Thursday, 14 February 2013

პოპულარობის ფენომენი

ერთი მოქალაქე სსრკ-ს პირველ მდივანთან ლეონიდ ბრეჟნევთან ხელის ჩამორთმევის შემდეგ ორი კვირა არ იბანდა ხელებს.. იმავე წლებში (70-იან წლებში) ერთი კაცი მსახიობ რომი შნაიდერზე ისე ყოფილა შეყვარებული, რომ შნაიდერის „სხვაზე“ გათხოვების გამო თავის მოკვლაც სცადა. რამდენიმე წლის წინ ერთერთ რუსულ არხზე დოკუმენტალური ფილმი გავიდა, რომლის მთავარი გმირი „ვარსკვლავური სიყვარულის“ გამო ციხეში მოხვდა. ის თავის კუმირთან - ამიტაბხ ბაჩანთან შესახვედრად, ინდოეთში წასვლისთვის ფულს აგროვებდა და ამის გამო, დანაშაულიც კი ჩაიდინა. 

ვარსკვლავების გაფეტიშების შესახებ უამრავი ტრაგიკული და ანეკდოტური ისტორია ვიცით. ჩემი აზრით, ეს სერიოზული ფსიქიკური აშლილობაა. საბედნიეროდ, დღეს ასეთი იდიოტების რიცხვი ადრინდელზე გაცილებით უფრო ცოტაა. მაშინ ინტერნეტი არ იყო და „უნახავობის“ პერიოდი იყო. 

60-70-იან წლებში, როდესაც რეალურ ცხოვრებაში პომადით მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები სარგებლობდნენ, ეკრანის დედოფლები სოფი ლორენი და ბრიჯით ბარდო ქალღმერთებად ითვლებოდნენ. დღეს კი, სოციალური ქსელების მეშვეობით, ყველა ქალი „პოტენციური ვარსკვლავია". 100 ათასი ფოლოვერი შეაგროვე და უკვე "რიჰანა" ხარ!

ბავშვობაში ვაკვირდებოდი "ჩვეულებრივი" გარეგნობის დეიდებს, რომლებმაც არ იცოდნენ სიტყვა „მაკიაჟი“ და ვფიქრობდი, ნეტავ რატომ არ ჰგვანან ესენი „ტელევიზორში მცხოვრებ“ ქალღმერთებს და ნეტავ "საიდან ჩნდებიან" ის ულამაზესი ქალები.  ახლა ვიცი... 

ჩვენ თვითშეფასებაზე ძალიან დადებითად იმოქმედეს ეკრანული ქალღმერთების უმაკიაჟო სიფათების და ცელულიტიანი ფეხების ფოტოებმა. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ უნაკლო გარეგნობის ქალღმერთები მხოლოდ ბერძნულ მითოლოგიაში არსებობენ. დღეს სილამაზის ღმერთი - ფოტოშოპი და პლასტიკური ქირურგიაა. 

დღეს უკვე ვიცით, რომ ეკრანული ზოროები, რობინ ჰუდები, სუპერმენები, ჟოფრეები და რომანტიკული ფილმების ვნებიანი გმირები რეალურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი კაცუნები არიან. დღეს მსახიობები და მომღერლები „ღმერთები“ აღარ არიან. მათი შესაშური პრივილეგიები დღეს მხოლოდ მრავალმილიონიანი ჰონორარებია. 

თანამედროვე გოგონების უმრავლესობა ეკრანულ ვარსკვლავებს არ ჩამორჩება. თანაც, ყოველივე მათგანი დარწმუნებულია, რომ „ვარსკვლავობას“ ნამდვილად იმსახურებს და დარდობს, რომ ჰოლივუდში არ არის. დღეს პოპულარობა უფრო ადვილია. ამისთვის სოციალური ქსელები არსებობს. რუსეთის ერთერთი ტელევიზიის დირექტორის ნიკოლაი სვანიძის სიტყვებით: ეკრანებზე ხშირად უკანალიც რომ აჩვენონ, ისიც პოპულარული გახდება და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწევს! 

ჩვენ გვგონია, რომ ვარსკვლავები „ჩვეულებრივ მოკვდავებზე“ უფრო ბედნიერები არიან. წესით უნდა იყვნენ კიდევაც. მე მაგალითად ძალიან გამიკვირდა, როდესაც ყველა ქალის „იკონას“ - ანჯელინა ჯოლის ინტერვიუები წავიკითხე, რომ ყველაზე მდიდარი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ცნობილი ქალი თურმე საათობით იკეტება აბაზანაში და ტირის, ხშირად სიკვდილზე ფიქრობს და თვითმკვლელობის მცდელობებიც ჰქონია. თურმე ბავშვობიდან დეპრესიული ყოფილა. ნუ, ყველაფერი აქვს ამ ქალს, კიდევ რა ჯანდაბა უნდა ბედნიერებისთვის? 

პრინციპში, ადამიანები ერთნაირად უბედურები ვართ, მაგრამ ამ ვარსკვლავების ცხოვრება ხომ უფრო აწყობილია და შესაბამისად, მათი ფსიქიკაც უფრო გაწონასწორებული არ უნდა იყოს? ალბათ ასეთი ინდივიდები ცხოვრებაში მხოლოდ ერთ მიზანს ისახავენ. სანამ ეს მიზანი არსებობს, ინდივიდი განვითარების სტადიაშია. შემდეგ როდესაც მიზანს აღწევს და „ვარსკვლავდება“, ორიენტირებს კარგავს. ალბათ პოპულარობის ეიფორიის შემდეგ სიცარიელე მოდის. ცნობადობის სინდრომით ავადდებიან. ჰგონიათ, რომ თუ მათ ცნობენ და მათი სახელი იციან, ესეგი ხალხს სჭირდებიან. მერე ხვდებიან, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა. ნებისმიერი ვარსკვლავის სახელიც და სახეც ადვილად იშლება ხალხის მეხსიერებიდან თუ ის ერთ-ორი წელი ეკრანზე არ გამოჩნდება. ასეთ პერიოდში მათი შემოქმედებითი უნარი სუსტდება და „ვარსკვლავს“ დეპრესია ეწყება და ნარკოტიკების წიაღში ხვდებიან. 

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პოპულარობის და ძალაუფლების წყურვილის მიზეზი არასრულფასოვნების კომპლექსია. მაგალითად ბიჭი, რომელსაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, შესაძლოა მომამავლში კარგი მეცნიერი ან "ვარსკვლავი" გახდეს. უფრო თავდაჯერებული ბიჭი კი, რომელიც ბავშობიდან სიყვარულის გარემოში იზრდებოდა, გარკვეულ ასაკში პიროვნულ ზრდას წყვეტს. ანუ, ამბიციების მთავარი მოტივატორი არასრულფასოვნების კომპლექსი და ბავშური ტრავმებია. 

ყოველ წელს ჰოლივუდში ათასობით ლამაზი გოგოები მიდიან, სადაც წლების განმავლობაში „შავ სამუშაოს“ ასრულებენ და რომელიმე ცნობილ რეჟისორთან შეხვედრაზე ოცნებობენ. დიდ სცენაზე გასვლამდე პორნო-მსახიობობაზე თანხმდებიან ან შოუ-ბიზნესის შემქნმნელების სექს-სათამაშოებად იქცევიან. ერთი ფსიქოლოგი თავის ბლოგში წერდა როგორ მოდიოდნენ მის კაბინეტში მოტყუებული, დამცირებული, იმედგაცრუებული და ფსიქიკურად ტრავმირებული ქალები, რომლებმაც „ვარსკვლავობისკენ მიმავალ გზაზე“ შეურაცყოფის და დამცირების ყველა ეტაპი გამოიარეს.

პოპულარობა და „ზოოპარკის ეფექტი“...


ყველა ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გარეთ გავა და მისი პიროვნებით დაინტერესებული ჟურნალისტების არმია დახვდეbა. ალბათ კარგია, როცა ყველა გცნობს, მაგრამ ბოლოს ვარსკვლავი თავს გალიაში მოთავსებული ცხოველივით გრძნობს, რომელსაც ყველგან მოცლილებისგან შემდგარი პუბლიკა კუდში დასდევს. „ზოოპარკის ეფექტი“ გამაღიზიანებელია, მაგრამ ადამიანებს აინტერესებთ როგორ გამოიყურება ეკრანული ვარსკვლავი რეალურ ცხოვრებაში და ისევე, როგორც ზოოპარკში დათვის ან მაიმუნების სანახავად, საყვარელი ვარსკვლავის სანახავადაც იკრიბებიან.