Friday, 14 June 2013

Celebrit-იზმი და ხელმისაწვდომი რეჟისორი


საგაზეთო სტატიისთვის ფოტოები ჰოლივუდელ რეჟისორ კრისტოფერ კოპოლას მე გადავუღე, (ჩვეულებრივი კინკილა ფოტოაპარატით), თუმცა მასთან ერთად ფოტოს გადაღება აზრადაც არ მომსვლია. საერთოდ, ჟურნალისტობის პერიოდში არცერთ ცნობილ რესპოდენტთან სურათის გადაღების სურვილი არ მქონია.

შემდეგ, როდესაც რედაქციაში ვბრუნდებოდი გზაში ვფიქრობდი ვინანო თუ არ ვინანო, რომ სელებრითებთან ერთად ფოტოებს არ ვიღებ.

სელებრიტებთან ერთად ფოტოების გადაღება არ მიყვარს და არ მესმის რა საჭიროა. რატომ უნდა გადავიღო ფოტო ადამიანთან, რომელიც არც ჩემი მეგობარია, არც კოლეგა, არც ნათესავი და არც ახლობელი?

ეს კრისტოფერი ნაკლებად ცნობილია ვიდრე მისი ძმა ნიკოლას ქეიჯი ან ახლო ნათესავი სოფია კოპოლა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ყოფილიყო აქ მისი ძმა ნიკოლას ქეიჯი  ან თუნდაც ბრედ პიტი, მადონა, ჯულია რობერთსი ან სხვა რომელიმე ჰოლივუდელი ვარსკვლავი, მე მაინც, რაში მჭირდება მათთან ერთად გადაღებული ფოტო? 

რაში სჭირდებათ ზრდასრულ ადამიანებს სელებრითებთან "სამახსოვრო" ფოტოს გადაღება? ალბათ აქ იგივე მომენტია, როდესაც პატარა ბავშვს მულტფილმის გმირთან მიკი-მაუსთან ან სპაიდერმენთან უნდა სურათის გადაღება. ეს "ვარსკვლავები", ათასობით ფანებთან ერთად იღებენ სურათებს. მერე ფანები სელებრითებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოცქსელებზე დებენ და იდიოტივით უხარიათ, ეუფ "მიკი-მაუსთან" გადავიღე ფოტო, რა მაგარი ვარ! 

ალბათ, გულის სიღრმეში ისევ პატარა ბავშვები ხართ, ინფანტილურები ხართ. "მიკი-მაუსთან", მონიკა ბელუჩისთან, ბრედ პიტთან, პრემიერ-მინისტრთან ან ბერასთან ფოტოს გადაღება გინდათ. ვინმე ცნობად სახესთან ერთად გადაღებული ფოტოთი ტრაბახზე დიდი იდიოტიზმი რა უნდა იყოს?

ახლა კი, კოპოლაზე.. 
პროექტ - "ხელმისაწვდომი ჰოლივუდი"-ს ინიციატორი ამერიკელი რეჟისორი კრისტოფერ კოპოლა ისეთივე ხელმისაწვდომია, როგორიც მისი პროექტის სახელწოდება. თბილისში სტუმრობის დროს ის ადამიანებთან ადვილად შედიოდა კონტაქტში, საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ვარსკვლავების ოჯახიდან არის და აშკარად არ იყო საკუთარი სელებრითობით გათამამებული. როგორც თვითონ მითხრა ინტერვიუს დროს, მისთვის ყველა ადამიანი ვარსკვლავია და რომ "ტელევიზორის ვასკვლავების" გაღმერთება დიდი სისულელეა. 

ეს კაცი ცნობილი რეჟისორის ფრენსის კოპოლას ძმისშვილია, ნიკოლას ქეიჯის ძმა, და სოფია კოპოლას ბიძაშვილი. თავად არ არის ძალიან ცნობილი მსოფლიოში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვარსკვლავების ოჯახის წევრია უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თავში აუვარდეს, მაგრამ კრისტოფერი ასეთი არ არის. მან იცის რა არის პოპულარობის პიკზე ყოფნა და იცის რა არის ვარსკვლავების მოჩვენებითი ბედნიერება. როგორც თავად ამბობდა, მისთვის მთავარი და საინტერესო "ადამიანის ფენომენია", "ადამიანებს შორის ურთიერთობები, სულიერი ფასეულობები და ა.შ". 

მისი თქმით, ვარსკვლავი ის არის, ვინც თავის საქმეს სიყვარულით აკეთებს, ვინც სამუშაო პროცესით ტკბება და არ ფიქრობს ამბიციებზე და პოპულარობაზე. მას მიაჩნია, რომ თუ პოპულარობა თვითმიზნად აქციე და მუშაობის პროცესი არ განიჭებს სიამოვნებას, წარმატებულიც ვერ იქნები.

"The best actors and actresses think: I just like to act and if success happens this is good, if not, this is my job!” ამბობს კოპოლა.

კრისტოფერ კოპოლა ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ძალიან კეთილი თვალები აქვს და შანსი არ არის, რომ არ მოგეწონოს, როგორც პიროვნება. მისი თქმით, ნამდვილი ვარსკვლავები უფრო შეგნებულები არიან, თავს ღმერთებად სულაც არ თვლიან და არც ვარსკვლავური დაავადება სჭირთ.

რატომღაც ის გამახსენდა, ბავშვობაში თურქი მომღერალი მუსტაფა სანდალი რომ მომწონდა და ასე 12-13 წლისას ვოცნებობდი, რომ გავიზრდებოდი და შევხვდებოდი მას. გავიდა 15-16 წელი და იმ ვარსკვლავს მართლაც შევხვდი ინტერვიუს ჩასაწერად, მაგრამ ძალიან დიდი იმედგაცრუება მქონდა. რეალში არ იყო ისეთი სიმპატიური, შავი, პატარა ტანის უჟმური კაცი აღმოჩნდა:)) თანაც, ტიპი აშკარად კამერის წინ თამაშობდა და ყალბ როლებში შედიოდა. მასთან ერთად ფოტოს გადაღების სურვილიც არ გამჩენია. მაგრამ, მის სიმღერებს დღემდე ვუსმენ, სიმღერებმა რა დააშავეს? :))) უბრალოდ, უკვე ვიცი რომ, ერთი ჩვეულებრივი პატარა შავი კაცია მუსტაფა სანდალი.   

Thursday, 14 February 2013

პოპულარობის ფენომენი

ერთი მოქალაქე სსრკ-ს პირველ მდივანთან ლეონიდ ბრეჟნევთან ხელის ჩამორთმევის შემდეგ ორი კვირა არ იბანდა ხელებს. იმავე წლებში (70-იან წლებში) ერთი კაცი მსახიობ რომი შნაიდერზე ისე ყოფილა შეყვარებული, რომ შნაიდერის გათხოვების გამო თავის მოკვლაც უცდია. 

რამდენიმე წლის წინ ერთერთ რუსულ არხზე დოკუმენტალური ფილმი ვნახე, რომლის მთავარი გმირი „ვარსკვლავური სიყვარულის“ გამო ციხეში მოხვდა. ის თავის კუმირთან - ამიტაბხ ბაჩანთან შესახვედრად, ინდოეთში წასვლისთვის ფულს აგროვებდა და ამის გამო, დანაშაულიც კი ჩაიდინა. 

ვარსკვლავების გაფეტიშების შესახებ უამრავი ტრაგი-კომედიური ისტორია ვიცით. 

ჩემი აზრით, ეს სერიოზული ფსიქიკური აშლილობაა. საბედნიეროდ, დღეს ასეთი იდიოტების რიცხვი ადრინდელზე გაცილებით უფრო ცოტაა. მაშინ ინტერნეტი არ იყო და „უნახავობის“ პერიოდი იყო ალბათ. 60-70-იან წლებში, როდესაც რეალურ ცხოვრებაში პომადით მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები სარგებლობდნენ, ეკრანის დედოფლები სოფი ლორენი და ბრიჯით ბარდო ქალღმერთებად ითვლებოდნენ. დღეს კი, სოციალურ ქსელებში ყველა ქალი „ვარსკვლავია". 100 ათასი ფოლოვერი და უკვე "რიჰანა" ხარ :) 

ბავშვობაში ვაკვირდებოდი "ჩვეულებრივი" გარეგნობის დეიდებს, რომლებმაც არ იცოდნენ სიტყვა „მაკიაჟი“ და ვფიქრობდი, ნეტავ რატომ არ ჰგვანან ესენი „ტელევიზორში მცხოვრებ“ ქალღმერთებს და ნეტავ "საიდან ჩნდებიან" ის ულამაზესი ქალები,  ახლა კი ვიცი. ჩვენ თვითშეფასებაზე ძალიან დადებითად იმოქმედეს ეკრანული ქალღმერთების უმაკიაჟო სიფათების და ცელულიტიანი ფეხების ფოტოებმა. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ უნაკლო გარეგნობის ქალღმერთები მხოლოდ ბერძნულ მითოლოგიაში არსებობენ. დღეს სილამაზის ღმერთი - ფოტოშოპი და ფილტრია. 

დღეს უკვე ვიცით, რომ ეკრანული ზოროები, რობინ ჰუდები, სუპერმენები, ჟოფრეები და რომანტიკული ფილმების ვნებიანი გმირები რეალურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი კინკილა კაცუნები არიან. დღეს მსახიობები და მომღერლები „ღმერთები“ აღარ არიან. მათი შესაშური პრივილეგიები დღეს მხოლოდ მრავალმილიონიანი ჰონორარებია. 

გოგონების უმრავლესობა ეკრანულ ვარსკვლავებს არ ჩამორჩება. დღეს პოპულარობა უფრო ადვილია. ამისთვის სოციალური ქსელები არსებობს. 

ჩვენ გვგონია, რომ ვარსკვლავები „ჩვეულებრივ მოკვდავებზე“ უფრო ბედნიერები არიან. წესით უნდა იყვნენ კიდევაც. მე მაგალითად ძალიან გამიკვირდა, როდესაც ყველა ქალის „იკონას“ - ანჯელინა ჯოლის ინტერვიუები წავიკითხე, რომ ყველაზე მდიდარი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ცნობილი ქალი თურმე საათობით იკეტება აბაზანაში და ტირის, ხშირად სიკვდილზე ფიქრობს და თვითმკვლელობის მცდელობებიც ჰქონია. თურმე ბავშვობიდან დეპრესიული ყოფილა. ნუ, ყველაფერი აქვს ამ ქალს, კიდევ რა ჯანდაბა უნდა ბედნიერებისთვის? 
პრინციპში, ადამიანები ერთნაირად უბედურები ვართ, მაგრამ ამ ვარსკვლავების ცხოვრება ხომ უფრო აწყობილია და შესაბამისად, მათი ფსიქიკაც უფრო გაწონასწორებული არ უნდა იყოს? ალბათ პოპულარობის ეიფორიის შემდეგ სიცარიელე მოდის. ცნობადობის სინდრომით ავადდებიან. ჰგონიათ, რომ თუ მათ ცნობენ და მათი სახელი იციან, ესეგი ხალხს სჭირდებიან. მერე ხვდებიან, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა. ნებისმიერი ვარსკვლავის სახელიც და სახეც ადვილად წაიშლება ხალხის მეხსიერებიდან თუ ის ერთ-ორი წელი ეკრანზე არ გამოჩნდება.  

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პოპულარობის და ძალაუფლების წყურვილის მიზეზი არასრულფასოვნების კომპლექსია. მაგალითად ბიჭი, რომელსაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, შესაძლოა მომამავლში კარგი მეცნიერი ან "ვარსკვლავი" გახდეს. უფრო თავდაჯერებული ბიჭი კი, რომელიც ბავშობიდან სიყვარულის გარემოში იზრდებოდა, გარკვეულ ასაკში პიროვნულ ზრდას წყვეტს. ანუ, ამბიციების მთავარი მოტივატორი არასრულფასოვნების კომპლექსი და ბავშური ტრავმებია. 

ყოველ წელს ჰოლივუდში ათასობით ლამაზი გოგოები მიდიან, სადაც წლების განმავლობაში „შავ სამუშაოს“ ასრულებენ და რომელიმე ცნობილ რეჟისორთან შეხვედრაზე ოცნებობენ. დიდ სცენაზე გასვლამდე პორნო-მსახიობობაზე თანხმდებიან ან შოუ-ბიზნესის "შემქნმნელების" სექს-სათამაშოებად იქცევიან. ერთი ფსიქოლოგი თავის ბლოგში წერდა როგორ მოდიოდნენ მის კაბინეტში მოტყუებული, დამცირებული, იმედგაცრუებული და ფსიქიკურად ტრავმირებული ქალები, რომლებმაც „ვარსკვლავობისკენ მიმავალ გზაზე“ შეურაცყოფის და დამცირების ყველა ეტაპი გამოიარეს.

პოპულარობა და „ზოოპარკის ეფექტი“...


ყველა ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გარეთ გავა და მისი პიროვნებით დაინტერესებული ჟურნალისტების არმია დახვდეbა. ალბათ კარგია, როცა ყველა გცნობს, მაგრამ მგონია, რომ ვარსკვლავი თავს გალიაში მოთავსებული ცხოველივით გრძნობს, რომელსაც ყველგან მოცლილებისგან შემდგარი პუბლიკა კუდში დასდევს. 
ეს „ზოოპარკის ეფექტი“ გამაღიზიანებელია, მაგრამ ადამიანებს აინტერესებთ როგორ გამოიყურება ეკრანული ვარსკვლავი რეალურ ცხოვრებაში და ისევე, როგორც ზოოპარკში დათვის ან მაიმუნების სანახავად, საყვარელი ვარსკვლავის სანახავად იკრიბებიან.