Sunday, 18 February 2018

დაჯექი, კარგი გოგო ხარ!


გული მიკვდება ისეთ ბავშვებს რომ ვუყურებ, რომლებიც გამუდმებით მშობლებისგან შექებას ელოდებიან. რამე კარგს გააკეთებენ და იმ წამსვე ერთგული ძაღლის თვალებით დიდებს უყურებენ: „ხო კარგი ბიჭი ან გოგო ვარ?“ 

ასეთი ბავშვები საუკეთესო წლებს მშობლების მოლოდინების გამართლებაზე ხარჯავენ. 
როდესაც მშობელი ბავშვს მხოლოდ „კარგი საქციელის“ გამო აქებს, ბავშვი სხვის ქებაზე დამოკიდებული ნახევრად ინვალიდი იზრდება.

მახსოვს როგორ ვარდებოდნენ ისტერიკებში ჩემი კლასელები და თანაკურსელები ცუდი ნიშნების გამო, იმიტომ, რომ მშობლებს ვერ გაახარებდნენ და რიტუალურ ქებას ვერ მოისმენდნენ. 

ზოგი ბავშვი კი, ჩემსავით მთელი ცხოვრება მშობლებისგან იმ სანატრელ შექებას უიმედოდ ელოდება და ვერაფრით ეღირსება მას. 

რომელი შემთხვევაა უფრო მძიმე, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მხოლოდ კარგი საქციელისთვის, ანუ მხოლოდ "დამსახურებული" ქება ბავშვისთვის ძალიან მძიმე თვირთია, რადგან ის სხვების მოლოდინების გამართლებაზე დამოკიდებული ხდება. 

მგონი, მეორე, ანუ ჩემი შემთხვევა უფრო ცუდია, როცა ბავშვის მშობლები გამუდმებით მის სხვა თანატოლებს აქებენ, მას კი ლანძღავენ. "კატო კარგად სწავლობს, შენზე ჭკვიანია" და ა.შ.

საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, ბავშვი ამას თავიდან ძალიან განიცდის, მაგრამ წლები გადის და ეჩვევა იმ "ფაქტს", რომ „ცუდია“ და სამუდამოდ იკიდებს სხვის აზრს. ალბათ ეს ვარიანტი უფრო პრაქტიკულია. მოწონებას ვერ ეღირსე, აღარც ელოდები და ფეხებზე იკიდებ. თანაც "ცუდობა" უფრო კომფორტულია.

ადამიანი, რომელიც დეპრესიაში მხოლოდ იმის გამო ვარდება, რომ ვიღაცას არ მოეწონა, ვიღაცის სტანდარტებს არ შეესაბამება, ძალიან საცოდავია.

დამნაშავეები ისევ მშობლები არიან, რომლებიც თავის დროზე, ბავშვი მუდმივად „კარგი გოგოს“ ან "კარგი ბიჭის" რეჟიმში გაზარდეს. 

მადლობა ჩემებს, რომ მათგან ერთ კარგ სიტყვასაც ვერ ვეღირსე! თავის დროზე ბევრი ვინერვიულე, სამაგიეროდ დღეს ყველა კრიტიკაც და ქებაც, სიმპატიაც და ანტიპატიაც ფეხებზე მკიდია.

Monday, 12 February 2018

იძულებით შეწყვილებულები - როცა სხვა არჩევანი არ გაქვს


ერთი ნაცნობი წყვილის მოჩვენებითმა სიყვარულმა დამაღონა. აი ისეთი წყვილის, რომელსაც
 დოლჩე და გაბანასავით ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოიდგენ. 
რატომ და ვისთვის თამაშობენ არ ვიცი, მაგრამ, აშკარაა, რომ თამაშობენ. მგონი არც თამაშობენ, უბრალოდ საკუთარ თავებს ატყუებენ. სულ ერთად არიან, ყველგან ერთად დადიან, შოპინგზე, სავარჯიშოდ, დასასვენებლად და ცდილობენ საკუთარი თავებიც და გარშემომყოფებიც დააჯერონ, ვითომ ძალიან უყვართ ერთმანეთი და ძლიერი სიყვარული არსებობს. სოციალურ ქსელებში რათქმა უნდა, ერთმანეთის ფოტო უყენიათ წარწერით „ჩემი ლოვე", მაგრამ ამ „სიყვარულში“ მუცლის ტკივილი უფრო ჩანს, ვიდრე ბედნიერება..

ნეტავ როგორი შეგრძნებაა, როცა ცხოვრება არ გიტოვებს სხვა არჩევანს და იძულებული ხარ იმასთან დაწყვილდე, ვინც არ გიყვარს? ან როგორი სიმწარეა, როცა შენ შეყვარებულს, ცოლს ან ქმარს ზედმეტი თბილი ემოციების და ინტერესის გარეშე უყურებ? და თან ათას მიზეზს ეძებ, რომ საკუთარი „არჩევანი“ გაამართლო: „ნორმალური გოგოა რა გინდა, (ან ბიჭია), მაგარი ქალები (ან კაცები) და საერთოდ სიყვარული მხოლოდ კინოშია, სიყვარული არ არსებობს, მთავარი ურთიერთგაგება და პატივისცემაა და ბლა-ბლა-ბლა..

"ზატო" კაი გოგოა, მგონი ვუყვარვარ, სხვას ვის რაში ვჭირდები აბა, ეს გოგო ჩვენი ძველი დივანივით კომფორტული და მოსახერხებელია და მასთან არ ვიძაბები".  
ან როცა ქალი იმშვიდებს თავს: „ნუ ახლა, არც ალენ დელონია და არც მდიდარი როქფელლერი, მაგრამ სულ არაფერს ჯობია რა, თან რეპროდუქციული ასაკი „დედლაინს“ უახლოვდება და ბავშვი ხო უნდა გავაჩინო“.

რა თქმა უნდა, ამ მწარე სიმართლეს დაქალს ვერ მოუყვება და სოციალურ ქსელში საცოდავ სპექტაკლებს დგამს. ადამიანები ხომ სხვების საჩვენებლად ცხოვრობენ. ცხოვრებაში სულ არაფერი მიღწევა რომ არ ჰქონდეს, "ზატო" "სამაგალითო" ოჯახი ჰყავს.

ასეთია ეს ცხოვრება. 20-დან 29 წლამდე ჯერ სანამ ბედნიერების იმედი გაქვს მეგან ფოქსზე ოცნებობ და საკუთარ "ვოლს" ემილი რატაკოვსკის ფოტოებით აჭრელებ, მერე კი, 32-35 წლის ასაკში, (თუ უკვე სამი შვილის ღიპიანი მამიკო არ ხარ, რომლის მთავარი დარდი იპოთეკის და სამომხმარებლო კრედიტის დაფარვაა), ქერი ბრედშოუს დატანჯული ვერსია შეგრჩება ხელში და მისით უნდა დაკმაყოფილდე. ზატო კაი გოგოა. 

ასე ცხოვრობს ძალიან ბევრი. კაია, წყვილში ერთი მაინც იყოს შეყვარებული მეორეზე, მაგრამ ააარა, საწყლები უემოციო ზომბებივით პერიოდულად უემოციოდ ეხახუნებიან  ერთმანეთს და სხვების საჩვენებლად ბედნიერ წყვილს თამაშობენ.  სხვა რა გზა აქვთ?

ასე რატომ ხდება? ალბათ იმიტომ, რომ იმას არ სჭირდები, ვისზეც ოცნებობ. უფრო ხშირად კი, ასეთი დაწყვილების მთავარი მიზეზი - მარტოობის შიშია. ამ შიშის გამო ადამიანები უაზრო ურთიერთობებს იწყებენ და თავს იმით იმშვიდებენ, რომ სიყვარული არ არსებობს და ლტოლვა ადრე თუ გვიან მაინც ქრება. 

კი ბატონო, სიყვარული ქრება, მაგრამ ჯობია ერთხელ მაინც იყოს და წავიდეს, გაქრეს, ვიდრე მთელი ცხოვრება არასასურველ ურთიერთობაში იხრჩობოდე და 
სულიერი ინვალიდი, ამ გრძნობას მოკვეთილი ზომბი იყო და მერე მოკვდე.

Monday, 5 February 2018

მე სოციოპატი


თურმე ადამიანების გადამტერება ყოველგვარი კონფლიქტის, ცუდი მზერის, ან აუგი სიტყვის გარეშეც შეიძლება. 

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებისთვის იგნორი ყველაზე შეურაცხმყოფელი და მტკივნეულია. ეს ჩემთვისაა ალოგიკური და გაუგებარი ის, თუ რატომ უნდა მეწყინოს ადამიანის, რომელსაც არ ვაინტერესებ, მაგრამ ბევრი ასე არ თვლის. 

თურმე უნდა გაინტერესებდეს. ფეხებზეც რომ გეკიდოს, მაინც ვალდებული ხარ, გამოელაპარაკო და მოიკითხო. ამას ადამიანები "ზრდილობას" ეძახიან. თუ გეტყობა, რომ გარკვეული ინდივიდი მაგრად გკიდია, ესეგი "უზრდელი" ხარ. 

ყოველდღე ერთსა და იგივე დროს, მაღაზიაში, ტრანსპორტში, სამსახურში ან სხვა ადგილას, სადაც რეგულარულად დადიხარ, ათასი ჯურის ხალხს ხვდები და ყველას მოკითხვის და ყველასთან "ზრდილობიანად" გამოლაპარაკების ენერგია საიდან უნდა გქონდეს მოცლილი თუ არ ხარ? 

ადამიანებთან, რომლებიც ჩემში მცირე ინტერესსაც არ იწვევენ, გამოლაპარეკებაც მეზარება და ძალიან მღლის. რატომ უნდა დავხარჯო დრო ისეთ ნათესავებზე ან კოლეგებზე, რომლებთანაც საერთო არაფერი მაქვს? 

თურმე "კოლეგიალურობის" ან "ზრდილობის" გამო თავი უნდა მოიკატუნო, ვითომ  დიდ პატივს სცემ. თუ არადა ცუდი ადამიანი ხარ. მხოლოდ გულგრილობის გამო უკვე ცუდი ადამიანი ხარ. 

ადამიანებს შეუძლიათ მთელი დღე ერთმანეთზე სისაძაგლეები ილაპარაკონ, ერთმანეთს საქმე გაუფუჭონ, მერე კი "კოლეგიალურობის მაგალითის" ან "ზრდილობიანი" გოგო/ბიჭების როლი ითამაშონ. 

საერთოდ არაფერი რომ არ ილაპარაკო, არაფერი რომ არ თქვა და უბრალოდ თავი შორს დაიჭირო, შენი "ცოდვა", ყველა ინტრიგანის და ჭორიკანას "ცოდვაზე" ხუთასჯერ უფრო მძიმე ხდება. 

სოციოპათიის მშვენიერი მხარე ის არის, რომ შეგიძლია დაიკიდო ყველა ინდივიდი, ვისაც მუტანტად თვლი და ახლოს არ მიუშვა. მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც "სხვებს ისეთად იღებს, როგორებიც არიან". არ ვაწუხებ, არ შემაწუხოს. 

ამ გიჟ-გადარეულ სამყაროში, შენთვის მისაღები ახლობლების წრე თუ არ შექმენი და სელექციური გადარჩევა თუ არ ჩაატარე, შეუძლებელია შენც არ გაგიჟდე.