Friday, 14 June 2013

Celebrit-იზმი და ხელმისაწვდომი რეჟისორი


საგაზეთო სტატიისთვის ფოტოები ჰოლივუდელ რეჟისორ კრისტოფერ კოპოლას მე გადავუღე, (ჩვეულებრივი კინკილა ფოტოაპარატით), თუმცა მასთან ერთად ფოტოს გადაღება აზრადაც არ მომსვლია. საერთოდ, ჟურნალისტობის პერიოდში არცერთ ცნობილ რესპოდენტთან სურათის გადაღების სურვილი არ მქონია.

შემდეგ, როდესაც რედაქციაში ვბრუნდებოდი გზაში ვფიქრობდი ვინანო თუ არ ვინანო, რომ სელებრითებთან ერთად ფოტოებს არ ვიღებ :))

სელებრიტებთან ერთად ფოტოების გადაღება არ მიყვარს და არ მესმის რა საჭიროა. რატომ უნდა გადავიღო ფოტო ადამიანთან, რომელიც არც ჩემი მეგობარია, არც კოლეგა, არც ნათესავი და არც ახლობელი?

ეს კრისტოფერი ნაკლებად ცნობილია ვიდრე მისი ძმა ნიკოლას ქეიჯი ან ნატესავი სოფია კოპოლა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ყოფილიყო აქ მისი ძმა ნიკოლას ქეიჯი  ან თუნდაც ბრედ პიტი, მადონა, ჯულია რობერთსი ან სხვა რომელიმე ჰოლივუდელი ვარსკვლავი, მე მაინც, რაში მჭირდება მათთან ერთად გადაღებული ფოტო? 

რა ფენომენია ეს? რაში სჭირდებათ ზრდასრულ ადამიანებს სელებრითებთან "სამახსოვრო" ფოტოს გადაღება? ალბათ აქ იგივე მომენტია, როდესაც პატარა ბავშვს მულტფილმის გმირთან მიკი-მაუსთან ან სპაიდერმენთან უნდა სურათის გადაღება. ეს "ვარსკვლავები", ათასობით ფანებთან ერთად იღებენ სურათებს. მერე ფანები სელებრითებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოცქსელებზე დებენ და იდიოტივით უხარიათ, ეუფ "მიკი-მაუსთან" გადავიღე ფოტო, რა მაგარი ვარ! 

ალბათ, გულის სიღრმეში ისევ პატარა ბავშვები ხართ, ინფანტილურები ხართ. "მიკი-მაუსთან", მონიკა ბელუჩისთან, ბრედ პიტთან, პრემიერ-მინისტრთან ან ბერასთან ფოტოს გადაღება გინდათ! ვინმე ცნობად სახესთან ერთად გადაღებული ფოტოთი ტრაბახობაზე დიდი იდიოტიზმი რა უნდა იყოს?

ახლა კი, კოპოლაზე.. 
პროექტ - "ხელმისაწვდომი ჰოლივუდი"-ს ინიციატორი ამერიკელი რეჟისორი კრისტოფერ კოპოლა ისეთივე ხელმისაწვდომია, როგორიც მისი პროექტის სახელწოდება. თბილისში სტუმრობის დროს ის ადამიანებთან ადვილად შედიოდა კონტაქტში, საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ვარსკვლავების ოჯახიდან არის და აშკარად არ იყო საკუთარი სელებრითობით გათამამებული. როგორც თვითონ მითხრა ინტერვიუს დროს, მისთვის ყველა ადამიანი ვარსკვლავია და რომ "ტელევიზორის ვასკვლავების" გაღმერთება დიდი სისულელეა. 

ეს კაცი ცნობილი რეჟისორის ფრენსის კოპოლას ძმისშვილია, ნიკოლას ქეიჯის ძმა, და სოფია კოპოლას ბიძაშვილი. თავად არ არის ძალიან ცნობილი მსოფლიოში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვარსკვლავების ოჯახის წევრია უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თავში აუვარდეს, მაგრამ კრისტოფერი ასეთი არ არის. მან იცის რა არის პოპულარობის პიკზე ყოფნა და იცის რა არის ვარსკვლავების მოჩვენებითი ბედნიერება. როგორც თავად ამბობდა, მისთვის მთავარი და საინტერესო "ადამიანის ფენომენია", "ადამიანებს შორის ურთიერთობები, სულიერი ფასეულობები და ა.შ". 

მისი თქმით, ვარსკვლავი ის არის, ვინც თავის საქმეს სიყვარულით აკეთებს, ვინც სამუშაო პროცესით ტკბება და არ ფიქრობს ამბიციებზე და პოპულარობაზე. მას მიაჩნია, რომ თუ პოპულარობა თვითმიზნად აქციე და მუშაობის პროცესი არ განიჭებს სიამოვნებას, წარმატებულიც ვერ იქნები.

"The best actors and actresses think: I just like to act and if success happens this is good, if not, this is my job!” ამბობს კოპოლა.

მხოლოდ ფორმალურად დავუსვი კითხვები მისი მოღვაწეობის შესახებ, შემდეგ კი გადავედი კითხვებზე, რომლებიც მე თვითონ მაინტერესებდა ჰოლივუდის შესახებ: ბედნიერები არიან "ოლიმპოს"-ჰოლივუდის "ღვთაებრივი-მსახიობები"?რატომ არიან ხოლმე დეპრესიებში, მაშინ როდესაც "ოლიმპოსზე" "ღმერთების" სამყოფელში ცხოვრობენ და ყველაფერი აქვთ?

კრისტოფერ კოპოლა ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ძალიან კეთილი თვალები აქვს და შანსი არ არის, რომ არ მოგეწონოს, როგორც პიროვნება. რატომღაც ის გამახსენდა, რომ ბავშვობაში თურქი მომღერალი მუსტაფა სანდალი მომწონდა და ასე 12-13 წლისას ვოცნებობდი, რომ გავიზრდებოდი და შევხვდებოდი მას. გავიდა 15-16 წელი და იმ ვარსკვლავს მართლაც შევხვდი ინტერვიუს ჩასაწერად, მაგრამ ძალიან დიდი იმედგაცრუება განვიცადე. რეალში ის არც ისე სიმპატიური, უხეშკანიანი, შავი, პატარა ტანის უჟმური კაცი აღმოჩნდა :)) თანაც, ტიპი აშკარად კამერის წინ თამაშობდა და ყალბ როლებში შედიოდა. მასთან ერთად ფოტოს გადაღების სურვილიც არ გამჩენია. თუმცა, მის სიმღერებს დღემდე ვუსმენ, მაგრამ აღარ ვაღმერთებ და ვიცი რომ, ერთი ჩვეულებრივი პატარა შავი კაცია.  

კრისტოფერ კოპოლა კი, სულ სხვა ფენომენია. ძალიან სიმპატიური, საყვარელი და უშუალო. 

მისი თქმით, ნამდვილი ვარსკვლავები უფრო შეგნებულები არიან, თავს ღმერთებად სულაც არ თვლიან და არც ვარსკვლავური დაავადება სჭირთ.