ფიტნესი მანამდე უნდა დაიწყო, სანამ ბებერი თხის სიფათი გექნება.

იმიტომ, რომ მავნე ჩვევების მავნებლობა მითი კი არა - მწარე რეალობაა. იმიტომ, რომ სტრესი, ნერვი, ბოღმა, შური, სასოწარკვეთილობა, იმედგაცრუება და ყველა ნეგატივი სახის ნაკვთების ყველა უჯრედში მყარად ჯდება და იმ სახეს ბუდდაც ვეღარ გააკეთილშობილებს. 


No comments:

Post a Comment