Sunday, 13 November 2016

გეია თუ არა?


ჩემ ნაცნობ გოგოს გეი შეუყვარდა და ტვინს გვიბურღავდა გეია თუ მეჩვენებაო.

რა ვიცი, თუ "რაღაცნაირი" გგონია, ესეგი "იმნაირია". უტვინო ქალი თუ არ ხარ, წესით გეიზე არ უნდა აგენთოს მწვანე. უნდა მიხვდე რომ გეია და არ შეაწუხო.

კაცების დეფიციტისგან დატანჯულ ქალებს, ეტყობა ცალ ფეხზე ჰკიდიათ მათი ორიენტაცია და ტანკივით უტევენ საწყალ ლატენტურებს.

ან მართლა ვერ ასხვავებენ გეებს და ჰეტეროებს, ან ალბათ, ქვეცნობიერად მათი "გამოსწორების" იმედი აქვთ. რა სიტყვით ვახსენო ქალები, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ რონალდო-ლეონარდო-რიკი მარტინი, დენიელ რედკლიფი და კიდევ სხვა "sweet boys"-ები გეები არ არიან?

მე ის საწყალი ბიჭი მახსენდება, რომელსაც 15 წლის წინ ჩემი ჯგუფელი გოგო საჯარო ბიბლიოთეკაში კოცნით ახრჩობდა და ბოლოს იმან ვერ მოითმინა, თავი დამანებე გეი ვარო. მაგრამ ჩემი ჯგუფელის ტემპერამენტი ბრმა და სასტიკი იყო..

დღესაც, სხვა ქალებთან ერთად, მინდა თუ არ მინდა, მაინც გეების "ანატომიას" ვსწავლობ. ასე რატომ დაჯდა, როგორ ჩაიცინა, რა აცვია, გეია თუ არა?

ნუ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? თუ რაღაცა გეჩვენება, ესეგი არ გეჩვენება, მართლა ეგრეა!

ჩახლართული სიტუაციაა:

1. გეი, რომელსაც ქალი არ უნდა, მაგრამ ცოლი მაინც ჰყავს, შვილებიც ჰყავს. 15 წელი ქალთან ცხოვრობს და მერე მისი მოზარდი შვილი თავისი კლასელისგან იგებს, რომ მამიკო სხვისი მამიკოს საყვარელია.

2. გეი, რომელიც ვერ აღიარებს, რომ გეია და ნათესავების ხათრით გოგოს ხვდება. ის გოგო კი, თავის დაქალებს უბურღავს ტვინს: გეია თუ მეჩვენება?

3. სიტუაცია უფრო რთულდება, როცა თავად გეიმაც ვერ გადაწყვიტა გეია თუ ჰეტერო: მე-8 კლასში პარალელური კლასიდან დათო უყვარდა, უნივერსიტეტის მე-2 კურსზე 2 გოგოსთან და ერთ კაცთან ჰქონდა რომანი და ახლა 29 წლის ასაკში არ იცის ვინ უყვარს, გოგო თუ ბიჭი.

ჰო, ასეც ხდება.


აი ეს გაურკვევლობაა საშინელება ქალებისთვის, იმიტომ, რომ სანამ გეი თავად  გაერკვევა საით უბერავს ქარი, საწყალ შეყვარებულ ქალს ჭაღარა გაუჩნდება თმაში.

იმედი მაინც არ დაკარგონ, იქნებ ბისექსუალია? დღეს ქალზეა გადაყოლილი, ხვალ კი, ისევ დათოს დაუბრუნდება. 

მგონი, ყველა ადამიანი ბისექსუალია.. გარკვეულწილად.. ჰო, მგონი, ყველა ადამიანი ბისექსუალია.

Don't worry, be happy!

Saturday, 12 November 2016

პირველი ღალატის ნერვიულობა და ფორიაქი



რატომ მოსწონთ ქალებს ანნა კარენინას ან მადამ ბოვარის ტიპაჟები? 
ანუ ის ფილმები და რომანები, სადაც მთავარი ქალი-გმირი ისეთი პატიოსანი და ღირსეულია, რომ უკვე დიდი ხნის მობეზრებულ ქმარსაც კი, უდიდესი სულიერი წამების შემდეგ ღალატობს? 

ბევრ ქალს, ქმართან გაშორებას სიკვდილი ურჩევნია. იმიტომ კი არა, რომ უაღრესად პატიოსანია ან ქმარზე გიჟდება, უბრალოდ ი
მდენად მიეჩვია ოჯახურ ცხოვრებას, რომ წარმოდგენა არ აქვს განქორწინების შემდეგ როგორ იცხოვროს ან რა უნდა აკეთოს. 

ასეთი იძულებით "ერთგული" ქალი ადიულტერზე წასვლამდე ძალიან დიდხანს ფიქრობს, შესაძლო შედეგებს აანალიზებს და შემდეგ ღალატზე ისეთი ნაწვალები ნერვებით მიდის, რომ "აკრძალული სიყვარულისგან" სიამოვნების მიღების ნაცვლად, ჯოჯოხეთის ქვაბში იხარშება. ონორე ბალზაკის „მამა გორიოსავით“, ჯერ გმირულად ეწინააღმდეგება ბუნებას, მაგრამ ბოლოს მაინც მარცხდება „ძლიერ გრძნობასთან“ - უფრო სწორად ინსტინქტთან. 

ყურში სულ დედის, ბებიის, მამის ან კიდევ ვიღაცის ხმები ჩაესმის, რომ მრუშობა უდიდესი ცოდვაა. რომ ცხოვრების ბოლომდე უნდა იყოს ერთგული იმ სიყვარულის, რომელიც მე-10 კლასში დაიწყო, მაგრამ ახლა უკვე თმა-გაცვენილ, ღიპიან მუთაქად იქცა და მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერთან თამაშობს, გაზებს უშვებს და გულის რევის გარდა ვერცერთ ემოციას ვეღარ იწვევს.

"ღირსება-წესიერების" დოგმებზე აღზრდილი ქალი საკუთარ თავში "სულიერი სიწმინდის" გაცოცხლებას ცდილობს და ასე მსჯელობს: მერე რა რომ ჩემი პირველი სიყვარული და შვილების მამა დღეს კასტრირებულ ბეჰემოტს ჰგავს, სხეულის ფორმას რა მნიშვნელობა აქვს კაცო, სამაგიეროდ, კარგი ადამიანია  და ა.შ.  

მე ხომ ადამიანი ვარ, ადამიანური გრძნობებია მთავარი და არა ფიზიკური ლტოლვა! ცხოველი არ ვარ, შვილები მყავს, მამა მყავს.. მე წესიერი ქალი ვარ... არ შეიძლება.., ეს ცუდია.. - ფიქრობს. 

ასეთი სულიერი ჭიდილის დროს ის ხან „მადამ ბოვარია“, ხან ანა კარენინაა, ბოლოს კი, ადამიანური ბუნება მაინც თავისას შვრება, იმიტომ, რომ შეუძლებელია მთელი ცხოვრება ქმრის ან ცოლის დეფორმირებული სხეული გინდოდეს. 

მერე ზუსტად ის ქათმუშკა, რომელიც სამი წლის წინ პირქაფიანად გიმტკიცებდა, რომ "მოღალატე ცოლებს უკანალში ცხელი თმის ფენი უნდა გაურჭოო", (მე ვიცნობ ასეთ შტერს) დღეს თავადაც ღალატობს ქმარს სხვის ქმართან და ადიულტერის პირველ პაემანზე მისული, შეშინებული თვალებით „დანაშაულის“ ტერიტორიას ათვალიერებს, ემანდ ვინმემ არ შემამჩნიოსო.

იქნებ შენი ქმარი სკოლაში ყველა გოგოს მოსწონდა, მაგრამ მან შენ აგირჩია. მანიაკი და ლოთი არაა. შენთან თანაცხოვრებისას გამელოტდა, გასუქდა ან სხვანაირი დეფორმაცია მიიღო. დღეს ის აღარ გიყვარს და აღარ გინდა, აღარ მოგწონს. მარტო შენ კი არა, სხვა ქალებსაც არ მოეწონება ასეთი და ეს აბსოლუტურად ნორმალურია: იმიტომ, რომ გიყვარს და გინდა ის, რაც კარგია და რაც ყველას მოსწონს.

თუ მოღალატე კაცი თავის საქციელს პოლიგამიას და "მამაკაცის ფიზიოლოგიას" აბრალებს, ქალს ამით თავის გამართლების ფუფუნებაც არ აქვს. არადა, ბარემ ქალიც პოლიგამიურია. მთელი ცხოვრება გვერდზე მხვრინავი ხინკლის მცეცხლავი კომბაინი როგორ აიტანოს? თვალები დახუჭოს და მარიო ჩიმარო წარმოიდგინოს? :))) თუმცა, დეფორმირებულ სხეულებს გარკვეული პერიოდის მერე სექსიც აღარ აქვთ და ნათესავებივით ცხოვრობენ.. ბავშვების ხათრით.

სიყვარული? 

სიყვარული არის იქ, სადაც სილამაზეა და არა საცოდავობა. სიყვარული მთავრდება იქ, სადაც სილამაზე იკარგება და ლტოლვაც ქრება. სხვა დანარჩენი კი, - ნათესავური თანაცხოვრება და ფსიქო-ფიზიკური სადო-მაზოხიზმია!

ისე კი, ჯოჯოხეთური განცდები ქალს მხოლოდ პირველი ღალატის დროს აქვს. შემდეგი ეტაპები უფრო ადვილია და სანამ შაურმის შრედერი სახლში კომპიუტერთან თამაშობს და გაზებს უშვებს, მისი ცოლი შედარებით უფრო მშვიდი სინდისით უღრმავდება ადიულტერის პროცესს.

სელავი, დიარ, სელავი!..