Saturday, 18 May 2019

თავის შეცოდება - პასიური აგრესია. როგორ არ გახდე მსხვერპლი?


დეილ კარნეგის წიგნები ჭკვიანებმა 17 წლის ასაკში წაიკითხეს, დანარჩენებმა კი, მისი კითხვა (ნიცშეს "ვოლუნტარიზმთან" ერთად) 40-45 წლის ასაკში დაიწყეს.. :)

ვისაც თავის დროზე წაკითხული გვაქვს, ალბათ გვახსოვს მისი სიტყვები: "ნუ ელოდებით ადამიანებისგან უფრო მეტ მადლიერებას, ვიდრე ქრისტემ მიიღო მათგან.." ბევრმა ეს სიტყვები ვერ გაიაზრა და თავისი გაკეთებული მილიგრამიანი სიკეთის სანაცვლოდ უსასრულო მადლიერებას ელოდება. ნუ, ალბათ ადამიანური მომენტია: "სიკეთე ხომ მხოლოდ მადლობების მისაღებად კეთდება". განა ბევრი ადამიანი იღებს უანგარო მადლის ქმნისგან ნამდვილ სიამოვნებას?

თქვენს მეგობრებსაც კი, მხოლოდ იმიტომ ეხმარებით, რომ მთელი დანარჩენი ცხოვრება თქვენი მადლიერები და მოვალეები იყვნენ. აბა გაბედოს მეგობარმა ან ახლობელმა და დაივიწყოს შენი გაკეთებული სიკეთე! სანამ ცოცხალი ხარ მის უმადურობაზე სულ ქორწილებში და ქელეხებში ილაპარაკებ. 

ის კი არა, ქუჩაში მათხოვარსაც იმიტომ უგდებ 20 თეთრს, რომ ეს "სიკეთე" "ღმერთმა დაგიფასოს" და "უკან დაგიბრუნოს". ანუ, ღმერთი რომ არ არსებობდეს ის 20 თეთრიც დაგენანება მათხოვრისთვის. მოკლედ, არ ხარ გულწრფელი და შენც იცი ეს.

ანგარებიანი და ეგოისტი არსებაა ადამიანი. სიკეთეს მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ თავის ე.წ."ბენეფიციარს" მთელი ცხოვრება დააყვედროს და დაავალდებულოს: "აგერ, მე ეს გაგიკეთე, ის გაგიკეთე, შენ კი უმადური ხარ".

არადა, როგორც ზემოდ ვახსენე, უმადურობაც ისეთივე "ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია", როგორიც, ვთქვათ, მლიქვნელობა, ქვემძრომობა, ორპირობა, აფერისტობა და ასე შემდეგ და წესით ეს არ უნდა გვიკვირდეს და არც უნდა გვწყინდეს. 

იდეაში, სიკეთე ადამიანებით მანიპულირების საშუალება არ უნდა იყოს. ანუ, ვინმესგან მადლიერებას თუ ელოდები, ესეგი შენი გაკეთებული სიკეთე, სიკეთე კი არა,  "ბარტერული ბიზნესია". ასეთ სიკეთეს არც ღმერთი, არც ადამიანი არ დაგიფასებს რა ტქმა უნდა. ადამიანები მადლიერების გრძნობას ძალიან მალე იკიდებენ ფეხზე და არავინ არავისი მადლიერი არ რჩება სიცოცხლის ბოლომდე.

ზედმეტად კეთილსინდისიერი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც სიკეთით მანიპულატორების მსხვერპლნი ხდებიან. არა, მე კი არ ვამბობ უმადური იყავითქო, უბრალოდ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთე ჩვეულებრივი, ნორმალური აქტია (თუ ქმედება), რომელსაც ყველა ადამიანი უნდა აკეთებდეს. ოღონდ, თუ ამას ანგარებით ან ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით აკეთებ, ამას უკვე აღარ ჰქვია სიკეთე.

მაგალითად, ტოკსიკური და ეგოისტი მშობლები მთელი ცხოვრება თავიანთი შვილებით სწორედ მადლიერების გრძნობით მანიპულირებენ: "მე გაგაჩინე, გაგზარდე, ამდენი ამაგი მაქვს ჩადებული შენში, შენ კი, უმადური შვილი ხარ, იმიტომ, რომ ისეთი არ ხარ როგორიც მე მინდა, ისე არ ცხოვრობ, როგორც მე მაწყობს" და ასე შემდეგ. საწყალი ბავშვი კი, იტანჯება, მას თავისი ცხოვრებით უნდა რომ იცხოვროს, ბედნიერი იყოს, მაგრამ მშობლებიც ეცოდება, გული სწყდება, "იმედები გავუცრუეო", ნერვიულობს. მერე, აი მერე, უკვე 60 წლის ასაკში ხვდება, რომ არავის წინაშე ვალდებული არ იყო და დედამ ის იმიტომ გააჩინა, რომ ჯერ გათხოვება უნდოდა, მერე კი, დედამთილი ახრჩობდა შვილიშვილს როდის მაღირსებო. ანუ სულაც არ ხარ ვალდებული, რომ დედიკოს ან მამიკოს დაკრულზე იცეკვო!!!

კაცს ცოლი მოჰყავს, მერე მისგან ოთხი ანგელოზივით შვილი უჩნდება, მერე გადის წლები, ადამიანები იცვლებიან და იმ ქმარს შვილების დედა ძველებურად აღარ უყვარს, მასთან ბედნიერი აღარ არის და მხოლოდ ვალდებულების ან მადლიერების გამო ვერ შორდება. მასთან ერთად მონოტონურ არსებობას აგრძელებს ცხოვრების ბოლომდე. აქაოდა, რას ამბობ, "ოთხი შვილი "მაჩუქა", ტრაკზე ცელულიტი ჩემთან თანაცხოვრების დროს გაუჩნდა და როგორ მივატოვოო ახლა"? ქალიც ხვდება ამას და სწორედ მადლიერების გრძნობას აწვება, "ნამუსზე აგდებს" ქმარს: "თუ წახვალ შვილებს არ გაჩვენებ" და ა.შ.  ან თავს იმსხვერპლებს: "შენ უნამუსო, ცოდვილო, ღმერთი არ გაპატიებს, ჩემი საუკეთესო წლები შენთან გავატარე, ოთხი შვილი გაჩუქე, ჯანმრთელობა დამიზიანდა, გავსუქდი, ფსიქიკა გამიფუჭდა და ახლა აღარ მოგწონვარ ხო?" 

მოკლედ, კლასიკა უკვდავია! ადამიანები მანიპულატორები არიან. 

ის, რომ ერთად გატარებულ წლებში ბევრი ბედნიერი წუთებიც იყო და ოთხი ან ხუთი მშვენიერი შვილი ორივე მშობლის არის, მანიპულატორს არ ჰყოფნის, იმიტომ, რომ ქმარი სამარემდე მისი საკუთრება ჰგონია და სინდისზე აწვება, ბოჭავს კოჭებამდე, "მადლიერ" ქმარს კი, ჰგონია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვალდებულია მის დამჭნარ ტრაკს ჩაეხუტოს, თუ დაშორდება "არაკაცია" და ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება. უთავმოყვარეო ქალი კი, მთელი დარჩენილი ცხოვრება წასულ ქმარს ლანძღავს და წყევლის. ერთი ასეთი ქალი ყოფილ ქმარზე ამბობდა: "ის უმადური ნაბიჭვარი ჩემი გაზრდილია, ჩემი! იმდენი ფული დავხარჯე მის ბიზნესებზე, გართობებზე და კომფორტებზე, ის საცოდავი პირადად ჩემი წყალობითაა დღეს ადამიანი". ნუ, რაღაც მომენტში ის ქალიც მართალია, მაგრამ რა ვიცი რა.. საყვარელ ადამიანში "ჩადებულ ინვესტიციებზე" და მის უმადურობაზე ლაპარაკი ცოტა რთული მომენტია. ეს დაახლოებით იგივეა მომაკვდავი ჩიტი გადაარჩინო და რომ გამოკეთდება აღარ გაუშვა, გალიაში ჩასვა და "საით მიფრინავ, შენზე ამდენი ამაგი მაქვს დახარჯულიო" იძახო. 

საერთოდ, ვინმეს თავი უმადურობის მსხვერპლად თუ გამოყავს, ან უბრალოდ მოსწონს მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა, ესეგი მანიპულატორი და ეგოისტია. სიკეთის დაყვედრება, თავის შეცოდება და მსხვერპლად წარმოჩენა - არის პასიური აგრესია და ბოროტება. ერიდეთ ასეთებს და დაიკიდეთ მადლიერება.



Monday, 29 April 2019

აი ასე არ უნდა გიყვარდეს ადამიანი


ჩვენი სტუდენტობის დროს ერთ ჩემ მეგობარს მომავალი ექიმი ბიჭი მოსწონდა. 

ის ბიჭი სამედიცინოზე სწავლობდა და ჩემი მეგობრის სიტყვებით "ყველანაირად იდეალური" იყო. ეს გოგოც ბებიების და დეიდების მოსაწონი, კარგი და დასაოჯახებლად იდეალური კანდიდატურა იყო, მაგრამ იმ "იდეალურ" ბიჭს სხვა "მომავალი ექიმი" გოგო უყვარდა. ჩემი მეგობარი იმ ბიჭს აღმერთებდა, ის ბიჭი კი, სხვა გოგოს.

გრძნობების გამხელას აზრი არ ჰქონდა, რადგან ის ბიჭი გამუდმებით თავის საოცნებო ქალბატონ ექიმზე ლაპარაკობდა: "ლინდა (პირობითად ასე დავარქვათ) ასეთია, ლინდა ასე იტყოდა, ლინდა სწორად იკვებება, ლინდამ იცის ცხოვრებისგან რა უნდა" და ასე შემდეგ. მოკლედ ის "იდუმალი" ლინდა იყო რაც იყო. 

მერე როგორც გავიგე, ის ნაქებარი ლინდა ჩემი თანასკოლელი აღმოჩნდა და ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემი აზრით, იდეალისგან შორს იყო. ჩვეულებრივი დაბალი, პუტკუნა გოგო იყო და უნაკლო თეთრ კანს თუ არ ჩავთვლიდით, სულაც არ იყო ლამაზი. ხასიათებითაც რაღაცნაირი, თავისებური იყო და მეგობრის მონაყოლზე სიცილით ვკვდებოდით: "ის შენი ექიმი ბიჭი ბრმაა თუ იდიოტი? რა იდეალი? ჩვეულებრივი ფრიადოსანი, კაპრიზული და ჯიუტი ბოჩკაა ეს ლინდა. შენ უფრო მაგარი გოგო ხარ, დაიკიდე და მიდი გაუმხილე შენი გრძნობები იმ შენს ალენ დელონს და იქნებ გქონდეს შანსი" - ვამხნევებდით.

"აუ, არა, რას ამბობ, ალეკოს ძალიან მოსწონს ის გოგო. ამბობს, ლინდა  მოწესრიგებულია, ფაკულტეტზე ყველაზე კარგად სწავლობს და ყველაზე მაგარია, ვისაც ვიცნობო. თებერვალში, სიყვარულის დღეზე სიურპრიზს უმზადებსო".

ნუ, რადგანაც ასე იყო, ყველანი იმ სიყვარულის გაგრძელებას ველოდებოდით და გვეგონა რომ, ის "იდეალური" ბიჭი "იდეალურ" ლინდაზე დაქორწინდებოდა და "იდეალური", ბედნიერი წყვილი იქნებოდნენ.

გავიდა 15 წელი.

"იდეალური" ლინდა (მაშინდელი გაგებით "ქულ" რომ ითვლებოდა) ერთ "მოძველბიჭო ელემენტს" გაჰყვა ცოლად, რომელიც ჯერ ციხეში მოხვდა, მერე რომ გამოვიდა მოკლეს. ლინდა მარტოხელა დედა დარჩა. სწავლას თავი დაანება და ექიმიც ვერ გახდა.

ის "იდეალური ბიჭი" ამ დრომდე უცოლო იყო, ლინდას ვერ ივიწყებდა თუ სხვა მიზეზი ჰქონდა, არ ვიცი, თუმცა, სწავლა გააგრძელა და ექიმიც გახდა. გასუქდა, გაღიპიანდა, თმა გაუთხელდა და იმ სიმპატიური ბიჭისგან ლოყებიანი ბლინის სიფათი დარჩა.

ჩემი "ჯულიეტა" მეგობარი კი, ცხონებული ბებიაჩემის არ იყოს, ვიღაც "უხეირო" ტიპს გაჰყა და ახლა ღიპიანი უსაქმურ-უდარდელა ინფანტილური კაცის ნევროზიანი, მაგრამ ყოჩაღი ცოლია.


კიდე გავიდა წლები და ის "იდეალური" ლინდა სადღაც შემხვდა. ცოტა ხანი ვისაუბრეთ და ვერ მოვითმინე იმ "იდეალურ" ბიჭზე ვკითხე. 

- "ალეკოს რატომ არ გაყევი ცოლად?" 

- "უი, რას ამბობ? ვინ, ალეკოს? მას მე ვუყვარდი რო?" - ისე გაუკვირდა, მეგონა სხვაში ამერია. 

- "კი, უყვარდი ძალიან. შესაფერის მომენტს ეძებდა, რომ სიყვარული აეხსნა შენთვის, მაგრამ ეს რატომ ვერ გააკეთა არ ვიცი".

- "კი ვხვდებოდი, რომ ჩემს მიმართ ინტერესი ჰქონდა, მაგრამ, ჩემთვის არაფერი უთქვამს და რა ვიცი აბა" - მითხრა ლინდამ.

- "რომ გცოდნოდა მისი სიყვარულის შესახებ გაჰყვებოდი ცოლად?" - ვკითხე.

- "რა ვიცი აბა, ყველაფერია შესაძლებელი" - მითხრა.

გაოგნებული დავემშვიდობე ლინდას. ვფიქრობდი, რა უცნაურია ეს ცხოვრება. იმ ბიჭმა ვერ აუხსნა ლინდას სიყვარული, იმიტომ, რომ ნამეტანად აღმერთებდა, აიდელიზირებდა მას და დაკომპლექსდა, არ დამიწუნოსო.

ჩემი საწყალი მეგობარი კი, წლების განმავლობაში მალავდა გრძნობებს, იმიტომ, რომ ეგონა მისი "იდეალური" ბიჭი და ლინდა დაქორწინდებოდნენ. 

და ლინდა? ლინდამ მის ამხელა სიყვარულზე არაფერი იცოდა და პირველ შემხვედრ "ძველ ბიჭს" გაჰყვა ცოლად, რითაც მშობლები კინაღამ ინფარქტამდე მიიყვანა..

მგონი ყველა ტრაგიკული სიყვარულის მიზეზი ზედმეტი თავმოყვარეობა, შიში და კომპლექსებია. ზედაპირულ, გამოშტერებულ ტიპებს შეუძლიათ, ეგრევე მიუვარდნენ ადამიანს და სიმპატიები გაუმჟღავნონ, მორიდებულები კი, კომპლექსდებიან, იმალებიან, ვაი თუ მისი შესაფერისი ვერ ვიქნები, ვაი თუ იმედებს გავუცრუებო..

ფიქრობენ, ფიქრობენ და ფიქრებში კვდებიან.. 

მერე გადის წლები. ის სულელური სიყვარული და მისგან დარჩენილი ყრუ ტკივილი თითქმის უკვალოდ ქრება, მაგრამ კითხვები მაინც რჩება: ნეტა რა მოხდა მაშინ? ასე რატომ მოხდა? ერთად რომ ვყოფილვიყავით რა იქნებოდა და ასე შემდეგ..

აი ასე  იდიოტურად არ უნდა გიყვარდეს! არავისი გაღმერთება არ გაბედოთ. 

კითხვები არ უნდა დაგრჩეს, ჯობია მიუვარდე, მწყობრიდან გამოიყვანო შენი სიყვარულის ობიექტი, ისეთი რამ ათქმევინო ან ჩაადენინო, რაც მის მიმართ გრძნობას მოგიკლავს, მისი ნამდვილი სახე უნდა დაინახო. ჯობია, ეჩხუბო, სკანდალურად დაშორდე, ოღონდაც გულში მიუწვდომელ, შეუცნობელ იდეალად ან ანგელოზად არ შეინახო. უნდა თხარო, თხარო და რამე ამოთხარო, რაც მას თავიდან ამოგაგდებინებს. 

აუცილებლად იპოვი რამეს. იმიტომ, რომ ის ისეთივე იდეალურია, როგორც შენ ხარ ჯეკი ჩანი ან იური გაგარინი. იმიტომ, რომ შენს მეხსიერებაში მას იდეალად თუ დატოვებ, მთელი ცხოვრება მწარე მოგონებებით, სევდიანი თვალებით და საცოდავი ფიზიონომიით ივლი. იმიტომ, რომ ადამიანი სიყვარულის კი არა, საკუთარი ილუზიების მსხვერპლია. 

მოკლედ ის გოგო, რომელსაც შენ დღეს აღმერთებ, სულაც არ არის "ყველასგან განსხვავებული". ერთი ჩვეულებრივი დედაკაცუნაა, რომელიც, მხოლოდ შენ თვალშია პრინცესა და დედოფალი, იმიტომ, რომ კარგად არ იცნობ. ან ის "იდეალური", "ყველაზე მაგარი", "ყველაზე სიმპატიური" ბიჭი, რომელსაც უკვე მეორე-მესამე წელია აღმერთებ და მის დანახვისას მეტყველების უნარს კარგავ, ჩვეულებრივი, დაკომპლექსებული კაცუნაა, რომელმაც არ იცის რა უყოს თავის უბადრუკ ცხოვრებას! 

არასოდეს, არავისი გაღმერთება არ გაბედო და არავისთან არ დაკომპლექსდე. 

იმიტომ, რომ სანამ შენ ფიქრობ, რომელიღაცა გომბეშო უკვე ძალიან აქტიურობს და მყარად აჯდება შენს სიმპატიას..




Sunday, 20 January 2019

ყველა დროის ყველაზე მაგარი ფენომენი


სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ეს საოცარი ფენომენი მხვდება. ფენომენი, რომელიც არასოდეს არ ძველდება და პირიქით, სულ უფრო იხვეწება და ძლიერდება! 

აი დღეს მაგალითად, ასეთ სცენას ვხედავ: ორი ადამიანი, ორი (ან სამი) "მოსიყვარულე" კოლეგა, დაქალი ან ვთქვათ, მეზობელი ტკბილად საუბრობს. ვფიქრობ, ვახ, როგორი თბილი და ცივილური ურთიერთობები აქვთ ამ ადამიანებს. მსიამოვნებს და მშურს მათი კოლეგიალობის. ცოტა ხანში ერთი მათგანი თვალთახედვის არეალიდან ქრება და მესამე "თბილი" ადამიანი შემოდის. დარჩენილი "საყვარელი" ადამიანები წასული ნაცნობის ლანძღვას და მასზე ჭორაობას იწყებენ. თან ამას ისე აკეთებენ, თითქოს ეს ისეთივე ჩვეულებრივი, რიტუალური პროცესია, როგორც ყველასთვის გამარჯობის თქმა. 

- "გაიგე ამის ამბავი"?

- ჰო, გოგო, რა უბედურებაა, მართლა, როგორ შეიძლება .." 

მგონი ადამიანები ორპირიანობისგან რაღაც უცნაურ სიამოვნებას იღებენ.



აგერ კიდევ ერთი დიალოგი:

- "ფუ აღარ შემიძლია ამ ქალის ნაგლობების ატანა რა, მოეთრიოს დროზე. სულ აგვიანებს. ერთხელაც ვეღარ მოვითმენ და რასაც ვფიქრობ ყველაფერს მივახალებ პირში. თავი დიდი ვინმე ჰგონია და სხვები ვითომ ფეხებზე ჰკიდია. უბრალო ადამიანური პატივისცემა არ იცის, უზრდელი ლაწირაკია" - სისინებდა ერთი დედაკაცი მეორეზე. 

საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ის თავის კოლეგაზე ბრაზობდა, აი იმაზე, რომელთანაც გუშინ შეხმატკბილებულად საუბრობდა სელფებს იღებდა და განსაკუთრებული არტისტობით უძვრებოდა. სოც.ქსელებში ფოტოებსაც დიდი მონდომებით "უგულებს".

ცოტა ხანში როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა, ვისაც ლანძრავდნენ და დაიწყო ასეთი დიალოგი: "ვაიმეე, ****კუნა, რა ლამაზი ხარ, როგორ გიხდება ასე თმა".

და ასე გრძელდება უსასრულობამდე.



ა ბატონო, კიდევ ერთი:  

"აუ, მე მინდოდა შვებულების აღება და იმ დეგენერათკამ დამასწრო ისევ. ძალიან უნამუსო და უსინდისო ადამიანია, მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. ახლახანს იყო წასული და კიდევ მოუნდა ქალბატონს. თან დილით მომწერა და მომიბოდიშა, არ მინდოდაო, მაგრამ ასე გამოვიდაო. ძლივს მოვითმინე რომ არ გამომელანძღა, წასვლა თუ არ გინდოდა, ვერ დაეტიე ერთ ადგილას?" - წუწუნებდა "საყვარელი" კოლეგა მეორეს საქციელზე.

ნაჩხუბრები თუ არიან კიდევ გასაგებია, რადგან ნაწყენი ადამიანი ზედმეტსაც ილაპარაკებს, მაგრამ სანამ "კარგად ხართ", იმ პერიოდში მაინც, რომ დააჭირო ენას კბილი, არა? 

აი კიდევ ორი "დაქალის" დიალოგი მესამე "დაქალზე":

- "აუ, რას ჰგავს გოგო, ახლა რა ჩემი საქმეა, მე ვარეფერს ვეუბნები, მაგრამ  თვითონ თუ ვერ ხედავს, სხვა ახლობელი ვინმე არ ჰყავს, რომ უთხრას რა დღეშია?".

- "გოგო, რომც უთხრას ვინმემ, შენ გგონია დაუჯერებს. ხო იცი როგორი ხასიათი აქვს. თვითონ ასე მოსწონს და ვსიო. დაიკიდე რა". 

(ლანძღვის ობიექტი შემოდის)

- ვაა, ****ა, ძაან მაგარ ვიდზე ხარ ხო იცი!"

- "აბა რააა, მახინჯი როდის ვიყავიიიი მეეე?" :)))


ხშირად შორიდან სამაგალითო რომ ჩანს ის ურთერთობა, ახლოდან ჭორებით და ლანძღვით ყარს. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს, ან ზოგი უბრალოდ ენას კბილს აჭერს და ბევრს არ ტლიკინებს, მაგრამ ზოგადად ყველგან ორპირობა ყვავის. 

თუ გგონია, რომ შენი გარემოვცა, შენზე მხოლოდ კარგს ამბობს, ჩაატარე პატარა ექსპერიმენტი და დაგემსხვრევა ის ინფანტილური ილუზიები. 

თუმცა რაში გჭირდება? ეს ყველაფერი ხომ პრინციპში "ნორმალურია". 

ნუ, "ნორმალურები ადამიანები" ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში.

ადამიანები ერთამანეთით 
სულ უკმაყოფილოები არიან და ერთმანეთის ზურგს უკან წუწუნით იფხანენ გულს. გასაგებია, რომ რიგი მიზეზების გამო, არ უნდათ ერთმანეთთან ურთიერთობის გაფუჭება და ნამდვილ აზრებს მალავენ. მაგრამ ერთდროულად ლანძღვა და პირფერობა ბევრ ენერგიას არ ითხოვს? აბა, არ მოგწონს ადამიანი და მაინც ეტენები - ეს რა ფენომენია არ მესმის.

- "იცი რა ჩემო კარგო, ეგ ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურია, აბა როგორ გინდა? ყველა შენნაირი ბუა ვერ იქნება, ხალხს გამარჯობასაც რომ არ ეუბნები! დიახაც, ეგრე უნდა იცხოვრო, ყველასთან კარგად უნდა იყო და ზურგს უკან რაც გინდა ის ილაპარაკე! არ გეწყინოს, მაგრამ შენ ხარ არანორმალური! აბა ყველასთან სიმართლე რომ ვილაპარაკოთ კარგად გვექნება საქმე!" - მითხრა ერთმა ნამეტნავად "დიპლომატიურმა" ნაცნობმა.

"ჩემი ქმრის ნათესავები რომ მოდიან, სუფრას ვშლი და ვეუბნები "на здоровье милые", გულში კი ვფიქრობ: "подавись сука" - გამაცინა კიდევ ერთმა ნაცნობმა. 

მოკლედ მაგარი არტისტია ხალხი. "Подавись сука!"

ყველას თითო ოსკარი გვეკუთვნის ასეთი არტიტობისა და დიპლომატიისთვის!