Tuesday, 28 July 2026

ულამაზესი ტორტი, ხელოვნება და მძიმე რეალობა

ტორტების დიზაინი ჩემთვის ყოველთვის ხელოვნებასთან ასოცირდებოდა, ახლაც ასეა, თუმცა მას შემდეგ რაც ტორტების საწარმოს მკაცრ რეალობაში შევიხედე, მინდა იმ საწარმოში მომუშავე ყველა კონდიტერს ხელები გადავუკოცნო, იმიტომ, რომ დილიდან საღამომდე ფეხზე მდგომები მუშაობენ, საწარმოს აპარატების გამაყრუებელ ხმაურში, რომელსაც მუსიკის ხმაც ვერ ახშობს.

ტელეფონების გამოყენების უფლებაც არ აქვთ.


არა, ვერ გაიკეთეებ ყურსასმენს და ისე ვერ იმუშავებ. ვერსად ვერ ვნახე სკამი, ბისკვიტების ნაკადი კი არ წყდება. დღეში ასობით ბისკვიტი მზადდება და ხელოვანი რომ მეგონა, ის შემომლესავ-დეკორატორები გაუჩერებლად ლესავენ ბისკვიტებს, რომლებსაც ხშირად ინტრიგანი მომხმარებლები იწუნებენ და უკან აბრუნებენ.


ის, რაც ერთი შეხედვით ზღაპრული ხელოვნება მეგონა, უცებ გარდაიქმნა გაუჩერებელ, მძიმე კონვეიერად.


ფეხზე დგომა და ასობით ბისკვიტი ჯანდაბას, მაგრამ აპარატების ხმაური ტვინისთვის დამანგრეველია. მგონი ის აპარატები და თანამშრომლები ერთ სივრცეში არ უნდა იყვნენ.

სანამ ჩვენ ჩვენს სამსახურებსა და სამუშაო პირობებს ვუჩივით და „თვითგამოხატვის“ გზებს ვეძებთ, არიან ქალები, რომლებიც ყოველდღე, დილიდან საღამომდე ამ მძიმე საწარმოებში ტოვებენ მთელ ენერგიას.

სახლში, სიწყნარეში მომზადებული ტორტი და საწარმო, სადაც დღეში 200-ზე მეტი დესერტი იქმნება — სრულიად სხვადასხვა სამყაროა. ამიტომ, ჩემი დიდი თხოვნაა: როცა შემდეგ ჯერზე მორიგ ლამაზ და გემრიელ ტორტს მიირთმევთ, გულში მადლობა გადაუხადეთ და დალოცეთ ის საოცარი ადამიანები, რომლებიც ამ სილამაზის მიღმა დგანან!




No comments:

Post a Comment